ბლოგები

ამბავი ცხვრების გაბანებისა

2010 წლის გარიჟრაჟი იყო. მგონი იანვრის თვის ბოლო. დამირეკეს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, მინისტრს შეხვედრა უნდა მეცხვარეებთან და იქნება თქვენც მობრძანდეთო.

 მაშინ 24 წლისა ვიყავი და ის კი იყო ცხვრის ექსპორტის ბუმი რომ დუღდა. ხოდა მივედი. ბევრი უცხო ადამიანი დამხვდა მაშინ იქ. ფაქტობრივად არავის არ ვიცნობდი. უფრო მეტად თავად გამომენაცნაურენ: მამაჩემს იცნობდნენ და მოიკითხავდნენ ხოლმე.

მერე მივხვდი, შეხვედრა  მინისტრთან ბაკურ კვეზერელთან იყო. ხოდა დაიწყო შეხვედრა და თქვა მაშინ მინისტრმა: გავიგე მეცხვარეებს ასოციაცია შეგიქმნიათ და დაგეხმარებითო. იქ დამსწრე ხალხმა წამოაყენეს ჩემი კანდიდატურა.

ვიუარე,  არა მეთქი, მაგრამ შენაო, იმიტომ რომ უცხო ენა იციო, ახალგაზრდა ხარო და  ჯობია შენ იყოო.  შეხვედრა დასრულდა ისე, რომ მალე კიდე შევიკრიბებოდით, გვქონდა საუბარიც და დავთანხმდი მეც და  შემდეგ შეხვედრაზე უკვე კანდიდატი ვიყავი.

            ჰო და იმ შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვეზერელთან შემიყვანეს და რა ვქნათო, რა გავაკეთოთო,- მკითხეს.  ვუთხარი – ირანი გავხსნათ პირდაპირ, სომხეთიდან რატო უნდა გადიოდეს ჩვენი ცხვარი თქო. (ამ დროს ცხვრის თვითმფრინავით გადაადგილების შესახებ ვიცოდი, მაგრამ არავის გამოცდილება არ ქონდა, ) და  იქვე მეორე საკითხიც დავაყენე: ცხვრის გადასარეკი ტრასები მოვაგვაროთ თქო.

            იმ წელს ირანის გზის გახსნა მოხდა და ნამდვილად მეამაყება რომ ცოტა წვლილი მეც მიმიძღვის. აქვე, მაგ საქმეში დიდი მადლობა კვეზერელს უნდა გადავუხადო, ზურა ბეჟანიშვილს, რომელიც მაშინ სურსათის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და ჩვენს მაშინდელ ელჩს ირანში, გია ჯანჯღავას. ამის შემდეგ როგორ და რამდენად სწორად განვითარდა მოვლენები, მაგაზე აქ არ დავწერ და ვისი რა ბრალი იყო არ გვინდა, ფაქტს ვაფიქსირებ ოდენ 

            რაც შეეხება ცხვრის გადასარეკ ტრასებს, საქმე აქაც ასე დაიწყო აქტიურად. პირველი, რაც გავაკეთე, წავედი გუგუ პაპასთან, (გუგულა ლაფაჩიშვილი) რომელიც რუსთავის ტრასაზე ადრე კომუნისტების დროს არსებული გადასარეკი ტრასის შენობაში დარჩა ყარაულად, ადრე კი ამ ტრასის უფრო იყო, პაპაჩემის ძმაკაცი და მაგარი კაცი. თავის დროზე პრეზიდენტების და პარლამენტის თავჯდომარეების სახელებზე უამრავი წერილები ქონდა დაგზავნილი, ნაწვალი, მინისტრებთან მოძულებული ქონდა თავი: რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მას მერე ტრასის მოწესრიგებას ცდილობდა ეს კაცი!!! და სწორედ მასთან მოვიპოვეთ რუკა, რომელიც შემიძლია გითხრათ, რომ პასტით იყო დახაზული…

დიახ, პასტით (ბურთულიანი კალამით  ), მაგრამ მაგ რუკაზე ყველაზე თვალნათელი ის იყო, თუ  სად იყო ტრასების დასასვენებლები, სად რამდენი ჰექტარი საძოვარი იყო და ეს „დოკუმენტი” იყო ჩვენი ერთ-ერთი არგუმენტი, სადაც ზუსტად ვიცოდით რა ტერიტორიას ვითხოვდით.

რუკაზე 42 ცალი დასასვენებელი მოედანი იყო აღნიშნული, სხვადასხვა ფართობის!

ამის შემდეგ უკვე გუგულა პაპას ქალამნები მე გადავიბარე, რომ ეს ტრასები აღდგენილიყო. საქმეში თუშებიც ჩართნენ, რადგან მე სამუხი-თუშეთის ტრასა არ ვიცოდი.

როგორც შემდეგ გავიგე, საქმის კურსში იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, და მისი დავალებით კეთდებოდა ეს საქმე. მართლაც, პოლიციის უფროსებს უფრო მეტად ვხვდებოდით იმ პერიოდში, ვიდრე სამინისტროს სპეციალისტებს. (!)

 სამინისტროდან ძირითადად ერთი ტკბილი კაცი, ჯიმი ლოლაძე იყო მომაგრებული და დავიარებოდით აღმადაღმა.

