ახალი ამბები

გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას თებერვლიდან ვარაუდობენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში გრიპის ვირუსზე მომართვიანობა არ არის მაღალი, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია. მისივე თქმით, ვირუსის პიკი თებერვალშია მოსალოდნელი. იმნაძე გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს.
,,სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა – მოერიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებს. გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.
როგორც ჯანმრთელებმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა; რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით;
დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.