სტატიები

სოფელ კაკაბეთში კახურ ღვინოს ევროპული ტექნოლოგიით ამზადებენ

ორი წლის წინ ჯიმშელაძემ საკუთარი ბრენდი VELLINO შექმნა და მალევე წარმატებას მიაღწია. ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ ერთი სახეობის ღვინოს, საფერავს აწარმოებს. მიმდინარე წლის გაზაფხულიდან კი VELLINO-ს ბრენდის ქვეშ დამატებით ორი სახეობის ღვინო რქაწითელი და მანავის მწავნეც ჩამოისხმება.
როგორც knews.ge–ს ბექა ჯიმშელაძემ განუცხადა, იმის გამო, რომ კახური ღვინო რთულად დასალევია, გადაწყვიტა ეწარმოებინა ისეთი პროდუქცია, რომელიც ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს მოეწონებოდა. ამ დროისთვის VELLINO-ს საფერავი თბილისის მასშტაბით ღვინის ყველა დიდ მაღაზიაში იყიდება და მისი ფასი 25-დან 30 ლარამდე მერყეობს. ახალგაზრდა მეღვინე ამბობს, რომ VELLINO, რომელსაც აქვს სპეციფიკური გემო, ფერი და სურნელი, დამზადებულია ევროპული ტექნოლოგიით. 
,,კომპანია 2015 წელს შევქმენი, მონაწილეობა მივიღე აწარმოე საქართველოს პროექტში და მოვიპოვე დაფინანსება. 2016 წელს უკვე ჩვენი პროდუქცია ბაზარზე გამოვიტანეთ გასაყიდად. თავიდან ჩვენი წარმოება მცირე იყო და პროექტში მონაწილეობის შემდეგ შევძელით დამატებითი ინვენტარის შემოტანა ჩვენს საწარმოში, ამავე პერიოდშიც მოვიფიქრეთ სახელი და ლოგოც დავამზადეთ. კომპანიას სახელი VELLINO იმიტომ დავარქვი, რომ მინდოდა მომხმარებლისთვის მარტივად დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ჩვენ სოფელში გვაქვს ვენახები, სადაც ვკრეფთ ყურძენს და ვაყენებთ ღვინოს. რაც შეეხება ტექნოლოგიას, გვინდოდა რომ ყოფილიყო სხვებისგან განსხვავებული და, ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა კლასიკური ანუ ევროპული მეთოდით, რომელიც არ არის დაყენებული ქვევრში. VELLINO–ს ღვინო სხვებისგან განსხვავებით არის მაღალი ხარისხის და ნატურალური. 2016 წელს ჩვენი ბრენდის ქვეშ 3000 ბოთლი ღვინო გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლისთვის პროდუქცია სიახლე იყო, რეალიზაციის მაჩვენებელი პირველ წელს ძალიან მაღალი იყო, ამიტომ მასშტაბებს შეძლებისდაგვარად გავზრდით, მაგრამ მაღალი ხარისხს აუცილებლად შევინარჩუნებთ’’, –განუცხადა knews.ge-ს ბექა ჯიმშელაძემ.
ღვინის წარმოების გარდა, ჯიმშელიძე სოფელ კაკაბეთში აგროტურიზმის განვითარებასაც აპირებს. მეღვინე ამბობს, რომ მარტის ბოლოს დაიწყება სადეგუსტაციო სივრცის მოწყობა, ივნისის ბოლოს კი უკვე დაგეგმილია ტურისტების მიღება. ახალგაზრდა მეწარმე რამდენიმე ტურისტულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
,,აქტიურ სამუშაოებს ვიწყებთ რამდენიმე დღეში, დაგეგმილი გვაქვს ტურისტებისთვის და ყველა მსურველისთვის მოვაწყოთ სადეგუსტაციო სივრცე. ყველას შეეძლება, მოვიდეს და ჩვენს მარანში დააგემოვნოს ღვინო. აგროტურიზმის მიმართულებითაც გვინდა აქტიურად დავიწყოთ მუშაობა, ამ ეტაპზე დავით გარეჯის ერთდღიან ტურში ჩაჯდა ჩვენი მარანიც. სამომავლოდ ამ კუთხით მეტ აქტიურობას ვგეგმავთ. ტურისტული კომპანიების დაინტერესება განაპირობა როგორც ღვინის მაღალმა ხარისხმა, ისე ჩვენი მარნის ადგილმდებარეობამ. დედაქალაქთან სიახლოვე მათ ფინანსურ ხარჯებს უმცირებთ და რაც მთავარია, ზოგავს დროს. ასე რომ, ზაფხულიდან კიდევ ერთი ძალიან კარგი მარანი გაჩნდება ღვინის ტურიზმის რუკაზე’’, –აღნიშნა ჯიმშელაძემ.