დაბინძურებული წყალი კახეთში – რეგიონი წყლისმიერი ეპიდემიის წინაშეა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანისა და ფშაველის მოსახლეობა წყლისაგან გამოწვეული ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე საუბრობს. ადგილობრივები იძულებულები არიან წყალი სასმელად გამოიყენონ, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვთ.
“ეს წყალი ჩაედინება მილებში და ამას ვსვამთ სოფლის მოსახლეობა. ნახევარზე მეტი დაავადებულია ამ წყლით”, – ამბობს სოფელ ართანის მცხოვრები ციალა კირიაკოვი.
“როდესაც თელავში რამდენჯერმე გაასინჯეს ეს წყალი, ერთხელ უთქვამთ კიდეც, ართანელი ხალხი კიდევ ცოცხალიაო?”, – აღნიშნავს სოფელ ართანის მცხოვრები ზოია ვარდოშვილი.
“ისეთი მღვრიე წყალი მოდის, რომ ვერ ვსვამთ. იძულებული ვარ წყალი გადავადუღო და ისე დავლი, მაგრამ აი ბრონხები ავად გამიხდა. როდესაც ამ წყალს არ ვსვამ, მაშინ კარგად ვარ, როცა ვსვამ ,მაშინვე ცუდად ვხდები”, – აცხადებს სოფელ ფშაველის მცხოვრები ნორა წიქარაძე.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ართანასა და ფშაველში წყლის მიკრობილოგიურ დაბინძურებას ადასტურებენ და განმარტავენ, რომ სოფლებში აღებული წყლის სინჯები არ შეესაბამება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს. ართანისა და ფშაველის გარდა, უწყებამ 2015-2-17 წლებში წყლის დაბინძურება კახეთის სამოცამდე სოფელში დააფიქსირა. სააგენტომ ადგილობრივ ხელისუფლებას გასატარებელი სავალდებულო ღონისძიებების შესახებ უკვე აცნობა. თვითმმართველმა ერთეულებმა სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით წყალსადენები უნდა უზრუნველყონ საკმარისი რაოდენობის სადეზინფექციო საშუალებებით.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებაში კი ამბობენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დიდ ნაწილს ვერ ასრულებენ და მიზეზად საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობას ასახელებენ.
“ყველა სოფელში მეტნაკლებად არის წყლის დაბინძურება, რადგან სოფლებში არ გვაქვს საფილტრი ნაგებობა, სალექი ნაგებობები, საქლორატოროები, მაგრამ როდესაც არის მითითება, რომ წყალი დაბინძურებულია და საჭიროა ერთჯერადი აქციის ჩატარება, ჩვენ ნალექისაგან ვწმენდთ რეზერვუარს და ერთჯერადად ვქლორავთ. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების უმრავლესობას ვერ ვასრულებთ. ერთჯერადი დეზინფექცია და გარეცხვა არ შველის”, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა.
დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კახეთში სასმელი წყლის დაბინძურებით სამი ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. 2015 წელს რეგიონში წყლით სამასამდე მოქალაქე მოიწამლა. სპეციალისტების განმარტებით, წყლის დაბინძურების მიზეზი შესაძლოა მისი გრაფიკით მიწოდებაც გახდეს.
“2015 წელს ყველაზე დიდი ეპიდაფეთქება იყო ყვარელში. ნოროვირული ინფექცია დაფიქსირდა. 203 ადამიანი დაავადდა. აქედან ძირითადად ბავშვები იყვნენ. ეს იყო წყლისაგან გამოწვეული. რაც შეეხება წყლის დაბინძურების მიზეზებს. ერთ-ერთი მიზეზია წყლის წყვეტილი მიწოდება და ასევე დაზიანებული კანალიზაციი სისიტემა. როდესაც დაზიანებული კანალიზაციის მილები ცარიელდება, იქმნება უარყოფითი წნევა და გრუნტიდან მიდის დაბინძურებული სითხე
მიკრობიოლოგიურად დაბინძურების გარდა, რეგიონში აზბესტის მილების შეცვლის პრობლემაც ფიქსირდება. ფშაველში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალი მომწამვლელი ნივთიერება აზბესტის მილებით მიეწოდება, რომელიც ძირითადად სასუნთქი ორგანოების სიმსივნეებს იწვევს. ართანის წყლის სათავე-ნაგებობა მომწამვლელი ნივთიერება აზბესტის შემცველობისაა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, სოფელ ფშაველში აზბესტის მილების შეცვლა უკვე დაიწყო, ხოლო ართანის სათავე ნაგებობის შეცვლა ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.
კახეთში სოფლებში წყლის სისიტემის მოწყობაზე 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა არც ერთ სოფელში გამწმენდი ნაგებობა არ არის, რის გამოც წყლის დაბინძურება მუდმივ პრობლემად რჩება. მუნიციპალიტეტებში გამწმენდი ნაგებობების მოწყობა ჯერჯერობით არ არის გათვალისწინებული.