როგორ გადანაწილდა კახეთის მაჟორიტარული ოლქების საზღვრები
სიახლის თანახმად, საარჩევნო ოლქების გაერთიანება მოხდა და არსებული 8 ოლქის ნაცვლად 6 შეიქმნა. გაერთიანდა სიღნაღის და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, ასევე ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ერთი საარჩევნო ოლქი, რომელშიც ჭიკაანის, კუჭატნის, ახალსოფლის, ბაღლოჯიანის, გავაზისა და მთისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შევიდა. უცვლელი დარჩა საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქების საზღვრები.
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები თელავსა და ახმეტაში კი ასე გადანაწილდა. #28 – ახმეტის მუნიციპალიტეტი და თელავის მუნიციპალიტეტის გულგულას, ვარდისუბნის, თეთრიწყლების, იყალთოს, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორეს, ფშაველის, ყარაჯალის და ართანას ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები ჩამოყალიბდა ერთ ოლქად 50619 ამომრჩევლით საიდანაც 50619 ამომრჩევლიდან, 30426 ახმეტის, ხოლო 20193 თელავის ამომრჩეველია.
საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, თელავში შეიქმნა #27–ე ოლქი, რომელიც ქალაქ თელავის, თელავის მუნიციპალიტეტის აკურის, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშენის, შალაურისა და წინანდლის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებს და ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის, შილდის, ენისელის, საბუესა და გრემის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებს აერთიანებს.
„თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიაში გარკვეული უფლებამოსილების ფარგლებში თელავისა და ყვარლის უბნები მთლიანობაში ქმნიან 27–ე მაჟორიტარულ ოლქს, რომლის შემადგენლობაში არის აგრეთვე თელავის და ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია. ამ შემთხვევაში თელავი არის ძირითადი საარჩევნო კომისია და ყვარელი წარმოადგენს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას. ის ასრულებს საარჩევნო კოდექსის 21–ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას“, –განუცხადა knews.ge-ს თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, ოლქების გამსხვილება ე.წ. „ხმის თანაბრობის“ პრინციპის დაცვით მოხდა. შესაბამისად, პარლამენტში მოხვედრის მანდატს ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა განსაზღვრავს და არა მუნიციპალური საზღვრები.
„მოხდა საზღვრების ახლებური დელიმიტაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული საზღვრები განისაზღვრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. შესაბამისად, ამომრჩევლის რაოდენობა და პროპორცია იქნება დაცული. საზღვრების დელიმიტაციის პროცესმა მოგვცა განსხვავებული ტერიტორიული ერთეულები და ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები,“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები მექანიკურად შეიქმნა და ეს ცვლილებები ამომრჩევლებს პრობლემას შეუქმნის. ,,პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისთვის’’ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვანო გალახვარიძეს მიიჩნევს, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლამ და გაერთიანებამ შესაძლოა ამომრჩევლების გაუაზრებელი არჩევანი გამოიწვიოს.
,,მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლა არ უნდა მომხდარიყო. არ იყო აუცილებელი, რომ თელავის, ყვარლის და ახმეტის საარჩევნო ოლქები გაერთიანებულიყო ან მათი დაყოფა მომხდარიყო. ეს პარლამენტმა გადაწყვიტა და ამაში მონაწილეობა ვერ მივიღეთ,’’– განაცხადა ვანო გალახვარიძემ.