თუშები სამკურნალო თვისებებით გამორჩეულ ათობით ტონა მატყლს ყრიან
ისინი მატყლის რეალიზაციის პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას და ხელისუფლებას გასაღების ბაზრის მოძიებაში დახმარებას სთხოვენ. 45 წლის ბესო გატირიძე მეცხვარეობას ბავშვობიდან მისდევს. ის ყოველწლიურად 4 ტონა მატყლს ყრის. მეცხვარე მიუთითებს, რომ ბარში მატყლის ტრანპოსრტირებაში პროდუქციის ღირებულებაზე გაცილებით დიდ თანხას ხარჯავს.
„მატყლი რომ ბარში ჩამოვიტანო, ძალიან ძვირი მიჯდება. 4 ტონა მატყლის ჩამოსატანად სატვირთო მანქანა უნდა დავიქირაო. მანქანა დაახლოებით 1000–1200 ლარს იღებს. 4 ტონას ერთ რეისზე მანქანა ვერ დაუდებს. საჭიროა მინიმუმ ორი რეისი. თუ მატყლს ჩამოვიტან სერიოზულად ვიზარალებ, რადგან რაც რეალიზაციაში დამიჯდება, გაყიდვის მერე მესამედ თანხასაც ვერ ამოვიღებ“, – განუცხადა knews.ge–ს ბესო გატირიძემ.
ილო უშიშაიძეს სოფელ შენაქოში 1200 სული ცხვარი ჰყავს. უშიშაიძე იხსენებს, რომ დღევანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, კომუნისტური მმართველობის პერიოდში ის მატყლს თუშეთში ყიდდა და ბარში მისი ტრანსპორტირება აღარ იყო საჭირო.
„ძალიან იაფია მატყლი. ერთ კილოგრამში 30 თეთრს გვაძლევენ. აზრი არ აქვს ჩამოტანას. ადრე კარგი დრო იყო. მატყლს თუშეთში, სპეციალურ მიმღებ პუნქტში ვაბარებდით. კომუნისტების დროს ერთ კილოგრამი მატყლი 13–14 მანეთი ღირდა და ეხლა ფასი აღარ აქვს“, – ამბობს ილო უშიშაიძე.
მატყლის გადამამუშავებელი საწარმო „თუშეთი“, რომელიც მატყლისგან შალის ძაფს აწარმოებს და სადაც თუში მეცხვარეები მატყლს აბარებდნენ, ამჟამად აღარ ფუნქციონირებს. შპს „თუშეთის“ ხელმძღვანელი დიმიტრი არინდაული საწარმოს საქმიანობის გაჩერებას ნედლეულისა და ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი მატყლის სამრეცხაოს არქონას უკავშირებს.
„მატყლის ძაფის შეძენა ბევრს უნდა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ძაფი არ გვაქვს. აუცილებელია გვქონდეს დიდი მოცულობის თანამედროვე სამრეცხაო, რომლის მოწყობასაც დაახლოებით 190 000 ევრო სჭირდება. საწარმოში კი პატარა სამრეცხაო გვაქვს მეცხვარეები ცხვრის პარსვას სექტემბრის ბოლოში ამთავრებენ. ჩვენ მატყლის გარეცხვისა და გაშრობისათვის მხოლოდ 2 თვე გვაქვს და ამ დროის განმავლობაში ტონობით მატყლის გარეცხვისათვის პატარა სამრეცხაო არ არის საკმარისი“, – განუცხადა knews.ge–ს დიმიტრი არინდაულმა.
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე მატყლის რეალიცაზიის პრობლემებს დაბალ ფასს და საკითხისადმი მთავრობის არასწორი მიდგომას ასახელებს. ბექა გონაშვილი ევრპაში მატრყლის რეალიზაციის პესრპექტივაზეც საუბრობს და მისი გაპარსვის, რეცხვის და დახარისხების პრობლების მოგვარების აუცილებლობაზე მიუთითებს. გასულ წელს მეცხვარეთა ასოციაციამ ავსტრალიიდან მატყლის კლასიფიკატორი ჩამოიყვანა. ის პარსვის პროცესს თუშეთსა და ჯავახეთში დაესწრო და მეცხვარეთა ასოციაციას რეკომენდაციებიც მისცა.
