სტატიები

გურჯაანში ფერმერებს მარწყვის რეალიზაცია უჭირთ

ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კილოგრამი მარწყვის ფასი 2–დან 3 ლარამდე მერყეობს, ხილს ვერ ყიდიან. 

,,ადრეული ჯიშის მარწყვის კრეფა დაახლოებით, 2 კვირის წინ დავიწყეთ. მაშინ უფრო იყიდებოდა, ეხლა სხვა ჯიშის მარწყვიც მოიწია და გაყიდვებმაც დაიკლო. 2 დღე საერთოდ ვერ გავყიდე ვერცერთი კილოგრამი მარწყვი. ზოგიერთი სოფლის გზაზე ყიდის თავის პროდუქტს, ზოგი ბაზარში, მე ხან გადამყიდველებს ვატან. მყიდველიც ნაკლებია, ამბობენ, რომ ძვირია, – აცხადებს knews.ge-სთან ნათელა ბოჭორიძე.

ფერმერები ამბობენ, რომ ხილის რეალიზაცისთვის კარგი გამოსავალი რეგიონში ხილის გადამამუშავებელი საწარმოების აშენებაა.

,,განა რამდენი უნდა გავყიდოთ სოფლის გზაზე ჩვენი მოყვანილი მარწყვი ან სხვა ხილი. ყველას არ შეგვიძლია ბაზარში დილიდან საღამომდე ყოფნა, გადამყიდველებს კიდევ ჩალის ფასში უნდათ, რომ ჩვენგან ჩაიბარონ. ვინც ვმუშაობთ და მოსავალი მოგვყვავს, სარგებელი ხომ გვინდა, ოჯახები გვაქვს და თავი ხომ უნდა გავიტანოთ. შეგვიქმნან პირობები და ჩვენ შრომა არ გვეზარება. ყოველ სეზონზე ხილის გაყიდვის პრობლემაა, მარწყვიც მასეა, ატამიც და სხვა კულტურებიც”, – ამბობენ ფერმერები.

გარდა რეალიზაციისა, ფერმერები ხილის დროულად დამწიფებასაც უჩივიან. 

,,წელს ხანგრძლივი წვიმებია და გრილა, მზიანი ამინდებიც სჭირდება, თორემ გადაბმული წვიმა ხილს დაალპობს და არც სიტკბო შეურნარჩუნდება. წვიმების გამო ხილის ხარისხიც არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს, ამიტომ იაფი ღირს და არც იყიდება,” – განაცხადა ბოჭორიძემ.

საპირისპიროს ამბობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ივანე ბასილაშვილი. იგი, knews.ge-სთან განმარტავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა გაიზარდა. მისივე თქმით, ადგილობრივებს ხილის რეალიზაციის პრობლემა არუნდა ქონდეთ.

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტში მარწყვი დაახლოებით 350 ჰექტარზეა გაშენებული. როდესაც ფერმერი აწარმოებს ბაზარზე მოთხოვნად პროდუქციას, რეალიზაციის პრობლემა არ უნდა ქონდეთ”, – განმარტავს ბასილაშვილი.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილი კი განმარტავს, რომ საჭიროა დამატებითი ბაღების გაშენება და ხილის წარმოება ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი საწარმო შენდება. ქარხანა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, რომელიც ყველა ტიპის ხილს მიიღებს. ეს არ იქნება მხოლოდ ხილის მიმღები და საშრობი პუნქტი, არამედ განთავსდება მაცივრებიც. ქარხანაში მოხდება ხილის გადამუშავება და შემდგომში მისი კონცენტრანტად დამუშავება, რომლის რეალიზებაც ჩვენს ბაზარზე მოხდება”, – აღნიშნავს გუბერნატორი.