            აღმადაღმა სიარულზე უნდა გითხრათ, რომ ორივე ტრასა ფეხდაფეხ გაიარა მაშინდელმა მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ჩვენთან ერთად. ის კი არა, უდაბნოში ვიყავით, მლაშე ტბებიდან დავეშვით და იქ ტალახში მისმა მძღოლმა ცოტა თავშეკავებულობა გამოიჩინა და მინისტრის მანქანა ტალახში ჩაგვირჩა. ვერ ამოვაძრეთ, დავიბარეთ ტრაქტორი, დატოვა მინისტმა მანქანა, გადმოჯდა ჩემ მანქანაში და გავაგრძელეთ გზა მჟავანაძის ხიდამდე. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ. რომ უნდა დაფასდეს ყველა კაი ნაბიჯი და საქმე!

            გავაკეთეთ რუკები, ყველაფერი, მაგრამ რეგისტრაცია მაინც გაგვეწელა.  მერე ბევრი რამე სხვა გაიწელა, კვლევებიც ჩატარდა, მაგრამ რა როგორ გამოვიდა აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ..

უკვე 2017 წლის მაისია და ტრასა რეგისტრირებული დღემდე არ არის.            წლების განმავლობაში „მერსი ქორპსი“ (არასამთავრობო ორგანიზაცია), ქვემოქართლის ორგანიზაციაში ძალიან მაგარი ხალხი მუშაობდა და მუშაობს, ხელმძღვანელი არის უელსელი ქალბატონი, ჰელენ ბრადბერი. ესაა ადამინი, რომელმაც ჩემს რკინის ქალამნებს ამ წლების მანძილზე ლითონის შემოცვდომის საშუალება არ მისცა. ბევრჯერ ხელჩაქნეულზე მიმაბრუნ-მამაბრუნა და ისევ იმ ცეცხლში ჩამდგა ამ ქალამნებით, რომელიც თანა მწვავდა და თან სიამოვნებას მანიჭებდა…

2 წლის უკან, ჰელენმა მოახერხა დიდი საქმის წელში გადაწყვეტა. დაარწმუნა მაშინდელი მინისტრი და შესთავაზა, რომ ჩაიყვანდა ექსპერტს ბიო უსაფრთხოების ეზოების მოსაწყობად და ექვსი საჭირო წერტილიდან  2 ის მოწყობას დააფინანსებდა: მარნეულსა და რუსთავში, ხოლო დანარჩენები სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა.

დღევანდელი მინისტრი, ლევან დავითაშვილი, მაშინ მინისტრის მოადგილე იყო და რუკებიც ერთად გავიარეთ, სად რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო: კაი 2 საათიანი შეხვედრა გვქონდა მგონი და ვასწავლეთ კაცს მგონი ყველა დეტალი იმდენ რამეზე ვკამათობდით იქ დამსწრე ხალხი, მათ შორის მე და ედი (უელსელი მეცხვარე-ექსპერტი).

რა გვაქვს შედეგი?

აი, ნახეთ სურათებზე: 8 მაისს ელიასთან ექსპლუატაციაში ჩაშვებული გასაბანებელი, ლეკაიძეების 1600 სულიანმა ფარამ ისარგებლა პირველად ამ გასაბანებლით. სახელმწიფო ამ ეტაპზე აფინანსებს წამალსაც და გასაბანებელ წყალსაც, სადაც ბანდება ცხვარიც, ძროხაც, ვირიც და ყველაფერი. საკმაოდ მოხერხებული შესაყრელიც არის გაკეთებული, თუმცა, რა თქმა უნდა, შენიშვნებიც ბევრია და ბევრი რამე კიდე გასასწორებელია, მაგრამ იმ დროს ბადრი ცხვარს ყრიდა აბაზანაში.

მთელი ეს წლები თვალწინ მიდგას, ყველა ის პირი ვინც ამაში იღებდა მონაწილეობას და თუნდაც უბრალოდ მძღოლი იყო, თუ მინისტრი. ყველა  ვინც ამ ყველაფერს აფერხებდა, ან ხელს გვიშლიდა თავისი უცოდნრობით, ფულიც აკეთა, ან უნდოდა რომ ფული ეკეთებინა, ან უბრალოდ ვერაგი იყო და აფერხებდა…

 

საქმე ძაღლია! თუ გამოსასვლელია აუცილებლივ გამოვა, უბრალოდ თმენა უნდა და უნდა ითმინო! 7 წელიც, 8 წელიც, ალბათ ათიც, ოციც, სანამ ისეთად არ იქცევა, როგორადაც  გონებაში წარმოგიდგენია.

ახლა უკვე, ვისაც თავისი ცხვრის  გაბანება მოუნდება, უნდა იცოდეს ის ამბები, რაც დავწერე, რადგან ასე ადვილი არ იყო ამ საქმის გამოყვანა, მაგრამ ახლა ძალიან მეიოლება, რადგან შედეგი დევს!

 

 

განასკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ: ჰელენ ბრადბერის, მაია მოსიაშვილს, ნატა სისვაძეს, გიორგი სადუნიშვილს, ბაკურ კვეზერელს, ლევან დავითაშვილს, გუგულა პაპას, მამაჩემს, სოსო მენთეშაშვილს და ლაშა ავალიანს სურსათის უვნებლობიდან!

 

და კიდე ბევრს თანამდებობიანს, ან უთანამდებოს, რომელიც წლების განმავლობაში უძლებდა ჩემს რამდენიმე საათიან ლაპარაკს გადასარეკ ტრასებზე… განსაკუთრებული მადლობა ყველა მედიის საშუალებას, ჟურნალისტებს, რომლებიც სულ ვგრძნობდი რომ მხოლოდ საეთერო დროის ან ფურცლების შესავსებად კი არ მეძახდნენ და ინტერვიუს იღებდნენ, მართლა მგულშემადტკივრობდნენ, თქვენც გაქვთ წვლილი ამ საქმეში შეტანილი მეგობრებო!