მიწების პრივატიზების საფუძვლის კანონიერებას არასამთავრობო სექტორი ეჭვქვეშ აყენებს
,,ჩვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე ეჭვის ქვეშ დადგა მიწების პრივატიზების საფუძვლის კანონიერება: სამმა ორგანიზაციამ შევქმენით კოალიცია და მიმდინარე წლის 3 თებერვალს განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს და მოვითხოვეთ ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტების კანონიერების შესწავლა, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენს მიწას სჭირდება დაცვა და გადარჩენა, რათა მომავალი თაობა არ დარჩეს მიწის გარეშე. ქართული მიწის დაცვისა და გადარჩენისათვის ბრძოლაში ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შემოგვიერთდეს,’’– განაცხადა ირინე ფხოველიშვილმა.
კოალიციაში მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიდგომა სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით მიუღებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„მიწა არის ჩვენი სულიერი, კულტურული, ისტორიული, პოლიტიკური, ეკოლოგიური და ბოლოს ეკონომიკური ფენომენი. ეს ბევრს ავიწყდება და მიწას მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ობიექტად მიიჩნევს. სოფლის მეურნეობა მიწების გასხვისებით ნამდვილად არ განვითარდება, მას სჭირდება სწორი და გონივრული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე იქნება მორგებული. უცხოელებზე მიწების გასხვისება ადგილობრივ გლეხებს დადებით შედეგს არ მოუტანს, პირიქით, 2010 წლიდან ინტენსიურად ვართ ჩათრეულები მსოფლიოში აღიარებულ „მიწის დატაცების“ პროცესში, რაც გულისხმობს განვითარებად ქვეყნებში მიწის დიდი ფართობების შეძენას. თუ ეს პროცესი დროულად არ შეჩერდება, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმიწაწყლოდ და უშემოსავლოდ დარჩება. თუ ვიღაცას დღეს მიწა არ სჭირდება ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მომავალს, ჩვენი უგუნურობით, უნდა მოვუსპოთ მშობლიური მიწით სარგებლობა,’’– განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.
კოალიციაში არ საუბრობენ, კონკრეტულად რა ფაქტებზე დაყრდნობით უნდა გაუქმდეს მთავრობის გადაწყვიტელებები. მათ უკვე მიმართეს პროკურატურას და საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული დოკუმენტებიც წარადგინეს. კახელი ფერმერების ნაწილი სასოფლო–სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიდგომას მიუღებლად მიიჩნევს. ფერმერების აზრით, იმისთვის რომ სოფლის მეურნეობა გაძლიერდეს და ქართველ ფერმერს სამომავლოდ მიწის პრობლემა არ შეექმნას, სახელმწიფომ ამ კუთხით გამოცემული რეგულაციები და კანონი უნდა შეცვალოს. ირინე ფხოველიშვილი ფიქრობს, რომ არსებული კატასტროფული მდგომარეობისა და დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, უცხოელებზე მიწების გასხვისება ფერმერებს დადებით შედეგს არ მოუტანს. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უცხოელზე მიწის გაყიდვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და ამ მიმართულებით დამატებითი რეგულაციები საჭირო არ არის:
„რაც უფრო მალე გახდება საერთაშორისო ბაზრის ნაწილი ქართული მიწა და მისი წიაღისეული, მით უკეთესი იქნება ქართველი კაცისთვის. მიწის გამოყენების მასშტაბები გაიზრდება. საქართველოში მიწის პოტენციის მცირე ნაწილია გამოყენებული მხოლოდ იმიტომ, რომ გაყიდვა არ შეიძლებოდა. თუ ვინმეს რეალურად აქ მიწის ყიდვა უნდა, საქართველოს მოქალაქეს გაურიგდება და მისი სახელით იყიდის. ეს იქნება კორუფცია და მას მოჰყვება მიწის გაძვირება. ყველა უცხოელ ინვესტორს ქართველი წილში ჩაუჯდება. ძალიან ბევრი არ მოინდომებს იმას, რომ ქართველთან დაიჭიროს საქმე. თუ არ გვინდა, რომ ეს მიწა დაიხნას და დამუშავდეს, მაშინ დავადოთ დიდი ბოქლომი საქართველოს”, – აცხადებს შეშელიძე.