ართანული ღვინო – ბერიშვილების საოჯახო მარანში დაყენებული ღვინო 5 ქვეყნის ბაზარზე იყიდება
საოჯახო მარანში ამ ეტაპზე 3 სახეობის ღვინოს – რქაწითელს, საფერავს და მიქსს ამზადებენ. კახა ბერიშვილის განცხადებით, მათ მიერ წარმოებული ღვინო ნატურალურია, რადგან ვენახის მოვლისას სასუქებსა და აგროქიმიკატებს არ მოიხმარს.
პროფესიით მუსიკოსი, კახა ბერიშვილი ამბობს, რომ ღვინოს დაყენების იდეა მას და მის 3 მეგობარს გაუჩნდათ. მათ სოფელ ართანაში სახლი და ვენახი იყიდეს და ღვინოს წარმოება პირადი მოხმარებისთვის დაიწყეს. 2009 წელს კი მეგობრებმა გადაწყვიტეს წარმოებული ღვინოს გაყიდვა, რომელზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
,,მანამდე თბილისში ვმუშაობდი და მქონდა საკუთარი სტუდია, ვიღებდით სარეკლამო რგოლებს, ფილმებს, პროფესიით ვარ მუსიკოსი. მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვიყვარდა ღვინო და გადავწყვიტეთ ჩვენ გვეწარმოებინა. პირველ ეტაპზე მარტო ჩვენთვის ვამზადებდით, მაგრამ მერე გვირჩიეს და ჩვენც გვქონდა სურვილი გაგვეყიდა და ბიზნესი დაგვეწყო. წლების შემდეგ ამ საქმიანობას მხოლოდ მე შემოვრჩი და დაწყებული საქმე მე გავაგრძელე ეტაპზე 2, 5 ჰექტრამდე ვენახი მაქვს, სადაც დაკრეფილი ყურძნით სამი სახეობის ღვინოს რქაწითელს, საფერავს და მიქსს ვაწარმოებთ და მისი გაყიდვის პრობლემა არ გვაქვს,’’-განუცხადა knews.ge-ს კახა ბერიშვილმა.
ბერიშვილი ამბობს, რომ ართანული ღვინო სხვებისგან გემოვნური თვისებებიღ და ხარისხით გამოირჩევა, რადგან ვენახის მოვლის და ღვინის დაყენების პროცესში ნაკლებად ერევა და ყველაფერს ბუნებრივად ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით აკეთებს. კახა ბერიშვილის თქმით, ვენახის მოვლისას ის შხამქიმიკატებს არ მოიხმარს.
,,ჩვენი ღვინო ნატურალური და ბუნებრივია, რადგან ვენახების წამლობას არ ვაწარმოებთ შხამქიმიკატებით, მოვიხმართ მხოლოდ ბიოპრეპარატებს, ე.წ შაბიამანს. ქვევრიდან ამოღებული ღვინოს ჩამოსხმა კი ხდება გაუფილტრავად, ძველი ქართული ტრადიციით. ართანული ღვინო-ეს არის ბუნებრივი ღვინო, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა,’’– განაცხადა ბერიშვილმა.
ბერიშვილების საოჯახო მარანში დაყენებული ღვინო ამ ეტაპზე 5 ქვეყნის ბაზარზე იყიდება. ბერიშვილისვე თქმით, ამ შედეგს წლების განმავლობაში დაუღალავი შრომით მიაღწია. მისი განცხადებით, ართანულ ღვინოზე როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
,,ჩვენ, ღვინოს მცირე რაოდენობას ვაწარმოებთ და ძირითადად სხვა ქვეყნების ბაზარზე გაგვაქვს – იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში და იაპონიაში. საქართველოში იყიდება მცირე რაოდენობით. ყველაზე მეტი რაც გვიწარმოებია წელიწადში 3 000 ბოთლია. საქართველოში ერთი ბოთლი ღვინოს ფასი 30 ლარია. მოთხოვნა იმდენად დიდია ართანულ ღვინოზე, რომ არამარტო ადგილობრივ, არამედ უცხოური ბაზრის მოთხოვნასაც ვერ ვაკმაყოფილებთ’’,– განაცხადა კახა ბერიშვილმა.
კახა ბერიშვილი სამომავლოდ ვენახების, ძველი ქართული ჯიშის ვაზის გაშენებას და წარმოების გაფართოებას გეგმავს.