სტატიები

ახმეტაში ქინძის თესლებისგან ეთერზეთების წარმოებას შემოდგომაზე დაიწყებენ

ნედლეულს კი ადგილობრივი ფერმერებისგან შეიძენენ. ნაცვლიშვილმა ეთერზეთების დამზადება 20 წლის წინ დაიწყო. მას ეთერზეთების საწარმო რუსეთში აქვს გახსნილი. 
 „ეთერზეთებს 20 წელია რაც რუსეთში ვაწარმოებ. ეს ჩემი ტრადიციული ბიზნესია. ახმეტაში ეთერზეთების დამზადებას ქინძის მარცვლებისგან 2017 წლის სექტემბერში დავიწყებთ. ნედლეულს ფერმერებისგან ჩავიბარებთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწარმოს მშენებლობა, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება. საწარმოს მშენებლობისთვის პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობება გადმოგვეცა. საწარმოში დაახლოებით 60 ადამიანი დასაქმდება“, – განუცხადა knews.ge–ს ზურაბ ნაცვლიშვილმა. 
კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პროდუქციის რეალიზაცია ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. საწარმო პროდუქციის გატანას საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთში, ავსტრიასა და შვეიცარიაში გეგმავს. მისივე ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 6 ტონა ეთერზეთს აწარმოებენ. 
„პროდუქტის 100%–ს ექსპორტზე გავიტანთ. ჩვენ ეთერზეთებს მივაწვდით ევროკავშირის ქვეყნებში მდებარე საწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა ეთერზეთთან დამუშავების შემდეგ პროდუქციას კოსმეტიკურ, ფარმაცევტულ კომპანიებს გადასცემენ. ამის შემდეგ კომპანიები საბოლოო საცალო პროდუქტს გამოუშვებენ სუნამოს, კოსმეტიკის, საყოფაცხოვრებო ქიმიის სახით. ევროპის ბაზრის მოთხოვნებზე მაქვს დეტალური ინფორმაცია. საწარმო აღიჭურვება ევროპული სტანდარტებით, რათა ჩვენ დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის ბაზრის სტანდარტები“, – აღნიშნავს ზურაბ ნაცვლიშვილი. 
კომპანია ამავე დროს აპირებს ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების პროდუქტების წარმოებასაც, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ პროდუქციის ფასი სხვა კომპანიების ნაწარმთან შედარებით დაბალი, ხარისხი კი მაღალი იქნება. 
„ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების საწარმოებლად ნარჩენებს გამოვიყენებთ. ყოველწლიურად 1 000 ტონა საკვების წარმოებას ვგეგმავთ. პროდუქცია გათვლილი იქნება ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი საწარმოს საკვები პროდუქტების ფასიქ იქნება დაბალი. გარდა ამისა, ნარჩენებისგან დამზადებული საკვები პროდუქტი ძროხების წველადობას 18–20%–ით აუმჯობესებს. არ არის გამორიცხული, რომ ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვებიც ექსპორტზე გავიტანოთ“, – ამბობს ნაცვლიშვილი. 
კომპანია „აგრო არომა ჯგუფი“ სამომავლოდ ვარდის, ლავანდისა და ბაზილიკის ეთერზეთის წარმოებასაც გეგმავს.