ნუკრიანის კულტურის სახლი – სივრცე ოცნებებისთვის
ანა მარგველაშვილის ბლოგი
2016 წლის 18 დეკემბერს, გვიან საღამოს ჩემმა მეგობარმა, მაია ბიძინაშილმა ტირილით დამირეკა და მითხრა რომ „ჩვენი კულტურის სახლი იწვის“. გული შემეკუმშა და წარმოვიდგინე რა დღეში იქნებოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც წლები შეალიეს ამ შენობის გადარჩენას და ახლა იქ სამუშაო სივრცე ჰქონდათ. იმ საღამოს ნუკრიანის კუტურის სახლის დიდი ნაწილი დაიწვა. ჩამოვარდნა სახურავი, გაიხიზნენ ორგანიზაციები, რომლებიც მანამდე სახლს აცოცხლებდნენ. ჩემთვის ამ დრომდე უცნობია რას აპირებს მუნიციპალური ხელისუფლება, ეცდება თუ არა, ნუკრიანის კულტურის სახლს მიხედოს და არაფრომალური განათლების ამ კერას, ისევ დაუბრუნოს სიცოცხლე.
რამდენიმე თვის წინ „ნუკრიანის სახელოსნოებზე“ ვწერდი:
goo.gl/ROZQ0v
ვწერდი, რა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ პატარა სახელოსნოების გაჩენა, პირველ რიგში იქ დასაქმებული და სასწავლო კურსებ-გავლილი ქალებისათვის, თუმცა არა მარტო. ჩემი დაკვირვებით, ამ სახელოსნოების არსებობამ მთლიანად, სოფელზე იქონია დადებითი გავლენა: განვითარების სულ სხვა და, სხვათა შორის, სრულიად დაუგეგმავი იმპულსები გამოიწვია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ნუკრიანის კულტურის სახლის ნგრევის პირას მისული შენობის – თანდათანობითი გამოცოცხლება და გადარჩენა იყო.
ეს ამბავი კი ასე დაიწყო: 2007 წელს შექმნილი „ნუკრიანის სახელოსნოები“ (რომელსაც სათემო კავშირი ნუკრიანი მართავდა) თანდათან ვითარდებოდა. იზრდებოდა შეკვეთები, ქალები ისევ სწავლობდნენ სხვადასხვა ხელობას (ქსოვა, ქარგვა და ა.შ.) და უკვე სხვებსაც ასწავლიდნენ; იზრდებოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. აქამდე არსებული სამუშაო ფართი საკმარისი აღარ იყო. „სახელოსნოებმა“ დამოუკიდებელი სივრცის ძიება დაიწყო. საუკეთესო ვარიანტი, ყოფილი და ნახევრად ავარიული კულტურის სახლის, ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად საღი ფლიგელი აღმოჩნდა და მუნიციპალიტეტთან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სათემო კავშირმა ერთი-ორი ოთახი აიღო იჯარით, იქვე არსებული სასოფლო ბიბლიოთეკის გვერდით.
კულტურის სახლმა (სოფლის კლუბი) სიცოცხლე 90-იან წლებში შეწყვიტა, მანამდე კი, როგორც სოფლის მცხოვრებები იხსენებენ საკმაოდ მრავალფეროვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებას სთავაზობდა სოფელს. ახლა კი: მოუვლელი, მიგდებული და გაძარცვული – ნგრევის პირას იყო მისული. სწორედ ასეთ შენობაში გადავიდა სამუშაოდ სათემო კავშირი „ნუკრიანი“ და „ნუკრიანის სახელოსნოები“. სათემო კავშირი ნუკრიანის დირექტორის, მაია ბიძინაშვილის დაუღალავი შრომით, ნელ-ნელა შესაძლებელი გახდა ახალი სამუშაო სივრცის კეთილმოწყობისა და დასუფთავებისათვის თანხების მოძიება. მოგვიანებით სათემო კავშირმა სოფლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვისაც მოიპოვა დაფინანსება: ბიბლიოთეკის ბაზაზე სამკითხველო და საჯარო შეხვედრების ოთახი გაკეთდა. მსგავსი საჯარო თავშეყრის სივრცეები სოფლებში ყოველთვის საჭიროა: მცირე სასოფლო კრების თუ რაიმე არაფორმალური განათლების კურსის ჩატარებისათვის. სივრცის გაჩენამ ხელი შეუწყო ახალგაზრდული კულტურული და საგანმანათლებო პროგრამების შექმნას, რომელსაც სათემო კავშირი „ნურკიანი“ სხვა პარტნიორებთან ერთად ახორციელებდა.
