სტატიები

კონსტიტუციაში გენდერული თანასწორობის შესახებ ჩანაწერი შევა

კვოტირებისათვის მხარდაჭერა გამოცხადებული აქვს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. საქართველოს კონსტიტუციაში ძირეული ცვლილებია მოსალოდნელი. ქვეყნის მთავარ კანონს დაემატება ნორმა გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფასა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე, თუმცა კონსტიტუციურ პროექტში არ არის ჩანაწერი საპარლამენტო სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ, რომლის მიხედვითაც პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველი მეორე ქალი იქნება. საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობის შესახებ ჩანაწერი ქალსა და მამაკაცს შორის უთანასწორობას მაქსიმალურად აღმოფხვრის. 
“ძალიან მყარი ნორმატიული შინაარსის მქონე ნორმა დაემატა ქვეყნის კონსტიტუციას. საუბარია იმაზე რომ სახელმწიფო ზრუნავს ქალისა და მამაკაცის არსებით თანასწორობაზე, არსებული უთანასწორობის აღმოფხვრაზე და ამის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს. ეს არის ძალიან მყარი ნორმატიული ჩანაწერი, რაც რეალურად უზრუნველყოფს იმას, რომ იქნება უფრო მეტად უზრონველყოფილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობა არა მარტო კანონის წინაშე, არამედ მატერიალურადაც. ეს არის კვოტირება. ტერმინიც არის შესაბამისი, რაც კვოტირებას უკავშირდება. აქედან გამომდინარე ეს ჩანაწერი ქმნის იმის რეალურ წინაპირობას, რომ გატარდეს კონკრეტული, მათ შორის საკანონმდებლო ზომები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განსამტკიცებლად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. 
საპარლამენტო სავალდებულო გენდერულ კვოტირებას არ ეთანხმება თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი. ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ კანონმდებლობით საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების განსაზღვრა არ არის რაციონალური მიდგომა. 
“მე გენდერული პოლიტიკის მხარდამჭერი ვარ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პოლიტიკასა და არჩევანს და ეს არჩევანი ეკუთვნის ხალხს, აქ ხელოვნურობა არ არის სწორი. უკეთესია ბუნებრივი მიდგომა. შესაძლოა ჩვენ მხარი დავუჭიროთ ქალების ჩართულობას პოლიტიკაში, გავაძლიეროთ ისინი სხვადასხვა ფინანსური და სხვა შესაძლებლობებით, მაგრამ არ უნდა იყოს დაწესებული კვოტა. ასეთი მიდგომით ჩვენ შევეწინააღმდეგებით იმ მთავარ პრინციპს, რომ ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება”, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა. 
 კონსტიტუციაში გენდერული კვოტირების შესახებ ჩანაწერის აუცილებლობაზე საუბრობს მესამე სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის პოლიტიკოსის ყოფნა საკანონმდებლო ორგანოში ქალთა მინიმუმ 25 პროცენტიან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.