სტატიები

რატი როსტომაშვილი ახმეტაში შვეიცარიული ჯიშის ძროხებს ამრავლებს

ფერმერს ამ ეტაპზე ჰყავს უცხოური ჯიშის 40–მდე ძროხა, რომელიც, მისი ინფორმაციით, ქართული ჯიშებისგან მერძეულობით განსხვავდება.
რატი როსტომაშვილის ფერმაში დღიურად იღებენ 250 ლიტრ რძეზე მეტს, რომელიც შემდეგ მუშავდება. 
,,ეს ბიზნესი რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. ავაშენეთ ფერმა, ჩამოვიყვანეთ შვეიცარული ჯიშის ძროხები და გავხსენით საწარმო, სადაც ყველს შვეიცარული ტექნოლოგიით ვაწარმოებთ. უცხოური ჯიშის ძროხები იმიტომ ჩამოვიყვანეთ, რომ რძეს მეტს გვაძლევენ. ჩვენი პროდუქციის დასამზადებლად სხვა ფერმერებისაგან არ ვიღებთ ნედლეულს, რადგან გვეშინია, უხარისხო რძე არ შემოვიდეს, ხოლო ჩვენს ფერმაში ეს ყველაფერი მაქსიმალურად კონტროლდება’’, – განუცხადა Knews.ge-ს რატი როსტომაშვილმა.
ახალგაზრდა ფერმერს ქალაქ თელავში აქვს რძის გადამამუშავებელ საწარმო, სადაც ფერმაში მიღებული რძით 13–მდე სახეობის ყველს შვეიცარული ტექნოლოგიით ამზადებს. იგი ამბობს, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. 
რძის გადამამუშავებელი საწარმოს მთავარი ტექნოლოგი, გიორგი ყალამაშვილი აცხადებს, რომ პროდუქტის მომზადების გარდა, ქარხანაში მოწყობილია სპეციალური ადგილი, სადაც დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ყველის დაძველების პროცესი მიმდინარეობს. 
,,ვამზადებთ ე.წ მუჩლს, ვაიშქეზეს, ცხვრის, ძროხის და თხის რძის ნაზავისგან მიღებულ ყველს. პროდუქციას პრასის, სტაფილოს წვენის, ჩილის, ნივრის, და სხვა პროდუქტების არომატებს ვურევთ. ჩვენი წარმოებული პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, რადგან ის კომპონენტები, რომლებიც მასას ერევა, ეკოლოგიურად სუფთაა და სხვადასხვა ბრენდი კომპანიისგან ნაწარმოები ბიო პროდუქტებია’’,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ყალამაშვილმა. 
საწარმოში ამ ეტაპზე დღის განმავლობაში, საშუალოდ, 25 კილოგრამ ყველს ამზადებენ. ერთი კილოგრამი ყველის ღირებულება 28–დან 30 ლარამდე მერყეობს. 
,,დღიურად 230-დან 250 ლიტრამდე რძეს ვამუშავებთ. ჩვენ, ასევე, სხვა სახის ტექნოლოგიის ყველის წარმოებასაც ვაპირებთ. საცდელად ჩემი რეცეპტით მოვამზადეთ სხვა სახეობის ყველიც, რომელსაც სხვადასხვა ინგრედიენტთან ერთად საფერავის ღვინო შევურიეთ, შედეგი კარგი მივიღეთ, რადგან გემოთი სხვა პროდუქტს არ ჩამოუვარდება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ფერმა, საიდანაც მიღებული რძით ვამზადებთ პროდუქტს და ვიცით, რომ ის არის ეკოლოგიურად სუფთა, რადგან სწორად ვუვლით პირუტყვს,’’– აღნიშნავს ყალამაშვილი.