სტატიები

ახალგაზრდა ფერმერს სოფელ არბოშიკში გარეული ფრინველები ჰყავს

ირაკლი მაჩაბელი საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევის სურვილით თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში, მამის სახლში დაბრუნდა და ფრინველების მოშენება დაიწყო. ფერმერი გაზრდილ ხოხბებს და კაკბებს ძირითადად ინტერნეტის საშუალებით უცხოელებზე ყიდის.
ახალგაზრდა ფერმერმა საქმიანობა 5 წლის წინ რამდენიმე ფრინველით დაიწყო. ირაკლი მაჩაბელი ამბობს, რომ მას რეალიზების პრობლემა არ აქვს, რადგან გარეულ ფრინველებს ყველაზე დაბალ ფასად ჰყიდის.
,,ფრინველების მოვლა ინტერნეტის საშუალებით ვისწავლე, თავიდან რთული იყო, მაგრამ გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანების რჩევა გავითვალისწინე და საქმიანობაც შედარებით გავაფართოვე. ეს საქმიანობა ჩემით დავიწყე, შემდეგ პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ჩავერთე და მოვიგე გრანტი 5 000 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოების გასაფართოვებლად გამოვიყენე”,- განაცხადა ირაკლი მაჩაბელმა.
ახალგაზრდა ფერმერმა საქმიანობა 5 წლის წინ დაიწყო. მისი თქმით, გაზრდილ ფრინველებს იაფად ყიდის, ამიტომ რეალიზების პრობლემა არ აქვს. ირაკლი მაჩაბელის თქმით, ფრინველების დიდი პარტიის საყიდლად ხშირად უცხოეთიდანაც ჩამოდიან.

,,გარეული ფრინველების მოშენება 5 წლის წინ დავიწყე და იმის გამო, რომ მომგებიანი და მოთხოვნადია საქმიანობა, არ შევწყვიტე. ახლა ბევრი ფრინველი არ მყავს, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იყიდება, რადგან საქართველოში ყველზე ნაკლებ ფასად მე ვყიდი. ადგილზეც იყიდება ჩემი გაზრდილი ფრინველები, ასევე სპეციალურად ჩამოდიან უცხოეთიდან და ყიდულობენ. გასულ წელს თურქეთიდან იყვნენ ჩამოსულები, იყიდეს ფრინველები და წაიყვანეს. ასევე ხოხობების და კაკბების დიდი პარტია იყიდეს არაბებმა’’,– განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი მაჩაბელმა.

ფერმერის ინფორმაციით, პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები სანადირო მეურნეობები, კერძო კოლექციონერები, მონადირეები და რესტორნები არიან. მას ამ სოფლის სახლში მოწყობილი აქვს სპეციალური ვოლიერები, სადაც სადედე ფრინველს ამრავლებს. ირაკლი მაჩაბელი სამომავლოდ წარმოების გაზრდას და ფრინველებისთვის ახალი ვოლიერების აშენებას აპირებს. 
,,წელს დაგეგმილი გვაქვს 2 000 ფრთა ხოხობი გავზარდოთ, რადგან მოთხოვნა გაიზარდა. ძირითადად ზრდასრულ ფრინველს ვყიდი, ერთი ხოხობი 25 ლარი ღირს. საკვებს სიმინდს, ხორბალს ადგილობრივებისგან ვყიდულობ. ამ ეტაპზე მაქვს სპეციალურად მოწყობილი ვოლიერები, ცალკე მაქვს გამოყოფილი სადედე ფრინველებისთვის ადგილი, ისინი ახლა იწყებენ კვერცხის დებას,’’–განაცხადა ირაკლი მაჩაბელმა.
მეწარმე სამომავლოდ წარმოების გაზრდას და საკუთარ ეზოში ერთიანი ვოლიერის აწყობას აპირებს.