განახლებულმა საბიბლიოთეკო სივრცემ, ნუკრიანის სახელოსნოებმა და სათემო კავშირმა „ნუკრიანმა“, გაპარტახებული კულტურის სახლის ერთი მხარე თითქმის მთლიანად შეავსეს და შენობის შემდგომი განადგურებაც შეაჩერეს. დაიწყო მუშაობა, ზოგადად, კულტურის სახლის გაცოცხლებაზე. იყო მსჯელობა: რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს მას დღეს, როგორ შეიძლება მისი შენახვა, სად შეიძლება მისი ეტაპობრივი შეკეთებისა და, რაც მთავარია, გადახურვისათვის ფინანსების მოძიება?
სამწუხაროდ, მაშინდელი მუნიციპალური ხელისუფლება სრულიად გულგრილი აღმოჩნდა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის „კლუბის გადარჩენის“ იდეის მიმართ და ასევე გულგრილად იჩეჩავდნენ მხრებს მუნიციპალიტეტის მოხელეები: რა დროს კულტურის სახლია, მაგის ფული არასოდეს გვექნებაო, და ა.შ. თავი დავანებოთ კულტურის სახლს, როცა შენს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ თემს ასეთი ენთუზიაზმი და სურვილი აქვს სოფლის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალოს, არ მჯერა, რომ მუნიციპალურ ხელისუფლებას სულ ცოტათი მაინც არ შეუძლია დახმარება, თორემ იმის ილუზია, რომ შენობის გარემონტების თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთბაშად გამოყოფდნენ, – არავის ჰქონია.
მიუხედავად ამ გულგრილობისა, სათემო კავშირ „ნუკრიანს“ სხვა მეგობრები ჰყავდა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გულშემატკივარი ადამიანები, ვისაც ესმის სოფლად საინიციატივო, სათემო ჯგუფების და არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების არსებობის მნიშვნელობა, ზოგადად ინიციატივის და ენთუზიაზმის ფასი. სათემო კავშირიც აგრძელებდა მუშაობას კულტურის სახლის სამომავლო კონცეფციაზე, სოფლად ხელმოწერებს აგროვებდა, მის ფუნქციასთან დაკავშირებით მოსახლეობის გამოკითხვებს ატარებდა და სხვ.
ერთ დღეს, „სათემო განვითარების ცენტრმა“, სოფელში ახალგაზრდებთან შესახვედრად, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მიიწვია. შეხვედრა კულტურის სახლის წინ, სკვერში ჩატარდა. გიორგი სოფლის (კულტსახლში არსებული) ბიბლიოთეკით დაინტერესდა, სათემო კავშირი და ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან დააკავშირა. დაიწყო თანამშრომლობა. მერე კი ისე მოხდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც სოფლად და მათ შორის ბიბლიოთეკების ბაზაზე საზოგადოებრივი სერვის-ცენტრების გახსნას გულისხმობდა, – ნუკრიანიც მოხვდა. პროგრამის ფარგლებში, 2015 წელს კულტურის სახლის ერთი დიდი ნაწილი გარემონტდა, ბიბლიოთეკა მთლიანად განახლდა და საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, სადაც მოსახლეობას 200- ზე მეტი სამოქალაქო სერვისის მიღება შეუძლია და ეს სოფლისთვის (მათ შორის მიმდებარე სოფლებისათვის) ძალიან, ძალიან დიდი დახმარებაა. სათემო კავშირი ნუკრიანის, კერძოდ მაია ბიძინაშვილის, მონდომებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მალე კულტურის სახლის წინ არსებული სკვერიც მოწესრიგდა და სკვერი დღეს სოფლის ახალგაზრდების თავშეყრის საყვარელი ადგილია (იმედია ასე იქნება მომავალშიც). სოფლის პატარა ზეიმებიც აქ იმართება ხოლმე.
