სტატიები

ჩუმლაყში წარმოებული ხილფაფა ევროპის ბაზარზე გაიყიდება

სამშენებლო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. კომპანია ივნისის თვეში ხილფაფის წარმოების დაწყებას და მის უცხოურ ბაზარზე გატანას გეგმავს.
შპს „ქართული ხილის კომპანიას“ სამაცივრე მეურნეობა სოფელ ჩუმლაყში აქვს. როგორც კომპანიის დირექტორმა, გიორგი ახალაძემ knews.ge-ს განუცხადა, ისინი ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციას 2013 წლიდან ახორციელებნ, თუმცა დღემდე ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე მუშაობდნენ. 
ახალაძის ინფორმაციით, საწარმოს მშენებლობაში 5 მილიონი ლარია ჩადებული. ხილფაფის წარმოებას კი უახლოეს მომავალში დაიწყებენ.
,,პროდუქცია კენკროვანი ხილისგან დამზადდება და უმაღლესი ხარისხის იქნება. რაც შეეხება რეალიზაციას, გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან, რუსეთისგან არის სერიოზული დაინტერესება, თუმცა ხარისხობრივად გვინდა დავამზადოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ევროპის ბაზრისთვისაც იქნება მისაღები”,– განუცხადა knews.ge-ს გიორგი ახალაძემ.
კომპანია პროდუქციის გაყიდვას ძირითადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე გეგმავს, თუმცა ჩუმლაყში წარმოებული ხილფაფა შესაძლოა მცირე რაოდენობით ქართულ ბაზარზეც გამოჩნდეს.
,,პროდუქცია ბაზარზე მიმდინარე წლის ზაფხულში გამოჩნდება და, ძირითადად, საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება. ჩვენი კომპანია წლებია ექსპორტზე მუშაობს, შესაბამისად, ხილფაფაც უცხოეთში გავა. მცირე რაოდენობით პროდუქტს ქართულ ბაზარსაც მივაწვდით. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებსაც შესაძლოა შევთავაზოთ ხილფაფა, რომელიც შეიძლება ბავშვის საკვებისთვის იყოს გამოყენებული’’– აღნიშნავს ახალაძე.
მეწარმე ირწმუნება, რომ პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი იქნება, რადგან საწარმო აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით. გარდა ამისა, კომპანია გეგმავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც საწარმოს ტექნოლოგებისთვის სპეცილაურ სასწავლო კურსებს ჩაატარებენ. 
”უახლესი მანქანა–დანადგარი იტალიიდან ჩამოვიდა. ჩვენს თანამშრომლებს დაეხმარებიან უცხოელი ტექნოლოგები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში დარჩებიან და მათ გადაამზადებენ”,– აცხადებს ახალაძე. 
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს „ქართული ხილის კომპანია“ სოფელში დაახლოებით მილიონ 300 ათასი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.
,,კომპანია ხილს ადგილობრივებისგან ჩაიბარებს. პირველ ეტაპზე წარმოებაში დაგეგმილია 20-ამდე ადგილობრივი კადრის დასაქმება, წარმოების გაზრდის პარალელურად კი მათი რაოდენობაც გაიზრდება.’’
კომპანია სეზონზე დაახლოებით 5 ათასი ტონა ხილის გადამუშავებას გეგმავს.