საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება აღარ განხორციელდება
ლევან დავითაშვილის უწყება საფერავის სუბსიდირების საჭიროებას ვეღარ ხედავს. მევენახეები მთავრობის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ.
გურჯაანელი მევენახე, ნოდარ ჯამასპიშვილი მიიჩნევს, რომ ყურძნის სუბსიდირება მევენახეობის დარგის გაძლიერებისთვის აუცილებელია. ჯამასპაშვილი ამბობს, რომ სუბსიდიის გაუქმების შემთხვევაში მოსავალს ღვინის კომპანიებს აღარ ჩააბარებს, რადგან ქარხნები პროდუქციას დაბალ ფასად იბარებენ. მისივე თქმით, თუ მთავრობა საფერვის ჯიშის ყურძენზე სუბსიდიას აღარ განახორციელებს, პროდუქციის წარმოებას მაქსიმალურად შეამცირებს.
,,ჩემი აზრით, მთავრობის მხრიდან ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. მევენახეობა იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომ გარკვეული სახის დახმარება, რომელიც ისედაც ძალიან მცირე იყო, ეგეც გაუქმდეს. ვენახის მოსავლელად დიდ თანხებს ვხარჯავთ, ამისთვის ბანკიდან ფული გამოგვაქვს და სანაცვლოდ საცხოვრებელ სახლებს ვდებთ. სეზონურად ისედაც იაფია ყურძენი და სუბსიდირების გაცემის დროსაც წინა წლებში ვერ ვახერხებდით დახარჯული თანხის უკან ამოღებას. ახლა ეს მდგომარეობა უფრო დამძიმდება. ბანკები ბინებს და ვენახებს წაგვართმევენ და ცუდ დღეში აღმოვჩნდებით’’, – განუცხადა Knews.ge–ს ნოდარ ჯამასპიშვილმა.
ნოდარ ჯამასპიშვილის მსგავსად ყურძენზე სუბსიდირების გაუქმებაში პრობლემას ხედავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები მევენახე თამაზ რუაძე. ის ვენახის მოვლისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 4000 ლარს ხარჯავს. მევენახე აცხადებს, რომ სუბსიდირების გაუქმების შემთხვევაში ფინანსურ სარგებელს ვერ ნახავს და იძულებული გახდება, მევენახეობის მიმართულებით საქმიანობა შეწყვიტოს.
,,რა გაუქმებაზეა ლაპარაკი როცა მევენახე ასეთ ცუდ დღეშია. ისედაც სეტყვამ გვაზარალა, ჩემი ვენახის ნახევარი გაანადგურა და ახლა ეს დახმარებაც უნდა მოხსნან? ძალიან ცუდი იქნება ჩვენთვის. სუბსიდირება, რომელიც მართლა დაცინვა იყო ჩვენთვის, მაინც რაღაცაში გვეხმარებოდა და იმედი იყო. გაუქმება კი მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს’’,– განაცხადა თამაზ რუაძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი კი საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირების განხორციელების საჭიროებას ვეღარ ხედავს. ლევან დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ სუბსიდირება რქაწითელის ჯიშის ყურძენზეც აღარ განხორციელდეს.
,,უკვე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება არ განხორციელდეს, ხოლო მთავრობაში სხვა ჯიშის ყურძენთან დაკავშირებით სუბსიდირების საკითხებზე შეჯერებული პოზიცია არ არსებობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში შეიქმნა გარკვეული ინსტრუმენტები, რომ ბრენდის ინდუსტრიამ სპირტის გამოსაყოფი რქაწითელი დააფინანსოს. ეს არის დღეის გეგმა. რთველის დროს გვექნება კომუნიკაცია. ეს არის მთავრობაში შეჯერებული სცენარი, მაგრამ მოლოდინები გვაქვს, რომ საფერავსა და რქაწითელზე არ გვექნება სუბსიდირება”, – განაცხადა დავითაშვილმა.
ექსპერტები მთავრობას სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებით სთავაზობენ სუბსიდიის გაცემის კიდევ უფრო განსხვავებულ წესს, რომლის შედეგადაც მატერიალურ სარგებელს მევენახესთან ერთად სახელმწიფოც ნახავს. დარგის სპეციალისტების განმარტებით, წარმოებული პროდუქციიდან სახელმწიფო სუბსიდიისა და მოგების გადასახადის სახით გარკვეულ თანხას ისევ უკან მიიღებს. ექსპერტები მევენახეებსაც აძლევენ რჩევას და ამბობენ, რომ უმჯობესია, მეღვინეებმა მთავრობისაგან სუბსიდირება ყურძნის გადამუშავებაზე მოითხოვონ.
,,სუბსიდირება აზარმაცებს მევენახეებს. ამ სახით არ უნდა გაიცემოდეს სუბსიდია. უნდა შეცვალოს სახელმწიფომ მიდგომა რომ დარგი პოპულარულიც გახდეს და მომგებიანიც”, – განმარტავენ ექსპერტები.
სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2013 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს რთველის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარი გამოიყო. სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 45 თეთრით,1 კგ საფერავზე – 20 თეთრით, 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 2 ლარით განისაზღვრა.
კახეთში ვენახი დაახლოებით 23 000 ჰექტარზეა გაშენებული. 2013-2014 წლებში 5 000 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. საქსტატის ინფორმაციით, ყურძნის ყველაზე მაღალი მოსავალი 2007 და 2014 წელს დაფიქსირდა.