პამპერსიანი ბატი, სახელად ტასო
ტასო, რომელიც ბატია, პამპერსი აცვია და ძველ თბილისში ცხოვრობს, ნამდვილად არსებობს. საოცრად მოვლილია, და, როგორც ჩანს, მფლობელს ძალიან უყვარს და ყურადღებასაც აქცევს.
ერთი მხრივ, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია, რადგან ფრინველი საკუთარი ფეკალური მასით არ აბინძურებს გარემოს, მფლობელი კი 50 ლარიანი ჯარიმისგან თავისუფლდება, თუმცა, იქნებ სხვა თვალითაც შევხედოთ სიტუაციას:
ალბათ, ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა გვეცხოვრა წყალში და ხმელეთზე გამოსვლის საშუალება არ გვქონოდა. ვფიქრობ, ასევეა პამპერსიანი ბატი ტასოსთვის და ყველა იმ ცხოველისა და ფრინველისთვის, რომელსაც ვართმევთ ბუნებრივ საარსებო გარემოს და ჩვენი ,,ახირების“ გამო ვტანჯავთ. დიახ, ვტანჯავთ. ვფიქრობ, რომ ტასოსთვის ძველ თბილისში, პამპერსთან ერთად ცხოვრება ტანჯვაა. ასევა ტანჯვაა თევზებისთვის ძალიან პატარა აკვარიუმში ცხოვრება, დელფინისთვის პატარა აუზში ყოფნა. ეს დაახლოებით იგივეა, თეთრი დათვი გადმოვასახლოთ უდაბნოში და აქლემი წავიყვანოთ ყინულოვან ქვეყნებში.
ჩემი აზრით, დღეს არც ისე კარგად ვართ მომზადებული გვყავდეს შინაური ცხოველი და მოვუაროთ. დღეს გვიჭირს, იმის გააზრება, რომ თუ გვყავს ძაღლი, ის ჩვენი მონა-მორჩილი კი არა, მეგობარია, რომელსაც ჩვენგან განსხვავებით ოთხი ფეხი აქვს.
ხშირად მინახავს და მსმენია, როგორ სცემენ მფლობელები საკუთარ შინაურ ცხოველებს. თუ ბეზედებათ – ბედის ამარა უშვებენ. ნუთუ ეს ცხოველის მოვლაა? ვფიქრობ რომ არა.
ჩემი აზრი იმის შესახებ, თუ როგორ შევაჩვიოთ ბავშვი მზრუნველობას:
აბრეშუმის ჭია ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან თუთის ფოთლების მოკრეფით, საკვების დამატებით ბავშვი ეჩვევა მზრუნველობას და იმასაც, რომ ადრე თუ გვიან მისი მეგობარი/მეგობრები, რომელსაც ის მფარველობდა წავა და დაემშვიდობება.
ტასო ახლაც ძველ თბილისში ცხოვრებას აგრძელებს და ძველი თბილისი, პამპერსი, გაპარსული ფეხები, დაჭრილი ფრჩხილები და ჯაკუზი ისეთივე არაშესაბამისია, როგორც ჩემთვის კოსმოსში სატურნზე კრუასანის ჭამა.