სტატიები

„აფრიკაში დატყვევებულმა ახმეტელმა მფრინავმა ვიდეომიმართვა გაავრცელა“ – უახლესი დეტალები სოსო ოსორაულზე

ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ მეამბოხეები 1 მილიონ დოლარს ითხოვენ. სამხედრო ბლოგერი და ანალიტიკოსი დავით ნემსაძეი კი კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის საკითხზე ახალ დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გავრცელდა სოსო ოსურაულის ვიდეომიმართვა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს, რათა საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ გამოიწვიოს. ნემსაძის მტკიცებით, მან ნახა ვიდეომიმართვა, სადაც, ოსორაული აღნიშნავს, რომ არ აქვს იმედი, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 1 მილიონ დოლარს გადაიხდიან. 
“თადარიგის პოლკოვნიკ იოსებ ოსურაულის ვიდეომიმართვა გადმოაგზავნეს საქართველოში, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლობს ინფორმაციას. გარდა ამისა, არსებობს მისი წერილები, რომელსაც ასევე ფლობს საგარეო უწყება. ვიდეომიმართვას არ ავრცელებენ, რადგან საზოგადოება გულგრილი არ დარჩება იმ კადრების მიმართ, რასაც ნახავს. საგარეო უწყების დუმილი კითხვებს იწვევს. მე ვნახე კადრები. ოსურაული ფშაურ დიალექტზე საუბრობს, მოტეხილად გამოიყურება, მარჯვენა თვალთან იარაც აღენიშნება. ის არის აპოლიტიკური და ესაუბრება მხოლოდ ოჯახის წევრებს. მას არ აქვს იმედი, რომ მის სიცოცხლეში 1 მილიონს გადაიხდის ვინმე. ასევე, ბოდიშს უხდის საკუთარ დედას და ითხოვს ოჯახის წევრებისაგან, რომ მისი შვილები პატრიოტებად აღზარდონ”, – აცხადებს ნემსაძე.
სოფელ ზემო ალვანში კი ამბობენ, რომ ვიდეომიმართვა სოსო ოსორაულმა დაახლოებით სამი კვირის წინ გაავრცელა. ქართველი მფრინავის მეგობრების ინფორმაციით, სოსო თავს კარგად გრძნობს და შესაძლოა ის ახლო მომავალში გაათავისუფლონ. 
“როგორც ვიცით ვიდეომიმართვა სოსომ სამი კვირის წინ გაავრცელა. ეხლა ის კარგად არის. ჩვენ გავიგეთ, რომ ამბოხებულები, რომლებმაც სოსო ტყვედ აიყვანეს, მის გასათავისუფლებლად თანხას დააკლებენ. ისიც შევიტყვეთ, რომ სოსო რუანდაში ჩვეულებრივ გადაადგილდება”, – განუცხადეს Knews.ge–ს ოსორაულის მეგობრებმა. 
საგარეო საქმეთა სამინისტროში კი სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვის გავრცელების საკითხზე კომენტირებას თავს არიდებენ. მიხეილ ჯანელიძის უწყებაში ამბობენ, რომ საკითხის დელიკატურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ქართველი მფრინავის საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებენ. 
„საქართველოს მოქალაქის შესაძლო დატყვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური არხებით ჩაერთო ვითარების გარკვევის პროცესში, რათა დაიცვას საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებები. პრეტორიაში საქართველოს ელჩი პირადად იმყოფებოდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და ადგილზე გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები. იმავდროულად მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით დატყვევებული მოქალაქის ძმასთან და რეგულარულად ვაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას. კონგოს მხარის ინფორმაციით, ხსენებულ საკითხზე გრძელდება გამოძიება კონგოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურების მიერ. საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცით, ეს პიროვნებები არიან ყოფილი სამხედროები და დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ კონგოში“, – განუცხადეს knews.ge–ს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 
ქართველი მფრინავები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 18 წლის წინ გამოჩდნენ. 1999-2000 წლებში, თბილისის საავიაციო ქარხანამ, კინშასას 6 მილიონ დოლარად, 10 ერთეული ავიაგამანადგურებელი SU-25K მიჰყიდა და ქართველი სპეციალისტებიც მიავლინა. იქ მაშინ სულ ახალი დასრულებული იყო კონგოს პირველი ომი (1996-1997), რომელსაც 25 ათასი ადამიანი შეეწირა. 
საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ამჟამად კონგოში დაახლოებით ოცდაათამდე მფრინავია წასული. ისინი ძირითადად ადგილობრივებს ფრენას და საჰაერო ტექნიკის გამოყენებას ასწავლიან, თუმცა ხშირად მისიის შესრულება თავადაც უწევთ. სოსო ოსორაულის შვეულმფრენმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ავარია 27 იანვარს დავალების შესრულების დროს განიცადა. ოსორაული ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, უგანდისა და რუანდის საზღვართან, ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით ჩამოვარდა. ახმეტელი მფრინავი ამბოხებულთა ჯგუფის ადგილმდებარეობის დასადგენად მიდიოდა. ის ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს. 
ერთიანი კონგოელების პარტიის თავმჯდომარე კრისტიან მალანგა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ამბოხებულები რიგ შემთხვევაში მთავრობასთან თანამშრომლობენა, ამიტომ რთული დადგენა ახმეტელი მფრინავის დატყვევებაზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. მალანგა კონგოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პრეზიდენტობის კანდიდატია. 
„რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო რთულია სოსოთვის ტყვეობაში ყოფნა, რადგან, ბუნებრივია, ის არ ჰყავთ კარგ პირობებში. ის არის დაკავებული ჯუნგლებში. ქართველი მფრინავის გასათავისუფლებლად თქვენმა მთავრობამ საერთაშორისო ზეწოლა უნდა განახორციელოს. სოსოთვის ყოველი დღე და წუთი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჩვენ სხვადასხვა გზით ვცდილობთ მოვიპოვოთ მფრინავის შესახებ ინფორმაცია. კონგოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ძალიან რთულია“, – ამბობს მალანგა „იმედის დროსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 
პოლკოვნიკი სოსო ოსორაული 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში, საბრძოლო მოქმედებების დროს, ერთ–ერთი აქტიური მონაწილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, 11 აგვისტოს, ღამის ორ საათზე, ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა. 2010 წელს,სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს, მცირე ხნით, ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდა, თუმცა 2015 წლის მარტში, კვლავ დაწერა პატაკი და ისევ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა. თანამებრძოლების ამბობენ, რომ ოსორაულმა საკუთარი ადგილი ქართულ არმიაში ვეღარ ნახა.

იოსებ ოსორაული(მარცხნივ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს