ეთნიკური თემის წარმომადგენლები დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს არ იცნობენ

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს არ იცნობენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მოსახლეობა ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ დეპუტატობის კანდიდატების უმრავლესობა ამ დრომდე სოფელში არ გამოჩენილა. აქ, ძირითადად, შეხვდებით ორი პოლიტიკური ძალის – მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკრულ პლაკატებს.

,,წლებია რაც ჩვენი სოფლის მოსახლეობა პრობლემებზე ვლაპარაკობთ და ვინ არის ჩვენი პატრონი? რატომ უნდა მაინტერესებდეს დეპუტატობის კანდიდატები ან მათი სარჩევნო პროგრამა? არც თვითონ იწუხებენ თავს აქ ჩამოსვლით და არც ჩვენ გვაინტერესებს, დაპირებები წლებია დაპირებებად რჩება“, – განაცხადა  ვაკიფა სულეიმანოვმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ყურადღებას დეპუტატობის კანდიდატების დაპირებებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მათი იმედი აღარ აქვთ. ადგილობრივები განმარტავენ, რომ კანდიდატების უმრავლესობის საარჩევნო პროგრამებს არ იცნობენ.

,,ჩვენთან ძირითადად, აქტიურობს ორი პოლიტიკური პარტიის ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამ დრომდე გადაწყვეტილი არ მაქვს ვის მივცემ ხმას, რადგან ყველას დაპირება დაპირებად რჩება. მართალია, არც საარჩევნო პროგრამებს ვიცნობ ამ დრომდე, მაგრამ არჩევნებზე მაინც წავალ. გვპირდებიან, რომ ბევრ პრობლემას მოაგვარებენ, მაგრამ მე მაინტერესებს პარლამენტში რა ინიციატივას დააყენებენ და პირველ რიგში რას მოაგვარებენ, ამაზე პასუხი არავის აქვს“, – ამბობს ოსმან ალხანაშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს არ იცნობს, ინფორმაცია არ აქვთ საარჩევნო პროგრამის შესახებაც. ადგილობრივების განცხადებით, ისინი წლებია სოფლის ძირითადი პრობლემების მოგვარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

,,დახმარებას რამდენი წელია ვითხოვთ არც მახსოვს. ჩვენ ვახსენდებით არჩევნების წინ და რომ მოდიან მარტო თავის დაპირებებზე გვესაუბრებიან, არავის აინტერესებს ჩვენი პრობლემები. ბუნებრივი აირი გვინდა რომ შემოგვიყვანონ. სოფლის ერთ ნაწილში არის და გვითხრეს თქვენამდეც მოვიყვანთო, მაგრამ არაფერს აკეთებენ. მარტო ჩვენი ხმები უნდათ არჩევნებზე, ისე არავის ვასხოვართ“, – აცხადებს აჟდარ მუსტაფაევი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს ეთნიკურად დასახლებულ თემში კი, მომავალი დეპუტატისგან გასხვისებული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ. სოფელ დუზაგრამას მოსახლეობის ინფორმაციით, იმის გამო, რომ მათ საკუთრებაში არსებული საძოვრები  ირანელებზე წლების წინ გაიყიდა, სოფელში პრობლემები მომრავლდა, რადგან სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მესაქონლეობით ირჩენს თავს.

,,მომავალი დეპუტატისაგან პირველ რიგში, ვითხოვთ, რომ დაგვიბრუნოს გაყიდული საძვრები. ჩვენ მომთაბარე ხალხი ვართ, სახლშიც ვართ და საძოვარზეც. საქონელი სხვა სოფლებში მიგვყვავს საბალახოთ რაც დიდ ხარჯებს უკავშირდება. რამდენინი რამ გვაკლია სოფელში, მოდიან წინასაარჩევნოთ და გვპირდებიან, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება, მაგრამ როგორც კი ჩვენს ხმებს მიითვლიან, თვალით ვერ ნახავთ აქ დეპუტატს. ხმა როგორ უნდა მივცე, პროგრამას არ ვიცნობ და პარტიის წევრებს. ,,სოფელში წყალი არ გვაქვს, გზებიც არ გვივარგა, ხელით მოგვაქვს სახლებში წყალი ბალონებით. არც ნაგვის ბუნკერებები გვაქვს სოფლებში და არც ექიმი გვყვავს. ბევრი პრობლემაა, მაგრამ მივიწყებული ხალხი ვართ, არავის მახსოვართ არჩევნების ჩავლის შემდეგ”, – გნაცხადა ალმით იაგუბოვმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების დონე დაბალია. მოსახლეობის განცხადებით, სოფელში არ ტარდება საინფორმაციო კამპანია არჩევნების შესახებ.

,,ჩვენ სოფელში ოსი ხალხი ქართველებთან ერთად ბევრი წელია ცხოვრობს. ინტეგრაციისა და ენის ცოდნის პრობლემა არ გვაწუხებს. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ნებისმიერ ტიპის არჩევნები, რადგან ჩვენს სოფელში დაპირება არასდროს სრულდება. წლებია გვპირდებიან, რომ დაწყებით სკოლას გაგვიხსნიან, მაგრამ ამაოდ. არაფერი არ ფუნქციონირებს სოფლეში საბავშვო ბაღის გარდა, არც ამბულატორია გვაქვს და არც სასმელად ვარგისი წყალი. გვპირდებიან, რომ ყველაფერს მოგვიგვარებენ, მაგრამ არაფერი იცვლება. სახეზე ვიცნობ დეპუტატობის კანდიდატებს, მაგრამ მათ პროგრამებს ნაკლებად, თითქმის არა. რაც ვიცი, ტელევიზორიდან. ხალხის ხმები რომ უნდათ, საქმეც გაგვიკეთონ და ჩვენთვისაც მოტცია იქნება“, – ამბობს მერაბ თოგოშვილი.

ექსპერტები საარჩევნო საკითხებში აცხადებენ, რომ სოფლებში მნიშვნელოვანია საინფორმაციო–საგანმანათლებლო შეხვედრების მოწყობა და მათთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც არჩევნების პროცედურების შესახებ.

,,მოსახლეობა უნდა ფლობდეს ინფორმაციას საპარლამენტო არჩევნების შესახებ, ვის ირჩევენ და რატომ. უნდა ხდებოდეს მოქალაქეთა ინფორმირებულობის ზრდა და მათი გააქტიურება, რათა მათ შეძლონ გააზრებული, დემოკრატიული არჩევანის გაკეთება და შემდგომ პროცესებში მონაწილეობა“, – განაცხადა პაატა ცნობილაძემ.