სტატიები

საკრებულოში ქალაქ თელავის მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა ორით გაიზრდება

 გიორგი ლილუაშვილის ინფორმაციით, ინიციატივა პარლამენტში უკვე შესუალია და მოსალოდნელ ცვლილებას საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. 
”ეს ცვლილება შეეხება იმ ქალაქებს, რომელთაც თვითმმართველობის სტატუსი უუქმდებათ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ქალაქზე გავრცელება. გრადაცია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა. დავუშვათ, 4 ათასიდან 10 ათასამდე ერთი მაჟორიტარის დამატება მოუწევთ, 10 ათასიდან 20 ათასამდე ორი მაჟორიტარის და ა.შ. ხუთ მაჟორიტარამდე გრძელდება. ანუ, დამატებითი ხუთი მაჟორიტარი ეყოლება ქალაქს, რომელსაც 35 ათასი, ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს. ეს თვითმმართველობის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ვერსია არასამთავროების მხრიდან მოწონებული იყო და მხარდაჭერა გვაქვს. ინიციატივის მიხედვით, ემატება დაახლოებით 78 მაჟორიტარი და თითოეულ მაჟორიტარს ისევე როგორც პროპორციული სიით გასულს ეძლევა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის 400 ლარი. 400 ლარი 78-ზე გადაამრავლეთ და ყოველთვიური ხარჯი ემატება საქართველოს მასშტაბით, რაც მიზერული თანხაა, თუმცა ის ეფექტი, რაც მიღწეული იქნება ქალაქების განვითარებისთვის, იქნება უფრო მეტი, ვიდრე 78-ჯერ 400 ლარი”, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.
მესამე სექტორში მიუთითებენ, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება დეცენტრალიზებული მმართველობის დასუსტებასთან ერთად ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების ეფექტურ ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და მოსალოდნელი ცვლილების მიუხედავად, თემისა და ქალაქის დეპუტატების რაოდენობა ვერ დაბალანსდება, რაც ცალსახად უარყოფითი ფაქტორია. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი მიიჩნევს, რომ მთავრობა ამ ინიციატივით ცდილობს 7 თვითმმართველი ქალაქის ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებას. 
„ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დაასაბუთოს 7 თვითმმართველი ქალაქის თემის მუნიციპალიტეტთან გაერთიანების მართებულობა. ხელისუფლებამ იცის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა და ამ ცვლილებით სურს ამომრჩევლის გულის მოგებას და ამავე დროს თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხის გადაფრავას“, – განუცხადა knews.ge-ს ზვიად დევდარიანმა. 
მოქალაქეების ნაწილი საკრებულოში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის გაზრდას სკეპტიკურად უყურებს. ქალაქ თელავში მცხოვრები ნოდარ ეჟიშვილი ფიქრობს, რომ მოსალოდნელი ცვლილებას თვითმმართველი ქალაქის გაუქმების პირობებში აზრი არ ექნება.
„ქალაქ თელავის საკრებულოში 15 დეპუტატია, გაერთიანების შემთხვევაში კი ეს რაოდენობა გაცილებით შემცირდება. არ აქვს მნიშვნელობა საკრებულოში ქალაქ თელავს 2-ით მეტი თუ ნაკლები წარმომადგენელი ეყოლება. ის დარტყმა, რომელსაც მიიღებს ადგილობრივი დემოკრატია თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით, ნამდვილად ვერ დაბალანსდება საკრებულოში ქალაქის, კონკრეტულად ქალაქ თელავის, დეპუტატების რაოდენობის გაზრდით“, – განუცხადა knews.ge-ს ნოდარ ეჟიშვილმა. 
პარლამენტი მსჯელობს მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც 2013 წელს გაყოფილი შვიდი თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებას და მათ ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ 15 მაისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაუგზავნა წერილი, რომლითაც წარმომადგენლობით ორგანოებს მოსთხოვა, ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. თოთხმეტივე საკრებულომ მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას.