სტატიები

კახეთში წარმოებული ხურმის ჩირის ათობით ტონა ევროპის ბარაზე გავა

ხურმის საინვესტიციო შესაძლებლობების დუკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ დარგის ხელშეწყობისთვის საჭიროაახალი ნერგების წარმოება; სასუქების და მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებების მიწოდება. ხურმის ჩირს ევროკავშირის ბარაზე გასატანად ამზადებს გურჯაანელი იზოლდა ქიტესაშვილიც. ფერმერი ამბობს, რომ ხურმის ჩირზე როგორც ადგილობრივ ბაზარზე ისე ევროპის ქვეყნებში დიდი მოთხოვნაა და პროდუქციის რეალიზაცია მისთვის რთული არ იქნება. ქიტესაშვილი 10 ტონა ხორმის ჩირს გერმანიაში გასაყიდად გაიტანს. 
„ხურმის საშრობი უკვე შევიძინე. მოსავალი საკმაოდ ბევრია. გერმანიაში გავიტანთ პროდუქციას. უკვე ვაწარმოეთ მოლაპარაკება. 10 ტონა ხურმის ჩირი შეგვიკვეთეს. ვიცით, როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები. უპირველეს ყოვლისა პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი და შეფუთული და რაც მთავარია ლაბორატორიულად შემოწმებული. როდესაც ხურმის ჩირი მზად მექნება, პროდუქციას თბილისის აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შევამოწმებინებ“, – აცხადებს გაზეთ „კახეთის ხმასთან“ საუბრისას იზოლდა ქიტესაშვილი.
ველისციხელი ფერმერი მარინა აკოლაშვილი წლებია, რაც ხურმას უკრაინასა და მოლდოვაში ყიდის. მეწარმე ხურმისა და მისი ჩირის ევროპის ბაზარზე გატანასაც გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა დეტალური ინფორმაცია უნდა მოიპოვოს ევროკავშირის ბაზრის სტანდარტების შესახებ. 
ხურმის ჩირი იშვიათი პროდუქტია და საკმაოდ ძვირადღირებულია. ცოტა ხნის წინ საქართველოში შუა აზიიდან იყვნენ ჩამოსულები, ხურმის ჩირის ყიდვა უნდოდათ, ნებისმიერი ფასს გადაიხდიდნენ, მაგრამ საჭირო რაოდენობა ვერ იშოვეს. ვიცი, რომ ხურმის ჩირზე ევროპაში ძალიან დიდი მოთხოვნაა და კარგადაც იყიდება. მთავარია, პროდუქციამ ევროკავშირის ბაზრის სტანდარტები დააკმაყოფილოს. არ ვიცი, სად და რა ფასად შეიძლება გაიყიდოს, რა საბუთები დამჭირდება ევროპის ბაზარზე შესატანად. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მოვიპოვო “, – ამბობს მარინა აკოლაშვილი.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში პაატა წულაიას ჩირის საწარმოს აქვს, სადაც ხურმის ჩირსაც ამზადებს. წულაია გეგმავს, რომ საწარმოში დამზადებულმა ჩირმა ევროპული სერტიფიკატი მოიპოვოს, რის შემდეგაც პროდუქციას ევროპის ბაზარზე გაიტანს. 
„გვინდა, რომ ჩვენი მეურნეობა ევროპული სასერთიფიკაციო ორგანოს მიერ ბიოლოგიურად სუფთა მეურნეობად იქნეს აღიარებული. ეს სერთიფიკატი თუ მოვიპოვეთ, ჩვენს პროდუქციას ევროპაშიც ექნება ღია გზა. მთელ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე“, – აცხადებს პაატა წულაია.
ოფიციალური მონაცემებით, ლაგოდეხის რაიონში ხურმა უკვე 865 ჰექტარზეა გაშენებული, ყვარელში 224 ჰექტარზე. საქართველოში ხურმა აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებშია გავრცელებული. ხურმის ნაყოფის კრეფის პერიოდი ოქტომბერში იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება. მოსავლის უმეტესი ნაწილი შინამეურნეობებში მიიღება. ხოლო კომერციული ბაღები ჯერ კიდევ მცირე რაოდენობითაა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1 ჰექტარ ფართობზე ხურმის გასაშენებლად 8 680 ლარის საწყისი საინვესტიციო კაპიტალია საჭირო, უკუგების პერიოდი მე–7 წელია, ხოლო მე–8 წელს მოგება 12% –ს შეადგენს.
2011 წელს საქართველოში 5 190 ტონა ხურმის მოსავალი მოვიდა; 2012 წელს– 5 266 ტონა; 2013 წელს– 6 781 ტონა; ხოლო 2014 წელს 3 159 ტონა ხურმა მოიკრიფა. საქართველოდან 2012 წელს 2, 795 მილიონი დოლარის ხურმის ექსპორტი განხორციელდა; 2013 წელს ექსპორტი 3,585 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2014 წელს კი 1,916 მილიონი დოლარის ხურმა გავიდა ექსპორტზე. 2014 წლის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი უკრაინა იყო–47%–ით; რუსეთში მთლიანი ექსპორტის 41% მოდიოდა, ყაზახეთი–4%, მოლდოვა–2% და დანარჩენი ქვეყნები– 6%.