დიმიტრი ხუნდაძე – საქართველოს მიწა ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს
„კონსტიტუციაში არ უნდა ფიგურირებდეს „ან“, „მაგრამ“, „მხოლოდ“. სანამ ჩვენ საქართველოს მიწის დასაცავად გადაწყვეტილებას მივიღებთ, შესაძლოა, დასაცავი მნიშვნელოვნად შემცირდეს. გრძელვადიანი იჯარა საბოლოოდ გამორიცხავს სხვადახვა მითქმა-მოთქმას და შავ ხვრელებს, რომელიც შესაძლოა, პრივატიზებას მოჰყვეს. ამავე დროს შემცირდება არასერიოზული და შეფარული მიზნების მქონე ინვესტორების რაოდენობა. რაც შეეხება ორგანულ კანონს, მისი მიღება უნდა დაჩქარეს, თორემ სანამ ჩვენ საქართველოს მიწის დასაცავად გადაწყვეტილებას მივიღებთ, შესაძლოა, დასაცავი მნიშვნელოვნად შემცირდეს, ამის საფრთხე საკითხის გააქტიურების შემდეგ ყოველდღიურად იზრდება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებთა პაკეტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვებსა და პირობებს აწესებს.
,,უცხოელი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს, თუ მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობით, ან აღნიშნული მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების, ან საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი, ან გააჩნია მუდმივი ცხოვრების და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა”, – წერია კანონპროექტში.
პარლამენტში ინიცირებული პროექტით, ასევე, წესრიგდება უცხოელი ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საკუთრების უფლების საკითხი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით.
პროექტი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების განკარგვის წესს იმ შემთხვევებშიც, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. საკანონმდებლო პაკეტი ხუთი კანონპროექტისგან შედგება და ის საპარლამენტო უმრავლესობის 22 დეპუტატის მიერ არის ინიცირებული.