დედოფლისწყაროში მიწების გადაწვის შესახებ პრევენციული სამოქმედო გეგმა მუშავდება
შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო შირაქში ქარსაფარი ზოლის შენარჩუნებისა და დაცვის, ასევე ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების საკითხებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, ქარსაფარი ზოლების არსებობა მნიშვნელოვნად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.
,,ქარსაფარი მოსავლის 30%-მდე დანაზოგს იძლევა, ამას გარდა, იგი საბინადრო ადგილია იმ ფრინველებისა თუ ცხოველებისთვის, რომლებიც მოსავლისთვის საშიშ, მავნე მღრღნელებზე ნადირობენ”.
დედოფლისწყაროს გამგებლის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ქარსაფარ ზოლებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს მოფრთხილება და დაცვა ესაჭიროება.
,,მუნიციპალიტეტში შექმნილია მრჩეველთა საბჭო, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბიომრავალფიროვნების დაცვისა და სოფლის მეურნეობის პრობლემების შესახებ მუშაობს. ადგილობრივი მოსახლეები ვალდებულნი არიან, იზრუნონ აღნიშნულ პრობლემებზე, რომელიც საყოველთაოა და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ მიწის მესაკუთრის”.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში, შირაქის ველზე, ხანძრის შედეგად განადგურდა, როგორც ძველი, ასევე ახალი ქარსაფარი ზოლების დიდი ნაწილი. დაიწვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაშენებული ნარგავები. ასევე განადგურდა მრავალწლოვანი ხეები, ბუჩქები და საბინადრო გარემო ცხოველებისათვის.
„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის “ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში” გერმანიის მთავრობისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში აღდგენილი იყო 66 კილომეტრამდე ქარსაფარი ზოლი, რომლის თითქმის 90% გასულ წელს ხანძრის შედეგად განადგურდა.