სტატიები

სამართლიანმა არჩევნებმა კახეთში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის 20 ფაქტი გამოავლინა

ორგანიზაციის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კახეთში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 1; ზეწოლა მუქარის 3; საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლის 1; ფიზიკური დაპირისპირების 1; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 და არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 1 ფაქტი. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ერთ თვეში ერთ თვეში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3, ზეწოლა-მუქარის 11, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 12, საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 8, ფიზიკური დაპირისპირების 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4, პარტიული ოფისის დაზიანების 2, სააგიტაციო მასალების დაზიანების 37, სიძულვილის ენის გამოყენების 4 და არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 8 ფაქტი. ანგარიში 2 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ორგანიზაციის დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. ორგანიზაცია მიუთითებს პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო შემთხვევებს. “სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, კენჭისყრის დღის თარიღის მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. 
„ზეწოლა და მუქარა ძირითადად ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიმართ ფიქსირდება და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ოპონენტი პარტიების წარმომადგენლები „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებთან სიტყვიერ მუქარაზე, სოციალური დახმარების მოხსნისა და სხვადასხვა ფორმით დაშინებებზე საუბრობენ. 
სავარაუდო ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევასთან დაკავშირებით. იმ საუბნო კომისიაში, სადაც ხელმძღვანელ პოზიციებზე (კომისიის თავმჯდომარე; კომისიის მდივანი) ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრები აირჩიეს, მოგვიანებით, კენჭისყრაში მონაწილე კომისიის წევრებმა კომისიის შემადგენლობა დატოვეს, ხოლო ერთ შემთხვევაში საუბნო კომისიის ოქმი გადაასწორეს და არჩეული მდივნის ნაცვლად სხვა კომისიის წევრი მიუთითეს“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევენბის“ ცნობით, ხშირი იყო კამპანიური ხასიათის ღონისძიებებზე ოპონენტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები. ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ ძირითადად, საწინააღმდეგო განწყობებით ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ და სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლას. 
ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით იმატა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების – პარტიული დროშების, პლაკატების და ბანერების დაზიანების შემთხვევებმა. 
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ასევე, დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მზარდი ტენდენცია. ორგანიზაციის დაკვირვებით, ადმინისტრაციულ რესურსს ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მმართველი პარტიის მხარდასაჭერად იყენებენ.