კახეთში წარმოებული ზეთისხილი ბაზარზე მალე გამოჩნდება
,,ზეთისხილის მოსავალი მივიღეთ დეკემბერში, რომლის შემდეგაც პროდუქციის გადამუშავების პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის ხდება ზეთის ფილტრაცია და დაწურვის პროცესი მიმდინარეობს,” – აცხადებს კომპანიის მენეჯერი.
მისივე ინფორმაციით, ზეთისხილის მარინადს 4 თვე სჭირდება, ზეთისხილის ზეთის მიღება კი რთველიდან, ნოემბრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი. კომპანია წელს გეგმავს 40 ტონა ზეთის გამოშვებას, რომელსაც საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. სამომავლოდ, დაგეგმილია, ექსპორტზე გატანაც.
,,შავი ზეთისხილი ნახევარ და 1 ლიტრიან მინის ქილებში გაიყიდება და მინდა ვთქვა, რომ პროდუქციის ფასი იმპორტირებულთან შედარებით დაბალი იქნება.გვაქვს ცოტა პროდუქცია ამ ეტაპზე, თუმცა ხარისხიანი. ვაპირებთ, აპრილიდან ავითვისოთ ჩვენი ბაზარი ქვექნის მასშტაბით“, – განმარტავს ალექსანდრე ჩახნაშვილი.
ამ დროისთვის კომპანიას ზეთისხილის ნერგები 170 ჰექტარზე აქვს გაშენებული. მენეჯერის ინფორმაციით, ,,ჯეოლაივი“ კახეთში 2011 წელს დაარსდა.
,,რამდენიმე წელია ზეთისხილის პლანტაციებს ვაშენებთ. კომპანიას ძირითადი პლანტაციები აქვს სოფელ საქობო-მაშნაარის ტერიტორიასა და დედოფლისწყაროში. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოშივე მდებარეობს რაც შეეხება ზეთისხილის ქარხანაც“, – ამბობს ჩახნაშვილი.
ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო საქართველოში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.
ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა (საათში 10 ტონა) ზეთის ხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის. აქ ნაწარმოები ქართული ზეთის ხილის პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთის, ასევე საექსპორტოდ.