კახური ჯიშის ღორების გადარჩენის პროექტი იწყება
ისინი knews.ge-სთან აღნიშნავენ, რომ კახური ჯიშის ღორის მომრავლება ფაქტობრივად, შეუძლებელია.
,,იშვიათია რომ კახური ჯიში ყავდეს ვინმეს მოშენებული, რადგან ეს ჯიში თითქმის აღარ არსებობს. მე, ბეკონის ჯიშის ღორები მყავს, ამერიკულია. სახორცე ჯიშია და მომგებიანი, კმაყოფილი ვარ, თუმცა კახური ჯიშის ღორი გემოვნური თვისებებით გამორჩევა”, – ამბობს სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები თემურ მარგალიტაშვილი.
კახური ჯიშის ღორების მოშენება დაიწყო სოფელ რუისპირში მცხოვრებმა მეწარმემ გიორგი ალადაშვილმაც.
,,ჩემი ბიომეურნეობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის გვაქვს ღორების ფერმა. დავიწყე კახური ჯიშის ღორები, რომლებიც გადაშენების პირას არიან, მათი ხორცი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ღორებს ჩვენივე მოყვანილი ქერით, სიმინდით და სხვა საკვებით ვზრდით, აქ მოსულ ტურისტს კი საშუალება აქვს, დააგემოვნოს ეკოლოგიურად სუფთა ხორცი”, – აღნიშნავს knews.ge-სთან ბიზნესმენი.
სოფელ ნუკრიანში კახური ჯიშის ღორის ხორცისაგან ორი სახეობის შაშხს ამზადებს გოგია ოტიაშვილი. მისი განცხადებით, ორივე სახის პროდუქცია ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთაა, რადგან დანამატებს არ შეიცავს. მცირე მეწარმემ, ,,ელკანას“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ქართული ჯიშის ჯაგარა ღორების მოშენება.
,,აქამდე ვყიდულობდით ღორის ხორცს და ისე ვამზადებდით შაშხს. ახლა ვცდილობთ, რომ ტრადიცული მეთოდებით ვაწარმოოთ ჩვენი პროდუქცია. ეს ხორცი უფრო გემრიელია და ბაზარზე კი მოთხოვნადი. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ პროდუქცია იყოს დამზადებული კახური ღორის ხორცისგან. ბოლო წლებია კახური ღორის ჯიშების გაქრობაზეა საბარი, ამიტომ დავიწყეთ მოშენებაც“, – აცხადებს knews.ge-სთან ოტიაშვილი.
ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში ხორცის იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ ღორის ხორცზე მოდის.
სოფლის მეურნეობის საკითხებში ექსპერტების შეფასებით, რაც მეღორეობის სანაშენო ფერმები აღარ არსებობს, გაუარესდა ჯიშობრივი მაჩვენებლები. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახორციელებს კახური ღორის გადარჩენის პროექტს, რომლის ფარგლებში მისი მოშენება და დაცვა იგეგმება.
„საპარტნიორო ფონდი განიხილავს საქართველოში კახური ჯიშის ღორების მომრავლებას, ფერმების მშენებლობას და მის განვითარებას რამდენიმე ეტაპად, ხოლო საბოლოოდ დაგეგმილია კახური ჯიშის ღორისგან ხამონისა და სხვადასხვა ხორცის პროდუქტის წარმოება და მისი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. მიმდინარეობს მოძიებული ჯიშების საკოლექციო-სადემონსტრაციო სანაშენე ფერმების ჩამოყალიბება. ადგილობრივ ფერმერებთან ერთად ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით ფერმების შექმნას კახეთში გეგმავს,“ – განმარტავს knews.ge-სთან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე.
ცენტრისვე ინფორმაციით, ბოლო წლებში ღორის აფრიკული ჭირის ეპიდემიამ გადაშენების პირზე მიიყვანა მომთაბარე კახური ღორი.
“ეს არის ფაქტობრივად, ერთადერთი ჯიში, რომელიც გამოიყენებს კავკასიონის ტყის დიდ მასივებს, სადაც უხვადაა – რკო, წიფლის წიწიბო, წაბლი, თხილი, პანტა, მაჟალო, ზღმარტლი, შინდი, მაყვალი, კუნელი და სხვა. აღნიშნული ტერიტორია (გადაჭიმული 250 კვადრატულ კილომეტრზე) საშუალებას იძლევა ყოველწლიურად გასუქდეს 100 000 ღორი, რომელიც მოგვცემს დაბალი თვითღირებულების და მაღალი საგემოვნო თვისებების მჭლე ხორცს. დღეს ეს რეზერვი თითქმის აუთვისებელია”, – განაცხადეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.
ექსპერტების თქმით, კახური ჯიშის ღორი კარგად იზრდება ტყეების ახლოს, პირობებს კარგად ეგუებიან, ნაყრდება და სიცივე ნაკლებად აშინებს.
,,კახური ჯიშის ღორების ზრდასრულის წონა 115-120 კგ-ს აღწევს და 6-7 გოჭი ჰყავს. ახლა ამ ჯიშის ღორის შეჯვარებაც მიდის საუბრები და ამბობენ, რომ წონა 180 კილოგრამამდეც გაეზრდება. ისინი ადვილად მრავლდებიან და შინაურ პირობებშიც იოლი გასაზრდელია”, – აცხადებენ ექსპერტები.