ნუკრიანის კულტ.სახლის მაგალითმა, პირადად მე იმედი დამიბრუნა. დავიჯერე, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით, შეიძლება ნელა, მაგრამ პატარ-პატარა და ზოგჯერ დიდ შედეგებთანაც შეიძლება მისვლა. ეს შედეგები კი სოფლის მაცხოვრებლებს ცხოვრებას უადვილებს, ადამიანებს გარკვეულ შეღავათს აძლევს და ალბათ ესაა მთავარი ნებისმიერი მსგავსი ინიციატივისათვის.
ყველანი, ვინც ამ პროცესებში ვიყავით ჩართულები, შევხაროდით ნუკრიანის კულტურის სახლს. ვმსჯელობდით კიდე რისი გაკეთება შეიძლებოდა კულტურის სახლში. ან სად გვეშოვა ფული დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციისათვის. კულტურის სახლს და სათემო ცენტრის იდეას ბევრი პარტნიორი და გულშემატკივარი გაუჩნდა. აქ შეგიძლიათ ნახოთ უკანასკნელი გეგმების შესახებ:
http://1tv.ge/ge/videos/category/622/sort/777861.html
2016 წელის 18 დეკემბერს, ამ ნალოლიავებ და წლობით ნაშენებ კულტურის სახლში გაუგებარი მიზეზებით ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი მალე მოედო მთელ სახურავს და რომ არა კახეთის გუბერნატორის ძალისხმევა (რომელმაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან დასახმარებლად გაგზავნა სახანძრო მანქანები), სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახანძრო ამ ხანძარს ვერ ჩააქრობდა. როგორც ერთი ჩემი მეგობარი იმ საღამოს სოციალურ ქსელში ხანძრის ჩაქრობამდე წერდა „ადამიანების იმედი იწვის, სოფლის განათლების ცენტრი იწვის, იუსტიციის ცენტრი იწვის; წლების მანძილზე ნაგროვები და ნაწვალები სახელოსნო იწვის; ნუკრიანის კულტურის სახლი იწვის და ვერაფერს ვაკეთებთ.“
მადლობა ღმერთს არავინ დაშავდა და ცეცხლი ჩააქრეს, მოასწრეს სახელოსნოების ინვენტარის, სათემო ორგანიზაციის დოკუმენტაციის გადარჩენა; გადარჩა სოფლის ბიბლიოთეკა და ახლადგარემონტებული საზოგადოებრივი ცენტრი. დაიწვა შენობის სახურავი, ჩამოიქცა და ჩამოზვავდა, დაზარალდა სახელოსნოების სამუშაო ოთახები და მთლიანად დაიწვა ყოფილი თეატრის დარბაზი (თავის დროზე 400 მაყურებელს იტევდა).
მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ თითქოს პირობა დადო, რომ შენობას მიხედავს და სულ ცოტა ისევ გადახურავს. თუმცა უკვე ერთი თვე გავიდა და ჯერ კონკრეტული არაფერი ისმის.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამდენი შრომის წყალში (ცეცხლში) ჩაყრისა, ნუკრიანის სახელოსნოებისა და კულტურის სახლის განვითარების ისტორია ჩემთვის ის მაგალითია, რომელიც იმედით მავსებს. იმედით მავსებს სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომა, გულშემატკივრობა. სათემო კავშირი ნუკრიანის, ნუკრიანის სახელოსნოების და მეგობარი ორგანიზაციების შემართება და მზადყოფნა ეს რთული გზა თავიდან დაიწყონ და ბოლომდე გაიარონ!
ისევ ჩემი მეგობრის სიტყვებით დავასრულებ: „ნუკრიანის სახელოსნოების მხარდაჭერის აქციაში მონაწილეობით, შეგვიძლია ცეცხლით შეშფოთებული და ჩანაცრული იმედების დაბრუნება.“
ვისაც სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის რეაბილიტაციაში შეგიძლიათ თქვენთვის მისაღები თანხა სათემო კავშირი ნუკრიანის სპეც-ანგარიშზე ჩარიცხოთ:
მიმღების ბანკი: სს,,საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი: BAGAGE22; გაგარინის ქ.29ა. თბილისი,0160, საქართველო.
მიმღების დასახელება: სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE18BG0000000258424200
სათემო კავშირი ნუკრიანი კი გპირდებათ, რომ შემოსული თანხის ყველა თეთრი მიზნობრივად და საჯაროდ დაიხარჯება – კულტურის სახლის რეაბილიტაციისათვის.