„მატყლი ევროპაში ეხლაც შეიძლება გავყიდოთ. ავსტრალიელი ესქპერტი ჩამოვიყვანეთ და მან საინტერესო რეკომენდაციები მოგვცა. მატყლის სიგრძე საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ცხვარი წელიწადში 2-ჯერ კი არა, მხოლოდ ერთხელ უნდა გაიპარსოს. გაპარსვის შემდეგ აუცილებელია მატყლის დახარისხება. ერთი ცხვრისგან თავისუფლად შეიძლება ოთხი სხვადასხვა ტიპის მატყლი მივიღოთ. აუცილებელია მატყლის გარეცხვის პრობლემაც მოგვარდეს. მდინარეში გარეცხილი მატყლი 4-5 ლარი ღირს. ქარხნულად თუ გაირეცხება, მაშინ ფასიც უფრო მეტი ექნება. თუშური ცხვრის მატყლის ნიმუშები დიდ ბრიტანეთში წაიღეს, მოეწონათ და თქვეს 1 კგ მატყლს 1,5 დოლარად ვიყიდითო, მაგრამ საჭიროა ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. საქართველოში არც ცხვრის და არც მატყლის სტანდარტი არ არსებობს. არ არის განსაზღვრული ის ნიშნები და მახასიათებლები, რაც თუშურ ცხვარს და მისგან მიღებულ მატყლს უნდა ჰქონდეს”, – ამბობს გონაშვილი.
ევროკავშირის ქვეყნებში მატყლის, როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შეტანას, ევროკავშირის დირექტივა N142/2011 და დირექტივა N97/78 არეგულირებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაკა შუბლაძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში გამარტივდა ევროპის ქვეყნებში მატყლის იმპორტის პროცესი, რაც აისახება ევროკავშირის მოთხოვნებში.
“მესამე ქვეყნიდან, მაგალითად საქართველოდან ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლი რომ შეიტანოთ, ამისთვის სტანდარტის არსებობა საჭირო არ არის. იმოპრტისთვის საჭიროა, რომ მატყლის მწარმოებელი/ექსპორტიორი საწარმო, ან ქარხანა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეესტრში იყოს დარეგისტრირებული. ეს არის იმის გარანტია, რომ ცხოველებს (ამ შემთხვევაში ცხვარს), არ აქვს ნიშნები ისეთი დაავადებებისა, რომლებიც გადამდებია ამ პროდუქტიდან ადამიანზე, ან ცხოველზე. არის კიდევ ორი სხვა მოთხოვნა, რომელიც სავალდებულოა მატყლის მწარმოებელი/ექსპორტიორი საწარმოსთვის: 1. მატყლი უნდა იყოს შეფუთული უსაფრთხოდ და მშრალად და 2. გაიგზავნოს პირდაპირ იმ საწარმოში, რომელიც მისგან პროდუქციას ამზადებს, რათა არ მოხდეს პათოგენური აგენტების გავრცელება.
თუ ამ ორი მოთხოვნიდან რომელიმე არ სრულდება – მაგალითად, მატყლი არის შეფუთული ღიად, ან მატყლი არ მიდის პირდაპირ იმ საწარმოში, რომელიც მას გადაამუშავებს, მატყლი ჩაითვლება ჩვეულებრივი ცხოველური წარმოშობის პროდუქტად, რომელმაც შეიძლება მიმღებ ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ამასთანავე, მატყლი უნდა დამუშავდეს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. გარდა ამისა, მიმღები ქვეყნის საბაჟომ, შესაძლოა, აიღოს ნიმუში და მატყლი სიმშრალეზე შეამოწმოს. თუ ეს მოთხოვნები დაცულია, მაშინ მას არ სჭირდება ვეტერინალური ჯანმრთელობის სერტიფიკატის აღება, ან იმპორტიორი ქვეყნების სიაში მოხვედრის ხანგრძლივი პროცედურა”, – აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში მაკა შუბლაძე.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს ცხვრისა და თხის რაოდენობამ საქართველოში 856 ათას სულს მიაღწია. საქართველოში არსებული ცხვრის 80-85 პროცენტი თუშურ ცხვარზე მოდის. თუშური ცხვარი უძველესი ქართული ჯიშია. ის ხალხური სელექციით მე-13, მე-14 საუკუნეებშია ჩამოყალიბებული. თუშური ცხვარს ეხეში მატყლი აქვს და საუკეთესო გემოს ხორცით გამოირჩევა. მისი მატყლი კარგი ნედლეულია ხალიჩებისა და მოთელილი ნაწარმის (ნაბადი, ქუდები და სხვა) დასამზადებლად.