სტატიები

ორდონიანი თვითმმართველობა – მესამე სექტორისა და ოპოზიციის შეთავაზება ხელისუფლებას

არასამთავრობო ორგანიზაციამ დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია გაეროს განვითარების პროექტის მხარდაჭერით მოამზადა და საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა. სტრატეგიის ავტორების განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში გათვალისწინებულია ორდონიანი თვითმმართველობის შექმნა, სადაც პირველ დონეს საქალაქო და სასოფლო თემები, ხოლო მეორე დონეს დღეს არსებული მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ. ამავე სტრატეგიით მოსალოდნელია მუნიციპალიტეტების სადროშოებად ჩამოყალიბება. 
ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ სტრატეგია სრულად ემთხვევა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დროს გახმოვანებულ ინიციატივებს, შესაბამისად, დოკუმენტში ასახული მიზნები და ამოცანები ხელისუფლების ხედვას წარმოადგენს. 
„ერთიან ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სასოფლო და საქალაქო დასახლებათა ქსელს ადრე რაიონს ეძახდნენ, ხოლო 2006 წლის შემდეგ – მუნიციპალიტეტს. ამ დასახლებებს მიენიჭება მეორე დონის ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი ვინაიდან ტერმინი „მუნიციპალიტეტი“ (municipality) ყველა ევროპულ ენაში ქალაქის ადმინისტრაციის სინონიმია, აუცილებელია უფრო ადეკვატური სახელდების გამოძებნა ხელისუფლების ამ დონისათვის. ვფიქრობთ, უპრიანია სამხედრო-ტერიტორიული დაყოფის ისტორიული ტერმინის – „სადროშოს“ გამოყენება, მაგალითად, თელავის სადროშო, თელავის მუნიციპალიტეტის ნაცვლად“, – აღნიშნულია დოკუმენტში. 
სტრატეგია სოფლებისა და ქალაქების კლასიფიცირებას, A, B და C კატეგორიებად დაყოფასა და ხოლო თბილისის რეგიონად გადაკეთდებასაც განსაზღვრავს. დოკუმენტის თანახმად, დასახლებათა კლასიფიცირება 2017-2021 წლებში მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით უნდა განისაზღვროს. 
„ზემოთ მოყვანილ დასახლებათა ტიპები პირველი დონის ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულები (LAU2) იქნება. მათზე მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს შესაბამისი კვლევითი ცენტრი (ობსერვატორია), რომლის ანგარიშიც ყოველ 5 წელიწადში გამოქვეყნდება. საჭიროებისას, დასახლებათა რეესტრი განახლდება (კრიტერიუმების დაკმაყოფილების კვალობაზე დასახლების ერთი კატეგორიიდან ან ტიპიდან მეორეში გადასვლა) 7 წელიწადში ერთხელ.
რაც შეეხება ერთიან ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სასოფლო და საქალაქო დასახლებათა ქსელს (მომავალ „სადროშოს“ და დღევანდელ მუნიციპალიტეტს), მას მეორე დონის ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი (LAU1) მიენიჭება. დასახლებათა ზემოთ მოყვანილი კლასიფიკაცია განისაზღვრება სპეციალური კანონით (ან თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისი თავით) „დასახლებებისა და ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ“, – ნათქვამია სტრატეგიაში.
სტრატეგიის ავტორები მიუთითებენ, რომ ორდონიანი თვითმმართველობის პირობებში ადგილობრივ თემს მიეცემა შესაძლებლობა, ეფექტიანი მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალური თვითმმართველობის განხორციელებაში; აგრეთვე, ადგილობრივი თემის საბჭოს მეშვეობით, უშუალოდ გადაწყვიტოს ტერიტორიის კეთილმოწყობის, მიწათსარგებლობის, ადგილობრივი რესურსების გამოყენების, სათემო განვითარების დაგეგმვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 
მათი ინფორმაციით, ანალოგიური სისტემაა ლატვიაში, მოლდოვაში, ესტონეთში, ბულგარეთში, ალბანეთსა და ხორვატიაში.
ხელისუფლებას ორდონიანი თვითმმართველობის შემოღებას სთავაზობს ოპოზიციაც. რესპუბლიკური პარტია პარლამენტს ურჩევს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და 2017 წლის არჩევნებზე მოქალაქეებმა ორდონიანი თვითმმართველობა აირჩიონ. ინიციატივა ადგილობრივი და სამხარეო თვითმმართველობების ჩამოყალიბებას გულისხმობს. რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განმარტებით, ორდონიანი თვითმმართველობა დეცენტრალიზაციის პრინციპის დაცვას უზრუნველყოფს.
„მეორე დონის თვითმმართველობებში არჩეული სამხარეო საბჭოები შექმნიან სამხარეო აღმასრულებელ კომპაქტურ სტრუქტურებს. „გუბერნატორები“ აღარ იქნებიან. აილაგმება სუსის ჩარევა თვითმმართველობებში“, – აღნიშნა კორძაძემ.
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ორდონიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას არ ეთანხმება. ზვიად დევდარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში ამ მოდელის ჩამოყალიბება გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი წარმოუდგენელია და ამავე დროს ადგილობრივი თვითმმართველობის ეს სისტემა მოითხოვს დიდი რაოდენობის ფინანსურ რესურსს. 
„როდესაც ხელისუფლება აუქმებს თვითმმართველ ქალაქებს, ამ პირობებში, და, ზოგადად, გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი ქვეყანაში არ არის მზად, შეიქმნას ორდონიანი თვითმმართველობა. ამავე დროს ამ მოდელის ჩამოყალიბება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელია. ორდონიანი თვითმმართველობის ნაცვლად, ჯობს უფრო მეტი თვითმმართველი ერთეული შეიქმნას, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ დეცენტრალიზებულ მმართველობას“, – განუცხადა Knews.ge-ს დევდარიანმა. 
მმართველი გუნდი ორდონიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას 2013 წელს აანონსებდა. შესაბამისი კანონპროექტიც არსებობდა, თუმცა ამ საკითხის განხილვამ გაურკვეველი ვადით გადაიწია. 
„ამ ეტაპზე ორდონიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას ხელისუფლება არ განიხილავს. სოფლებისა და ქალაქების სამ კატეგორიად დაყოფა და მათი კლასიფიცირება მოკლევადიან პერსპექტივაში გამორიცხულია. ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმაზე სხვა მიმართულებით მუშაობს“, – განუცხადეს knews.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.