სტატიები

უცხოელებზე მიწის გაყიდვა არ აიკრძალება

მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე თელავში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შუალედური მიდგომა აირჩია.
,,მიწის საკითხთან დაკავშირებით იყო მსჯელობა კომისიაში. იყო ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. ერთი ნაწილის აზრით, უცხოელებზე მიწის გაყიდვა სრულად უნდა აკრძალულიყო, მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ საერთოდ არ უნდა ყოფილყო ეს საკითხი დარეგულირებული. ჩვენ ავირჩიეთ შუალედური მიდგომა და დღეს კონსტიტუცია აცხადებს, რომ მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და ეს საკითხები მოწესრიგებული უნდა იყოს ორგანული კანონით. ამ კუთხით სირთულეები, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სრული აკრძალვა უცხოელებზე მიწის გაყიდვისა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. ბუნებრივია, ჩვენ კონსტიტუციით არაკონსტიტუციურ ნორმას ვერ დავადგენდით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ შუალედური გადაწყვეტილება. კონსტიტუციაში ჩნდება ახალი ნორმა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ სათანადოდ მოხდეს ამ საკითხის რეგლამენტაცია უკვე ორგანული კანონით და უფრო მეტიც, უკვე მზადდება შესაბამისი კანონპროექტი, რომლითაც სათანადოდ იქნება მოწესრიგებული ეს საკითხი. დაცული იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ინეტერესები და, მეორე მხრივ, საერთო ეროვნული, სუვერენული ინეტრესები. ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი კონსიტუტუციის ახალი რედაქციითა და იმ კანონით, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მიღებული პარლამენტის მიერ,” – განაცხადა knews.ge-სთან ირაკლიმ კობახიძემ.
კახელი ფერმერების ნაწილი სასოფლო–სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიდგომას მიუღებლად მიიჩნევს. ფერმერების აზრით, იმისთვის რომ სოფლის მეურნეობა გაძლიერდეს და ქართველ ფერმერს სამომავლოდ მიწის პრობლემა არ შეექმნას, სახელმწიფომ ამ კუთხით გამოცემული რეგულაციები და კანონი უნდა შეცვალოს. 
შეგახსენებთ, რომ უცხოელებზე მიწის უპირობოდ გასხვისებასთან დაკავშირებით, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირმა, ფერმერ ქალთა ასოციაციამ და კოალიციამ “ფარი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ადრესატი საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტია.
,,როდესაც არ გვაქვს მიწის კოდექსი და აღურიცხავია მიწის ფონდი, მიწა აღიარებულია როგორც შეუცვლელი, გაუმრავლებელი და ამოწურვადი (შეზღუდული) რესურსი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გონივრულ და სწორ მართვას საჭიროებს – მიწის უცხო ქვეყნის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე უპირობოდ გასხვისება, გაუმართლებელი და მიუღებელია”, – წერია პეტიციაში.