სტატიები

სურსათში გადაჭარბებული მავნე ცხიმების აღმოჩენის შემთხვევაში სანქციები მკაცრდება

ჯანმრთელობისათვის მავნებელი ნივთიერების შემცველი პროდუქტები ბაზარზე თავისუფლად იყიდებოდა. დღეიდან კი სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმის შესახებ დადგენილება ძალაში შევიდა. როგორც knews.ge–ს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაძემ განუცხადა, ახალი რეგულაციის მიხედვით, სურსათში ტრანსცხიმის შემცველობა 100 გრამ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, ხოლო ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი ტრანსცხიმს არ უნდა შეიცავდეს. 
„თუ ბიზნესოპერატორმა სურსათი აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა აღმოაჩინა, ის ვალდებულია, პროდუქცია ამოიღოს რეალიზაციიდან და გაანადგუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება 1000 ლარით.
ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის მიზნით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევისთვის 136 ნიმუშს აიღებს. ნიმუშების აღება დაიწყება 1 კვირაში. ეს რეგულაცია არ შეეხება აგვისტომდე გამოშვებულ პროდუქტს“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი მიქაძემ.
მისივე ინფორმაციით, სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის კვლევას ჩაატარებს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია LMA. ექსპერტები აღნიშნულ ცვლილებას დადებითად აფასებენ, თუმცა დადგენუილების ამოქმედების შემდეგ პროდუქტების ეფექტური მონიტორინგის აუცილებლობაზე მიუთითებენ. კვების ექსპერტი ეთერ სარჯველაძე განმარტავს, რომ უცნობი და მავნე ნივთიერებაა, რომელიც წარმოიქმნება საწარმოო პროცესში ცხიმების ნაწილობრივი გადამუშავების დროს და მას ორგანიზმი ვერ ითვისებს. ტრანსცხიმს ხშირად იყენებენ რძის შემცველ პროდუქტებში, მაგალითად, მარგარინში, სპრედში, ნაყინში, საკონდიტრო ნაწარმში, სწრაფი კვების პროდუქტებში და სხვა
„აუთვისებელი ცხიმოვანი პროდუქტები სისხლძარღვებში გროვდება. ის გაუმტარი ხდება. ჩვენი ორგანიზმი სისხლის მიმოქცევის შედეგად ფუნქციონირებს. სისხლს გადააქვს ჟანგბადი და ყველა ის ნივთიერება, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ და მიაწოდებს იმ ორგანოს, რომელსაც ეს სჭირდება. მთელ ამ პროცესს ანგრევს. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით სანქციები გამკაცრდა, თუმცა საჭიროა, რომ ეს რეგულაციები მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს, რაც ხშირად ხდება ხოლმე“, – აღნიშნავს ეთერ სარჯველაძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგულაციო სავაჭრო ობიექტების გარდა სწრაფი კვების ობიექტებსაც ეხებათ. თელავში სწრაფი კვების ობიექტების მფლობელები კი აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმირებულები არ არიან. 
„თქვენგან გავიგეთ, რომ სურსათში 2 გრამზე მეტი ტრანსცხიმი არ უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ სურსათის ეროვნული სააგენტო ჩვენთვის ერთ შეხვედრას გამართავს და მოგვაწდის ამ სიახლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რომ შემდეგ გაუგებრობა არ იყოს და ამ ნორმის დარღვევისთვის არ დავჯარიმდეთ“, – განუცხადეს Knews.ge–ს თელავში სწრაფი კვების ობიექტების მფლობელებმა. 
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ტრანსცხიმების დაშვებულ ნორმას სურსათში, თუმცა ცალკეულ ქვეყნებში უკვე განსაზღვრეს ტრანსცხიმების ზღვრული ნორმები სურსათში და მიიღეს შესაბამისი კანონები. ეს ქვეყნებია: დანია, ნორვეგია, ირლანდია, უნგრეთი, ავსტრია და შვეიცარია.
ევროპის ქვეყნებში ტრანსცხიმების რეგულირების შესახებ კანონის მიღებისა და ტრანსცხიმების უარყოფითი ზემოქმედებაზე მოსახლების ინფორმირებულობის შედეგად, მწარმოებლები იძულებული გახდნენ შეეცვალათ წარმოების ტექნოლოგია ისე, რომ საბოლოო პროდუქტში ტრანსცხიმების რაოდენობა არ ყოფილიყო დასაშვებ ნორმაზე მეტი.