სტატიები

ყურძნის სუბსიდირება შესაძლოა, 2018-2021 წლებში განხორციელდეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილის ყურძენზე სუბსიდირების შეწყვეტას პროდუქციაზე მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდას უკავშირებს და ამბობს, რომ ამ ფაქტორის გათვალისწინებით სახელმწიფოს სუბსიდირების პოლიტიკის გადახედვა მოუწია. 
“წელს ყურძნის სუბსიდირება არ გვექნება საფერავსა და თეთრ ყურძენზე. ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში დავიწყეთ გარკვეული ინსტრუმენტების შექმნა, რომ ბრენდის ინდუსტრიამ სპირტის გამოსაყოფი რქაწითელი დააფინანსოს”, – განაცხადა დავითაშვილმა.
სახელმწიფო ყურძენზე სუბსიდირების შეწყვეტას 2016 წელსაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ ამ პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
ყურძენზე სუბსიდირების აუცილებლობაზე საუბრობენ კახელი მევენახეები. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მევენახეობის დარგს დააზარალებს. 
გურჯაანელი მევენახე, ნოდარ ჯამასპიშვილი მიიჩნევს, რომ ყურძნის სუბსიდირება დარგის გაძლიერებისთვის აუცილებელია. ჯამასპაშვილი ამბობს, რომ სუბსიდიის გაუქმების შემთხვევაში მოსავალს ღვინის კომპანიებს აღარ ჩააბარებს, რადგან ქარხნები პროდუქციას დაბალ ფასად იბარებენ.
,,ჩემი აზრით, მთავრობის მხრიდან ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. მევენახეობა იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომ გარკვეული სახის დახმარება, რომელიც ისედაც ძალიან მცირე იყო, ეგეც გაუქმდეს. ვენახის მოსავლელად დიდ თანხებს ვხარჯავთ, ამისთვის ბანკიდან ფული გამოგვაქვს და სანაცვლოდ საცხოვრებელ სახლებს ვდებთ. სეზონურად ისედაც იაფია ყურძენი და სუბსიდირების გაცემის დროსაც წინა წლებში ვერ ვახერხებდით დახარჯული თანხის უკან ამოღებას. ახლა ეს მდგომარეობა უფრო დამძიმდება’’, – განუცხადა Knews.ge–ს ნოდარ ჯამასპიშვილმა.
ექსპერტები ვარაოდობენ, რომ სუბსიდირების გაუქმება მევენეხეობის განვითარებაზე დადებით გავლენას მოახდენს. სპეციალისტების აზრით, წლების განმავლობაში მევენახეები გააზარმაცა სუბსიდიის პროგრამამ, რამაც სოფლის მეურნეობის ამ დარგის განვითარება შეაფერხა.
,,სუბსიდირება აზარმაცებს მევენახეებს. ამ სახით არ უნდა გაიცემოდეს სუბსიდია. სახელმწიფომ უნდა შეცვალოს მიდგომა, რომ დარგი პოპულარულიც გახდეს და მომგებიანიც”, – განმარტავენ ექსპერტები.
სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2013 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარი გამოიყო. სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 45 თეთრით,1 კგ საფერავზე – 20 თეთრით, 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე კი 2 ლარით განისაზღვრა.