სტატიები

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ გაუქმდება

,,შევთანხმდით, რომ გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება რომ შერეული სისტემა რჩება, თუმცა, ყველა მომდევნო არჩევნები იქნება პროპორციული და ეს იქნება ქვეყნის მთავარ კანონში ჩაწერილი”, — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
2018 წელს უცვლელი რჩება პრეზიდენტის არჩევის წესიც. სახელმწიფოს მეთაური კვლავ საყოველთაო კენჭისყრით აირჩევა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად შეთანხმდნენ, რომ მინიმალური ზღვარი, რომელიც პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად ესაჭიროება, 5–დან 3%–მდე დაიწევს. 
„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ერთიანი შეთანხმებული პოზიციით გამოვა გუნდი საკონსტიტუციო განხილვებისას საპარლამენტო სესიებზე და მინდა დაგიდასტუროთ, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება. შიდა შეთანხმება მიღწეულია, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს პირდაპირი წესით და შემდგომში მოხდეს გადასვლა არაპირდაპირ არჩევნებზე. შეთანხმება მიღწეულია ასევე იმაზე, რომ დღეს არსებული სისტემა შეიცვალოს უფრო დემოკრატიული სისტემით. კერძოდ, შემდგომ არჩევნებზე, რომელიც შერეული სისტემით ჩატარდება, მხარს დავუჭერთ ბარიერის დაწევას. ამ არჩევნების შემდეგ აუცილებლად გადავალთ პროპორციულ სისტემაზე ბონუსების ისეთი მექანიზმით, რომელიც ვენეციის კომისიასთან შევათანხმეთ”,– განაცხადა თალაკვაძემ.
მესამე სექტორი სისტემის გაუმჯობესებისა და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის ხელისუფლე¬ბას რეკომენდაციით მიმართავს, გაითვალისწინოს საარჩევნო სისტემაზე მომუშავე წამყვანი არასამთვრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანი ხედვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პრო-პორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს. კავშირ ,,საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია მიუთითებს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების მკვეთრად განსხვავებული რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ხმის წონის თანაბრობის პრინციპს.
,,ძირითადად, რეგიონებიდან ერთი და იგივე ადამინები არიან მაჟორიტები, ზოგი მათგანი ოთხგზის მოწვევის პარლამენტარია. ეს სისტემა არც დემოკრატიულია და არც წარმომადგენლობითი. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ მაჟორიტარებად ძალიან იშვიათად წარადგენენ ქალებს. ჩვენ არ გვეყოლება ქალი მაჟორიტარი დეპუტატი, სანამ პარტიები არ დაასახელებენ მათ კანდიდატურებს. ეს მაჟრიტარული სისტემა ქალებისთვის არის ჩაკეტილი წრე და არადემოკრატიული. ქალ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა,“– განუცხადა Knews.ge-ს ბაია პატარაიამ.
NDI-ის მიერ მაისში გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეა. კითხვაზე უნდა შევინარჩუნოთ თუ არა მაჟორიტარები საქართველოს პარლამენტში, 47% დადებითად პასუხობს, 28% აცხადებს, რომ „არა“, ხოლო 24%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 
„რა მნიშვნელობა აქვს მაჟორიტარი იქნება თუ არ იქნება, ჩვენ არავინ არ გვაქვცევს ყურადღებას. ჩვენ მხოლოდ არჩევნებისთვის ვახსენდებით. წინასაარჩევნო პერიოდში გვპირდებიან, რომ სოფელში ბევრი რამ გაკეთდება, მაგრამ არჩევნების შემდეგ არავის აღარ ვახსენდები. არ ვიცი წავალ თუ არა არჩევნერბზე, რადგან არ ვიცი, რა არჩევნები ტარდება. ჩვენ არ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია“, – განუცხადა knews.ge–ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოსი მცხოვრებმა ჰამბათ ჯამალოვმა. 
საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. პარლამენტის 77 დეპუტატს პროპორციული სისტემით ირჩევენ, 73 კანონმდებელს კი – მაჟორიტარული სისტემით.