თელავის საკრებულოს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი, რუსულ კანონს უპირისპირდება
თელავის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი, რუსულ კანონს უპირისპირდება.
მან განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა და მთავრობას მოუწოდა ,,რუსული კანონი” უკან გაიწვიოს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას არ შეუქმნას საფრთხე.
,,მე მინდა ერთი პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რომელიც უკავშირდება ე.წ. გამჭვირვალობის კანონს. მე როგორც იურისტი, როგორც ორი შვილის მამა, როგორც თელავის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი და როგორც თქვენი შვილების დამცველი, ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას.
თეთრი სახლი, ევროკავშირი მოგვიწოდებს რომ არ მივიღოთ ეს კანონი, ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, გვეუბნებიან, რომ დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს რაც ევროპას უკავშირდება. ამიტომ მე ცალსახად ვემიჯნები ამას და უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაითხოვოს უკან. თქვენს წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია ,,ქართულ ოცნებას”, ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას” და თანამდებობას. გთხოვთ ნუ დაარღვევთ საქართველოს კონსტიტუციას, ნუ წახვალთ კონსტიტუციის წინააღმდეგ და ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას. კიდევ არის შანსი და გთხოვთ ეს კანონი უკან გაიწვიოთ”,- განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ლევან ბერძენაშვილმა.