ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი თელავში შეხვედრას გამართავს

პრეზიდენტის განცხადებით, იგი საზოგადოებას გააცნობს საკუთარ ხედვას კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მარგველაშვილისვე თქმით, საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან ახალი კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში გაიმართება.

,,ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნით კამპანიის მიზნებს. გავმართავთ საჯარო შეხვედრებს კონსტიტუციის თაობაზე. ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, ქართველ ხალხს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება არ წაერთვას. კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი რომ ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა გახდეს, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ახალი კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” დღეს გახსნა. გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას კამპანიის მიზნები და სამოქმედო გეგმა გააცნო.

,,დღეს იწყება თანხმობის პროცესი, რომელიც მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომ კონსტიტუციის ხელმომწერი იქნება ქართველი ხალხი და ქართველი საზოგადოება”, – განაცხადა შეხვედრაზე პრეზიდენტმა.

საინფორმაციო შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წევრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

ფოტო: knews.ge