წელს აგროდაზღვევისთვის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარი განისაზღვრა
პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა.
მიუხედავად იმისა, რომ აგროდაზღვევის პროგრამაში მიმდინარე წლიდან თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70%–ით, ხოლო ვაზზე 50%–ით განისაზღვრა, ფერმერების ნაწილი მაინც არ აპირებს ამ პროგრამით სარგებლობას, რასაც ნაკლები ფინანსური სახსრებით ხსნიან.
,,აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობის მიღება გვიჭირს, გადასახადი მაღალია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მომყავს და მოგება ისეთი არ მაქვს, რომ ფული დაზღვევაში გადავიხადო. ამასთან ერთად, ბანკში კრედიტი მაქვს აღებული, სანამ არ დავფარავ, ძალიან რთულია აგროდაზღვევის თანხაც გადავიხადო. ჩემნაირ სიტუაციაში ბევრია და გაცილებით უარესშიც. მთელი ჯაჭვია პრობლემებისა მოსაგვარებელი სანამ აგროდაზღვევამდე მივალთ”, – ამბობს knews.ge-სთან მალხაზ ჭამიაშვილი.
ადგილობრივები აგროდაზღვევის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, პროგრამის დეტალებზე ინფორმირებულები არ არიან. ,,აგროდაზღვევის დეტალები სად გავარკვიოთ, ჩვენთან არავინ მოდის და არ გვაცნობს ინფორმაციას. ტელევიზორიდან რასაც ვიგებთ, ეგ არის მხოლოდ. ყველას არ აქვს ინტერნეტი, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს. გაზაფხულზე სეტყვა მოსავალს გვინადგურებს, ხელსაყრელი პირობები რომ იყოს, დავაზღვევდით მოსავალს, ისედაც ვალები გაქვს, ცალკე ბანკების, ცალკე მაღაზიების და აგროქიმიკატების”, – აღნიანავს გურჯანში მცხოვრები ვახო მამისაშვილი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეეძლება. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ აგროდაზღვევა სავალდებულო არ არის.
,,პროგრამაში გარკვეული ცვლილებებია. დაფარვის მასშტაბი გაიზრდება. ჩვენი მიზანია, პროგრამა იყოს უფრო მეტად საყოველთაო. იგეგმება მთელი რიგი არსობრივი საკითხების დახვეწა, დაზუსტდება ტარიფები. წლიდან წლამდე სადაზღვევო კომპანიებს უგროვდებათ გამოცდილება, სადაზღვევო პირობები მუშავდება, აგროდაზღვევის ტარიფები გარკვეულწილად გაიაფდა”, – განუცხადა knews.ge-ს ლევან დავითაშვილმა.
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰექტარი (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰექტრისა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
,,ბენეფიციარს, რომელიც ფლობს 30 ჰექტარს ან 100 ჰექტარს, შეუძლია 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღოს სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება. გასული წლისგან განსხვავებით, წელს შემცირდა მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადით განისაზღვრა. აგროდაზღვევის ახალი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სადაზღვევო კომპანიების შემფასებელი ექსპერტების გადამზადებაც”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის” მენეჯერი ლევან მაღრაძემ.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014-16 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 47 485 პოლისი; დაზღვეული ფართობი შეადგენს 39 138 ჰა-ს; ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 22 051 912 ლარის სუბსიდია გასცა; 2 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა კი 19 მლნ ლარი შეადგინა.