ახალი ამბები

ცხოველთა სასაკლაოების ნაწილი შესაძლოა, დაიხუროს

სასაკლაოების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ აღნიშნული ბიზნესი ყოველწლიურად წამგებიანი ხდება. 
შპს მატადორის ხელმძღვანელი იოსებ კოხტაშვილის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში სასკლაოებზე მოთხოვნამ იკლო. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი საქონლის სასაკლაოების გვერდის ავლით დაკვლაა.
,,წლების წინ სასაკლაოში დღეში 50 სული საქონელი იკვლეობოდა, ეს რიცხვი ახლა თვიური ნორმაა. ქუჩაში და გზებზე მასობრივად გამოფენილი ხორცი შეუმოწმებელია. გარევაჭრობაში ასეა. სასაკლაოში ნაკლებად მოდიან, ამიტომაც მიჭირს მე ამ საქმის შენახვა და ექსპლუატაცია. კანონი იმის შესახებ, რომ სასაკლაოების გვერდის ავლით არ ხორცი არ უნდა იყიდებოდეს, არ სრულდება. ქუჩაში გაყიდვებს პოლიცია უნდა აკონტროლებდეს, სურსათის ეროვნული სააგენტო მხოლოდ სასაკლაოებს ამოწმებს და წესრიგს იცავს”, – განაცხადა კოხტაშვილმა.
მისივე განცხადებით, არსებულ პირობებში არსებობა და განვითარება შეუძლებელია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა არ გაზრდილა. გასულ წელს ქვეყანაში 86 ერთეული სასაკლაო ფუნქციონირებდა, 2015 წელს ეს ციფრი 87-ს შეადგენდა. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 86 სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 16,3% – კახეთშია განთავსებული:
,,2016 წლის განმავლობაში, სასაკლაოებში დაკლულია 311,3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 59,7% მსხვილფეხა, ხოლო 40,3% – წვრილფეხა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 9620,6 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ, 2016 წლის განმავლობაში 36487,6 ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 44,9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 37,1% – ფრინველის, 16,9% – ღორის, 1,1% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო სხვაზე პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოა და შეადგინა სულ რაღაც 0,02%”, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.