სტატიები

რა ფაქტორები აფერხებს ატმის რეალიზაციას

PMC კვლევითი ცენტრიმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განახორციელა ატმის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა პროდუქციის წრამოებისა და მარკეტინგის ხელიშემშლელი ფაქტორები, საშიშროებები, შესაძლებლობები, ძლიერი და სუსტი მხარეები. კვლევის ავტორები სოფლის მეურნეობის ამ დარგში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობენ და ატმის მწარმოებლებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევენ. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ ბესარიონ გიოშვილს ატმის ბაღი 30 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ფერმერმა 500 ტონა მოსავალი აიღო, თუმცა 50 ტონა არასტანდარტული ატამი გადაყრა, რადგან პროდუქციის რეალიზაცია ვერ შეძლო. გიოშვილი ერთ–ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევს რეგიონში ატმის გადამამუშავებელი საწარმოს არარსებობას. 
„30 ჰექტარზე მაქვს ატმის ბაღი. ჰექტრაზე 15 ტონა ატმის მოვლა დაახლოებით 5000 ლარი მიჯდება. 50 ტონა ატამი ვერ გავყიდე და იძულებული გავხდი გადამეყარა, რადგან ბაზარში ის ატამი არ გაიყიდებოდა. აუცილებელია ატამი გადაამუშავოს საკონსერვო ქარხანამ“, – განუცხადა knews.ge–ს ბესარიონ გიოშვილმა. 
ატმის გადამუშავების ხელისშემშლელ ფაქტორად საკონსერვო ქარხნის არარსებობის გარდა, ექსპერტები მიუთითებენ სამაცივრე მეურნეობების სიმცირეზეც, რაც გამოვლინდა ატმის ღირებულებითი ჯაჭვის კვლევის დროს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ნიკოლოზ სულხანიშვილი მიიჩნევს, რომ სამაცივრე პირობებში პროდუქციის შენახვის პრობლემა საბოლოოდ მისი სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 
„კვლევის დროს ჩვენ შევარჩიეთ ატმის კულტურა, რადგან მრავალწლიან კულტურებს შორის კახეთის რეგიონში ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. ყურძნისგან განსხვავებით, სამწუხაროდ არ არსებობს ატმის გადამამუშავებელი საწარმო. ატამი მალფუჭებადია, ამიტომ საჭიროა მისი კურკამდე გაყინვა და შემდეგ რეალიზაცია. არ გვაქვს სამაცივრე მეურნეობები. სამაციცრე შენახვის დროს კონტროლდება ტემპერატურა და ტენიანობა, რათა პროდუქტი ხანგრძლივად იყოს შენახული და ამის შემდეგ განხორციელდეს პროდუქტის რეალიზაცია“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის ნიკოლოზ სულხანიშვილმა.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ატმის წარმოებისათვის რეგიონში კარგი კლიმატური პირობები და ნაყოფიერი ნიადაგებია, თუმცა პროდუქციის რეალიზაცია და ექსპორტი დარგის მთავარი პრობლემაა. PMC კვლევითი ცენტრის ექსპერტი, ირაკლი კოჭლამაზაშვილი ატმის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს დარიალის ხეობაში რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვას უკავშირებს, რაც, მისი შეფასებით, აჩერებს ატმის ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზარზე გატანას. კოჭლამაზაშვილი პროდუქციის რეალიზაციის ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევს ატმის კოოპერატივებში ფერმერების გაერთიანებას. 
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაიწყო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა, ჩვენ ვერ ვნახეთ ატმის კოოპერატივი. ჩვენი ერთ–ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ფერმერები გაერთიანებულიყვნენ ატმის შეგროვების, გასაღების, მარკეტინგისა და გადამუშავების მიმართულებით“, – განუცხადა knews.ge–ს ირაკლი კოჭლამაზაშვილმა. 
სპეცილისტები ფერმერებს ურჩევენ ატმის პლანტაციების პროდუქტიულობის ზრდასა და ხარისხის კონტროლს, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ და შეისწავლონ თანამედროვე მიდგომები. ექსპერტები მეწარმეებს მაღალი ღირებულების მქონე ატმის ბაღების გაშენების რეკომენდაციასაც აძლევენ. მათი აზრით, მნიშვნელოვანია ატმის ბაღებში აგროტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 
ექსპერტები, ასევე, ყურადღებას ამახვილებენ ბაზრის დივერსიფიკაციაზე, რათა ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ რუსეთის ბაზარზე, რომელიც ძნელად პროგნოზირებადია და მაღალ მარკეტინგულ რისკებს შეიცავს.