ახალი ამბები

კახეთში უკანონო იარაღის შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

მათ ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში, რ.ქ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: გლუვლულიანი სანადირო თოფი, ქარხნული წესით დამზადებული კომბინირებული სანადირო თოფი და 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
უწყების ცნობით, პოლიციამ ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში, ა.ო.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. „აბრეზი“, 2 მასრა და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
,,ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება რ.ქ.-ს მიმართ მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს, ხოლო ა.ო.-ს მიმართ – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას ითვალისწინებს”,– განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.