ირაკლი შიოლაშვილი – უცხოელებზე მიწა არ უნდა გასხვისდეს
მმართველ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. „ქართული ოცნებიდან“ სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი მიიჩნევს, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა უნდა აიკრძალოს, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში მთავრობას უნდა ჰქონდეს მიწის პრივატიზების უფლება. ირაკლი შიოლაშვილი ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირს მიწის შესყიდვა უნდა შეეძლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის განახორციელებს ინვესტიციას.
„უცხოელებზე მიწის მიყიდვა არ უნდა იყოსხელმისაწვდომი. მთავრობას უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური უფლება განსაკუთრებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწა მიჰყიდოს. იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი იყიდის მიწას, ის ვალდებულია მიმდებარე ტერიტორაზე განავითაროს ის სასოფლო სამეურნეო მიმართულება, რაც კონკრეტულ სივრცეს უკავშირდება. ეს პრაქტიკა არსებობს ძალიან ბევრ, მათ შორის დასავლურ ქვეყნებში, სადაც აკრძალულია უცხოელებზე მიწის გაყიდვა. უცხოელებზე მიწა არ უნდა გასხვისდეს“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი არ ეთანხმება სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვის ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანას. ირაკლი კობახიძე მიუთითებს ახალ ნორმაზე, რომლის მიხედვითაც მიწა არის განსაკუთრებული სტატუსის მქონე და ეს საკითხი ორგანული კანონით რეგულირდება.
„მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით კონტიტუციაში არ უნდა იყოს ასახული ტოტალურივ აკრძალვა. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ ეს საკითხი ყველაზე სწორი იურიდიული ფორმით. კონსტიტუციაში წერია, რომ მიწა არის განსაკუთრებული და ეს საკითხი წესრიგდება ორგანული კანონით. შესაბამისად ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საკითხი რაციონალურად გადაწყდეს. უკვე მომზადებულია ორგანული კანონის პროექტი, რომლითაც გამოირიცხება არასწორი ფორმით ქართული მიწის გასხვისების საკითხი და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, სადაც საუბარია პოზიტაურ ინვესტიციაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერისთვის გაუგებარია რატომ არ უნდა იყოს კონსტიტუციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების ამკრძალავი ნორმა. ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ უცხოელებზე მიწის პრივატიზება ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
„კახეთში ძალიანე ბევრი უცხოელი დაუსაბუთებლად ყიდულობს მიწას. ჩვენ გთავაზობდით, რომ კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაწერილიყო, უნდა აიკრძალოს ქართული მიწის მიყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. არ მესმის, რატომ იყო რთული კონსტიტუციაში ასახულიყო ჩვენი სულისკვეთება, რომ ქართული მიწა უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეებს. იმედია, კანონით მაინც დარეგულირდება ის საკითხი, რომ საქართვლოში მიწა იქნება ის რესურსი, რომელსაც არაბები, ინდოელები და ირანელები ვერ მიიტაცებენ. მე არ ვებრძვი არც ერთ ინვესტორს, თუმცა არც ერთი მათგანი არ ახორციელებს რეალურ ინვესტიციას“, – აღნიშნა ინაშვილმა.
უცხოელებზე მიწის უპირობოდ გასხვისებასთან დაკავშირებით ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირმა ფერმერ ქალთა ასოციაციამ და კოალიციამ „ფარი“ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ადრესატი საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტია. არასამთავრობო სექტორის გარკევული ნაწილი სახელმწიფო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე პრივატიზების საფუძველსა და კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს და მის გასხვისებას მიუღებლად მიიჩნევს.
თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი კი ევროპის ქვეყნებში არსებულ კანონმდებლობას მიუთითებს და გარკვეული ფართობის მიწის უცხოელებზე გასხვისებას დასაშვებად მიიჩნევს. ირაკლი სესიაშვილი არ აკონკრეტებს რა ფართობის მიწის პრივატიზება უნდა იყოს შესაძლებელი.
„მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა ჰქონდეს გარკვეული ოდენობის მიწის ყიდვის უფლება. გარკვეული ოდენობის მიწის შესყიდვა და მისი დაკონსერვება უნდა იყოს დარეგულირებული კანონით. ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირისკენ, ამიტომ თანხვედრი უნდა გვქონდეს კანონები, თუმცა ჩვენი ინტერესები უპირატესია. უცხოელებს, როლებიც საქართველოში ცხოვრობენ, უნდა ჰქონდეთ გარკვეული ოდენობის მიწის ყიდვის შესაძლებლობა, თუმცა იყიდონ დიდი ოდენობით და აღარ დაამუშავონ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ზარალის მომტანია“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა.
მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში მიწაზე საკუთრება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და სხვადასხვა ნორმატიული აქტით რეგულირდება. მაგალითად, ირლანდიასა და ჩეხეთში იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა.
ამ საკითხისადმი მსგავსი დამოკიდებულებაა ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, კანადაში, ავსტრალიასა და ჩვენს მეზობელ თურქეთშიც. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის ყიდვა ეკრძალებათ ამერიკის მთელ რიგ შტატებში, კანადის რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროვინციაში და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ირიბი მექანიზმებითაცაა გარანტირებული.
ევროკავშირში, მართალია, მიწაზე საკუთრების უფლებების მოპოვების მხრივ, ბევრი სახელმწიფოს მოქალაქეები გათანაბრებულები არიან, მაგრამ მათთვისაც დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკურად თითქმის შეუძლებელს ხდის მესამე ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიწის შეძენას. ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიწის ყიდვა შეუძლია მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მკაცრ მოთხოვნებს, კერძოდ, სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, შრომით გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას და ა. შ. ბულგარეთში, ლიტვაში, ინდოეთსა და ჩინეთში კი უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ტყეების მიყიდვა აკრძალულია.