სტატიები

გავა თუ არა ქართული ნუში ევროპის ბაზარზე?

პროდუქციის გასაღების ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარია გერმანია, რომელიც ნუშს არ აწარმოებს და მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ევროპაში ნუშის ძირითადი იმპორტიორები ამერიკა და ესპანეთი არიან, თუმცა ბოლო პერიოდში მათ პროდუქციის გაყიდვა შეამცირეს. ექსპერტები მიუთითებენ, რომ ეს ფაქტორი განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, პროდუქციის ექსპორტის რეალურ შესაძლებლობას აძლევს. საქართველოში ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყეს ნუშის ბაღების გაშენება. 
ირაკლი არჯევანიძეს ნუშის ბაღი ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ერთ ჰექტარზე აქვს გაშენებული. ფერმერი ნუშს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, საბოლოო მიზანი კი ნუშის ევროპაში გატანაა, თუმცა ინფორმირებული არ არის ევროკავშირის ბაზრის სტანდარტების შესახებ. 
„ნუშის მოყვანა ძალიან იაფი ჯდება და მთელი წლის განმავლობაში თავისუფლად შეიძლება მისი შენახვა. ის ყინვას უძლებს და მოსავლიანობითაც გამოირ ჩვენი ბუნებრივი პირობებისთვის კარგია, გვალვაგამძლეა, კარგი მოსავლიანობითაც გამოირჩევა. ამჟამად ნუშს ძირითადად ადგილზე ვყიდი, მარამ მინდა, რომ მომავალში ევროპაში გავიტანო. ვიცი, რომ გერმანიაში ყველაზე მეტად ითხოვს ნუშს. კარგი იქნება რომ ფერმერებს ჩაგვიტრადეს ტრენინგები რა სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ, რათა ჩვენი პროდუქცია გავიდეს ევროკავშირში“, – განუცახდა Knews.ge-ს ირაკლი არჯევანიძემ. 
ნუშის ბაღი 4 ჰექტარზე აქვს გაშენებული დედოფლისწყაროში მცხოვრებ ჯემალ კილაძეს. ფერმერი ამბობს, რომ ნიმუშები ერთ–ერთ გერმანულ კომპანიაში გააგზავნა, თუმცა ისინი ყოველწლიურად სულ მცირე 20 ტონის მიწოდებას ითხოვენ. კილაძე პროდუქციის ამ რაოდენობას ჯერჯერობით ვერ აწარმოებს, თუმცა მეურნეობის გაფართოებას გეგმავს და მისი საბოლოო მიზანი ნუშის ევროპის ბაზარზე გატანაა. 
„ნუშზე ყველაზე დიდი მოთხოვნა გერმანიაშია. ჩემს მეგობარს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, გავატანე ნიმუშები. ყოველწლიურად 20 ტონა ნუში უნდათ. ჩვენ წელიწადში ათამდე ტონას ვაწარმოებთ და ჯერჯერობით ამ რაოდენობას ვერ გავიტანთ, მაგრამ 3 ჰექტარზე კიდევ ვაპირებ გაშენებას და ალბათ დადგება დრო, როცა ნუშს გერმანიაში გავიტან. სახელმწიფო მეურნეობის განვითარებაში გვეხმარება, მაგრამ აუცილებელია, რომ დეგვეხმაროს, როგორ გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი ევროპაში”,-აღნიშნა knews.ge–თან საუბრისას კილაძემ.
ნუშის კულტურისთვის აღიარებულია პროდუქტების საერთაშორისო და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის სტანდარტები (UNECE). ნაჭუჭიანი ნუშისთვის UNECE სტანდარტი ძირითადად ეხება ტკბილ ნუშს. 
ნუშის ნაჭუჭი უნდა იყოს ჯანმრთელი, ზედაპირული დაზიანება მისაღებია, თუ გული დაცულია; ლაქებისა და საღებავებისგან თავისუფალი, ფერის ცვლილება არ უნდა აღენიშნებოდეს ნაჭუჭის ზედაპირის 25%-ს; ტენიანობა არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი ნაყოფის 11%, ხოლო გულის 7%-ს.
,,ნუშის გულის შემთხვევაში UNECE სტანდარტები ასევე მხოლოდ ტკბილ ნუშზე ვრცელდება. ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ნუშის გული უნდა იყოს საკმარისად გამომშრალი, არ უნდა იყოს დაჭიანებული, დაზიანებული. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ გულს არ ჰოქნდეს ობი, არ იყოს მძაღე და ამავე დროს უნდა გაუძლოს ტრანპორტირებას“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 
ევროპის ქვეყნებში პროდუქტის ექსპორტზე გასატანად ერთ–ერთი აუცილებელია მოთხოვნაა მარკირება. ევროკავშირის ბაზარზე არსებული რეგულაციების მიხედვით, მარკირება არ უნდა შეიცავდეს ტოქსიკურ მელანს ან წებოს. ინტერნეტ გამოცემა eugeorgia.info-ს მკვლევარის, ზურაბ მოდებაძის ინფორმაციით, პროდუქტის მარკირებისას მწარმოებელმა უნდა მიუთითოს პროდუქტის სახელწოდება, ინგრედიენტების სია, ვარგისიანობის ვადა, შენახვის და გამოყენების ინსტრუქციები, მწარმოებლის ან ევროკავშირში საცალო მოვაჭრის სახელი და მისამართი, წარმოშობის ადგილი და სერიის ნომერი. ევროკავშირის კანონმდებლობით ერთ–ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ალერგენების შესახებ მარკირება. 
eugeorgia.info-ს ანალიტიკოსი, მანანა ვარდიაშვილი განმარტებით, ევროპის ბაზარზე ნუშის ექსპორტირებისათვის აუცილებელია პირობაა მისი GLOBAL GAP-ის სტანდარტით მოყვანა. “გლობალ გეპი” სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტია, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და აკვაპროდუქტის წარმოების სრულ ციკლს, რაც გულისხმობს ადგილის შერჩევას, ნიადაგის დამუშავებას, პროდუქტის დამზადებას, დაფასოებასა და შეფუთვას. 
„თუ მეურნეობა GLOBAL GAP-ის სტანდარტებს აკმაყოფილებს, ეს ევროპელი მომხმარებლისთვის ნიშნავს იმას, რომ კვების პროდუქტების წარმოება მართლზომიერად ხდება, საზიანო ეკოლოგიური გავლენა და ქიმიკატების გამოყენება კი მინიმუმამდეა დაყვანილი. იმ შემთხვევაში, თუ სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქცია სურსათის უვნებლობის პარამეტრებს შეესაბამება, მათი ევროკავშირის ბაზარზე დაშვება GLOBAL GAP-ის გარეშეც შეიძლება, მაგრამ ამისთვის ექსპორტიორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სურსათში პესტიციდების და სასუქების ნარჩენების რაოდენობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ზღვრულ ოდენობას არ აღემატებოდეს. პესტიციდებზე, სასუქების ნარჩენებსა და მძიმე მეტალებზე ხილის შემოწმებას და ლაბორატორიულ დასკვნას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ითხოვს, რადგან, ევროკავშირის წესები და რეგულაციები საერთოა ყველასთვის. საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული დასკვნას აკრედიტირებული ლაბორატორია გასცემს. საქართველოში პესტიციდების ნარჩენებზე და მძიმე მეტალებზე დასკვნა ლაბორატორია „მულტიტესტის“ მიერ გაიცემა“, – აცხადებენ eugeorgia.info–თან საუბრისას სურსათის ეროვნულ სააგენტოში.