სტატიები

სოფელ აკურაში ვირის რძის წარმოებას გეგმავენ

„ყოველთვის ვოცოდი ადამიანის ჯანმრთელობისათვის ვირის რძის მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ ვერასოდეს წარმომედგინა, რომ ბიზნესს ამ მიმართულებით დავიწყებდი. გავიგეთ, რომ საქართველოში ვირების პირველი ფერმა თემურ ლომიძემ გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში გახსნა. ბიზნესი რომ წარმატებული ყოფილიყო, ჩვენ თემ,ურისთან წავედით. თავდაპირველად 16 ვირი ვიყიდეთ. შემდეგ 9 ვირი კიდევ მივამატეთ. ვირი საკმაოდ ძვირი და ამავე დროს ძნელად საშოვნელია”, – განუცხადა knews.ge-ს სოსო კირვალიძემ.
ფერმერი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან. კირვალიძის განმარტებით, ვირის რძის ფასს მას შემდეგ განსაზღვრავს, რაც ბაზარს გამოიკვლევს. 
“ჩვენ თავიდან პროდუქციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ამიტომ ფასსაც ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე განვსაზღვარვთ. ვირის რძის ექსპორტზე გატანას თავიდან არ ვფიქრობთ. ვირი ძალიან ცოტას იწველება. საქართველოში ვირს ძირითადად ტვირთის გადასაზიდად იყენებენ და ძალიან ცოტამ თუ იცის რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ პროდუქტს”, – აღნიშნავს კირვალიძე. 
ვირის რძის სამკურნალო თვისებების შესახებ საუბრობენ მეცნიერები. ნეაპოლის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, სახედრის რძე, რომელსაც ჯერ კიდევ ვიქტორიანულ ეპოქაში სვამდნენ, ნაკლებ ცხიმს და დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებს შეიცავს. მეცნიერების შეფასებით, ის, ამ მხრივ, ძროხის რძეს მნიშვნელოვნად აღემატება. 
“ვირის რძე ნატურალური საშუალებაა გულის დაავადებების პროფილაქტიკისათვის, რადგან შეიცავს ომეგა-3 და ომეგა-ბე ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ძალიან გვანან თევზის ქონს და ორგანიზმში ქოლესტირინის დონეს ამცირებენ. სახედრის რძე ძალიან უახლოვდება ადამიანის რძეს და მისი მიცემა იმ პატარა ბავშვებისთვისაც შეიძლება, რომელთაც სხვა სახის რძის პროდუქტებზე ალერგია აქვთ. ამას გარდა, ეს რძე დიდი რაოდენობით კალციუმის წყაროა, რომელიც აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისათვის. მას უკურეაქცია არ აქვს, მდიდარია ვიტამინებით – 300 სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ევროპაში ყველაზე ძვირად ღირებული ბავშვის საკვები სწორედ ვირის რძეზეა დამზადებული. ვირის რძე ებრძვის: ბრონქიალურ ასთმას, ხველას, ყივანახველას, ალერგიებს, დიაბეტს, კანის დაავადებებს, კიბოს, ტუბერკულოზს, წითელას, ეპილეფსიას და ციებ-ცხელებას, ამაღლებს მამაკაცის პოტენციას. ვირის რძე ძალიან ადვილად იყინება. მას, ასევე, კოსმეტიკაშიც იყენებენ. მასში ცხიმიანობა ნაკლებია და 0.5%-ს შეადგენს. ცნობილია, რომ კლეოპატრა, კოსმეტიკური პროცედურის ფარგლებში, ვირის რძის აბაზანებს იღებდა. ვირის რძე კარგი საშუალებაა ზედმეტი წონის მოსაშორებლადაც”, – აღნიშნავენ ნეაპოლის უნივერსიტეტის მკვლევარები.