თემის თვითორგანიზება – დავიწყებული გამოცდილება თუ „თავსმოხვეული“ გამოწვევა?
ანა მარგველაშვილის ბლოგი
2005 წლიდან ვმუშაობ სასოფლო განვითარების პროგრამებში. მიმაჩნდა, რომ დღეს სოფლის წინაშე მდგარი მრავალმხრივი პრობლემები, ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო. მიუხედავად ამისა, შეხვედრებიდან ძალიან გულდამძიმებული დავბრუნდი. თითქმის ყველგან ერთი და იგივე აზრი ისმოდა: სოფლის კრების მოწვევა (ყოველ შემთხვევაში იმ რაოდენობით, რაც მას ლეგიტიმურობას მიანიჭებდა) ძალიან ძნელი და თითქმის შეუძლებელია; მოსახლეობა არ გამოდის, არ იღებს მონაწილეობას მსგავს შეკრებებში (მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებამ სწორედ თემის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე უნდა იმსჯელოს და კონკრეტული თემის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი); მოსახლეობას არ ჯერა, რომ მათ რეალურად რამის შეცვლა შეუძლიათ და რომ მათ მართლა ვინმე მოუსმენს. ის მოსაზრებაც მოვისმინე, რომ „ეს ყველაფერი“ (სამოქალაქო ჩართულობა, თვითორგანიზება, სათემო ინიციატივები, თვითმართველობის საჭიროება და ა.შ.) „ჩვენი კულტურის ნაწილი არ არის“.
ადგილობრივი ინიციატივების სიმცირეს, თემის პასიურობას, ადგილობრივი დემოკრატიის სისუსტეს და არასაკმარის სამოქალაქო ჩართულობას სხვადასხვა ახსნა და მიზეზი შეიძლება ქონდეს. თუმცა, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ საქართველოში თემს არასოდეს შეეძლო მობილიზება, რომ არ არსებობდა ადგილობრივი ინიციატივა და ვერ ხერხდებოდა პრობლემის, იდეის გარშემო გაერთიანება, რომ თვითმოქმედება „ჩვენი კულტურის“ ნაწილი არ არის.
ამის დასტურია 2015-2016 მკვლევართა გუნდის მიერ ჩატარებული ისტორიული ანალიზი, რის შედეგადაც გამოიცა პუბლიკაცია „ინიციატივა ცვლილებისათვის, თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: https://goo.gl/EkPTGC
წიგნში შეიცავს 1921 წლამდე საქართველოში არსებული სათემო ინიციატივების კვლევის შედეგებს. აქ შესულია ოცი თემატური, თვითმოქმედების და თანამშრომლობის ისტორიული მაგალითი;
ირკვევა, რომ ლამის 100 და მეტი წლის წინ ცალკეულ მოქალაქეებს, სოფლის მოსახლეობას, საერთო ინტერესების, იდეის გარშემო გაერთიანებაც შეეძლო და თანამშრომლობაც. მათ საკუთარი თემისთვის უკეთესი ცხოვრება უნდოდათ და თავად იბრძოდნენ ამისთვის. ჩვენი ქვეყანა, რთული, მაგრამ დინამიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესში იყო ჩართული. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შედეგად კი, ამ მრავალგვარი სათემო გაერთიანებების, ინტერესთა ჯგუფების მუშაობა ეტაპობრივად შეწყდა. საბჭოთა მმართველობის 70 წელი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ 1921 წლამდე ჩანასახში არსებული ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითორგანიზების გამოცდილება მთლიანად დავიწყებას მისცემოდა. 1991 წელს კი, საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, ხელახლა დადგა დღის წესრიგში ისეთი საკითხები, როგორიცაა: თვთმმართველობის რეფორმა, ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის თემის განვითარება, ინტერესთა ჯგუფების ფორმირება და დამოუკიდებელი მოქმედება. და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სრულიად ახალი და უცხო სინამდვილე იყო. და ჩვენ ხელის ცეცებით დავიწყეთ მოძრაობა და უამრავი საკითხის თავიდან სწავლა.
რამ განაპირობა საუკუნის წინანდელი რთული, მაგრამ დინამიკური, დემოკრატიული განვითარების პროცესების, თვითორგანიზების ტრადიციების წყვეტა? ისტორიული მეხსიერების დაკარგვა?
რა განაპირობებს დღეს (90-იანი წლებიდან მოყოლებული) სათემო განვითარების სამუშაო პროცესებში წარმოქმნილ პრობლემებს? საზოგადოების დაბალ ინტერესს საერთო საქმისა და სივრცის მიმართ? დაბალ ინიციატივასა და თვითორგანიზებას? რა გზა გაიარეს სათემო ჯგუფებმა დღემდე, შეძლეს თუ არა რაიმე პოზიტიური ცვლილებების მიღწევა? ამ საკითხებზე ფიქრი, მსჯელობა და დისკუსია სასოფლო განვითარების პროგრამებში ჩართული ადამიანებისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამის მცდელობა იქნება „კახეთის ხმის“ მიერ წამოწყებული თემატური ბლოგების სერია.