ვიდეორეპორტაჟი

სოფელ არეშფერანში ჩამოსახლებული ეკომიგრანტები დახმარებას ითხოვენ

მათი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დაპირებების მიუხედავად, სოფელში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა უცვლელია. ადგილობრივები შიდასაუბნო გზების, სასმელი და სარწყავი წყლისა, ბუნებრივი აირის მომარაგებისა და მიწის ნაკვეთების დამუშავების პრობლემებზე ჩივიან.

არეშფერანელი მანანა სუმანიძე აცხადებს, რომ წლების წინ ხელისუფლებამ დროებით მფლობელობაში საცხოვრებელი სახლები და სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ეკომიგრანტებს გადასცა, თუმცა 7 წელია, რაც მათი გასაჭირით არავინ დაინტერესებულა. 
,,აჭარიდან სოფელ არეშფერანში 7 წლის წინ მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად დავსახლდით. ჩვენი საცხოვრებელი სახლი სტიქიამ იმდენად დააზიანა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა. მთავრობამ მოგვცა საცხოვრებელი სახლი და მიწის პატარა ნაკვეთი. უსახსრობის გამო მიწას ვერ ვამუშავებთ. მყავს ერთი შვილი და მეუღლე. ჩვენი მარჩენალი არის ერთი მეწველი ძროხა და ბოსტნეულის მცირე სათბური, სადაც ლობიო და კიტრი მომყავს. როგორც ეკომიგრანტები, არანაირი შეღავათით არ ვსარგებლობთ და არც დახმარება გვაქვს“,–განაცხადა მანანა სურმანიძემ.
გარდა ამისა, ეკომიგრანტებს საცხოვრებელი სახლების დაკანონების პრობლემაც აწუხებთ. 
,,სახლი დღემდე ჩემს მფლობელობაში არ არის. ჩემი შვილიშვილი არის შეზღუდული შესაძლობელობის მქონე და არანაირი დახმარება არ გვაქვს“,– აცხადებს ორხევიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტი მზისადარ გოგიტიძე.
ადგილობრივები დასახლებაში ამბულატორიის არარსებობაზეც საუბრობენ. სოფელში, ასევე, არ არის მდინარეზე გადასასვლელი სამანქანო ხიდი, რაც მოსახლეობის გადაადგილებას უშლის ხელს. 
,,ჩვენი ძირითადი შემოსავალი ბოსტნეულის რეალიზაციია, თუმცა სხვა სოფლების მსგავსად, მიწები ცოტა გვაქვს, ვერც საკმარისი ბოსტნეული მოგვყვავს და არც საქონლის მოვლის საშუალება გვაქვს. სოფელს საძოვრები არ გააჩნია რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის“,– ამბობს სიმონ მამულაიძე.
მოსახლეობას რაიონულ ცენტრამდე გადაადგილების სერიოზული პრობლემა ექმნება, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი სოფელში არ მოძრაობს. 
არეშფერანში აცხადებენ, რომ პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში პროტესტის ნიშნად მომავალ არჩევნებში აღარ მიიღებენ მონაწილეობას. ისინი რეაგირებას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ.

მანანა სურმანიძე, ეკომიგრანტი აჭარიდან

სოფელი არეშფერანი

მზისადარ გოგიტიძე, ეკომიგრანტი ორხევიდან

სიმონ მამულაძე, ეკომიგრანტი აჭარიდან

 

 

სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.