ვინ არიან კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატების დარეგისტრირება 8 სექტემბრამდე შეუძლიათ.
“ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩი” ამ დროისთვის კახეთის რეგიონში დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ თელავის ოლქში დაასახელა. დეპუტატობის მანდატისთვის მწერალი ვახტანგ მოსიაშვილია (ტორესა მოსი) იბრძოლებს.
ერთი კანდიდატი ჰყავს დასახელებული “პატრიოტთა ალიანსსაც“. „დავით თარხან-მოურავი – ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსი“ – გაერთიანებული ოპოზიციიდან“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს დეპუტატობის კანდიდატი ნაირა ალავერდაშვილია, რომელიც ამომრჩეველს ირმა ინაშვილმა წარუდგინა.
დეპუტატობის ექვსი კანდიდატიდან ერთი ჰყავს დასახელებული ,,ეროვნული ფორუმსაც”. თელავი-ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა გელაშვილია. გელაშვილი საქართველოში ევროპიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს განათლება ინგლისსა და კანადაში აქვს მიღებული.
,,საინიციატივო ჯგუფიდან” გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ელგუჯა გიორგაძე იყრის. გიორგაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილეა. თელავი–ყვარელის გაერთიანებულ ოლქში კი, საინიციატივო ჯგუფიდან ვასილ კევლიშვილია. როგორც კევლიშვილმა განაცხადა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყურადღებას გაამახვილებს კანონის უზენაესობაზე, ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაზე და სხვა საკითხებზე.
პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი დემოკრატებიდან” ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ კვირიკაშვილი დასახელდა. როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, მას აქვს მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი ტურისტულ და სატრანზიტო ფუნქციას დაიბრუნებს. რაც შეეხება ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქს, პარტიამ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვახტანგ მჭედლიძე დაასახელა. იგი, ამომრჩეველს პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. მისივეშეფასებით, მჭედლიძის სახით ძლიერი კადრი ყავს.
პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახეთის რეგიონის ყველა საარჩევნო ოლქში თელავში წარადგინა. თელავისა და ყვარლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილია, სიღნაღი-დედოფლისწყაროში ირაკლი შიოლაშვილი, ახმეტაში გელა სამხარაული, ლაგოდეხში გურამ მაჭარაშვილი, გურჯაანში დავით სონღულაშვილი, საგარეჯოში კი, რომან მუჩიაშვილი. აღნიშნული კანდიდატები თელავში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
მეორე პარტია, რომელმაც კახეთის ყველა საარჩევნო ოლქში წარადგინა დეპუტატობის კანდიდატები, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.’’ ახმეტა და თელავის ოლქში კენჭს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, შაქრო ტერტერაშვილი იყრის. თელავი–ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი იქნება. ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატად გურჯაანში წელსაც გიორგი ღვინიაშვილი დასახელდა. ის გურჯაანის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია. საგარეჯოს ოლქში კენჭს ყოფილი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყრის, დედოფლისწყარო და სიღნაღის მაჟორიტარი კანდიდატი კი, ლევან ბეჟაშვილია. პარტიამ ლაგოდეხსა და ყვარლის ოლქში კი, გურამ კაკალაშვილი წარადგინა.
რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიას, რეგიონში ამ დროისათვის ერთი დეპუტატობის კანდიდატი ყავთ დასახელებული. დეპუტატობის მანდატისთვის ზვიად ყვირალაშვილი იბრძოლებს. იგი გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა.
საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში დარეგისტრირებული პარტიების უმეტესობას, კახეთში დეპუტატობის კანდიდატები ამ დროისთვის დასახელებული არ ჰყავს.