ახალი ამბები

ლაგოდეხის ბლუზვილიჯში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალი გაიხსნება

როგორც ლაგოდეხის გამგეობაში აცხადებენ, საფესტივალო პროგრამა მოიცავს როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ბლუზმენთა შესრულებით 17 ივნისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას გამართულ კონცერეტებსა და ჯემსეიშენს. თემატურად შეირჩა ფესტივალის სლოგანი: ბლუზი, ღვინო და ჩვენ.

,,პირველი კონცერტით წარდგება ჩიკაგოელი ბლუზ-დივა, ბოლო წლების მანძილზე Chikago Blues Festival-ის ჰედლაინერი, შერონ ლუისი. ფესტივალის დანიშნულებაა მსმენელისთვის ხარისხიანი მუსიკის მიწოდება და კახეთის რეგიონში ტურისტული პოტენციალის გაზრდა. ფესტივალი ტარდება ღია ცისქვეშ, გარემო კომფორტულად არის მოწყობილი ყველა სტანდარტის დაცვით. შემოსვლა იწყება 17:00-დან. ტერიტორიაზე მუშაობს ბარი, გაიყიდება ხელნაკეთი ნივთები და ფესტივალის ატრიბუტიკით დამშვენებული სუვენირები”, – განუცხადეს knews.ge-ს გამგეობაში.

ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ვიქტორ კერვალიშვილი, რომელმაც ბლუზის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩამოაყალიბა საქართველოს ბლუზმენთა ლოჟა. ვეტერანი ბლუზმენებისადმი პატივისცემის ნიშნად გახსნის ცერემონიალზე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდებიან ცნობილი ქართველი შემსრულებლები.