ვიდეორეპორტაჟი

ატმის რეალიზების პრობლემა კახეთში

ისინი მოსავლის დიდ რაოდენობასა და მყიდველის სიმცირეზე ჩივიან. ამბობენ, რომ დაკრეფილი ხილი ულპებათ. ფერმებისვე განცხადებით, მოვაჭრეები მათგან მხოლოდ ნარჩევ პროდუქციას ყიდულობენ.

,,რაც შხამქიმიკატებში დავხარჯეთ, იმასაც ვერ ვანაზღაურებთ, საკონსერვო ქარხანაც არ არის, რომ ხილი ჩავაბაროთ. იძულებულები ვართ, ხევში გადავყაროთ. გარეთ ვართ მთელი დღე და მყიდველიც არ მოდის,’’ განაცხადა  ქუჩო ჭიღლაშვილმა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კილოგრამი ატმის ფასი 20-დან 35 თეთრამდე მერყეობს. მათივე მტკიცებით, სოფელში ახლადგახსნილ საწარმოში ხილს გადარჩევის გარეშე არ იბარებენ.

,,ატმის ერთ ყუთს 5 ლარად ვყიდი ან რა აზრი აქვს მის გაყიდვას?  ვაშლატამა კი არ იყიდება და ლპება. ხილის გადამამუშავებელ პუნქტში პროდუქციას ახარისხებენ და ნახევარზე მეტს უკან გვატანენ. რამდენიმე დღის წინ 1 ტონა ატამი მივიტანეთ და რვა ყუთი უკან გამოგვატანეს,’’– ამბობს  გიული მანიაშვილი.

მოსახლეობის ბრალდებებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მდებარე ხილის ჩამბარებელ პუნქტში უარყოფენ. ,,ქართული ხილის კომპანიაში’’ აცხადებენ, რომ ყველა ხარისხის ხილს შესაბამის ფასად უპრობლემოდ იბარებენ. საწარმოს მენეჯერის, კახაბერ კიტიას ინფორმაციით, ფერმერებს პუნქტში მიტანილი ვაშლატამა 50–დან 60 თეთრამდე, ხოლო ატამი 60–დან 80 თეთრამდე უნაზღაურდებათ. კიტიას განცხადებით, ამ ეტაპზე ხილის რეალიზებას რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში ახდენენ, რის გამოც პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ხილის სიმცირის გამო მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ.

,,მესამე ხარისხის ატამზე ვიხდით 25 თეთრს, პირველი და მეორე ხარისხის ატამსაც შეფერხების გარეშე ვიღებთ. არ ვბრაკავთ ხილს, მაგრამ არ მოდის მოსახლეობა. სეზონის დაწყების დღიდან ერთ–ერთი კომპანიის მანქანა აქ დგას, რომ დაზიანებული ხილი ჩაიბაროს, მაგრამ პროდუქცია არ არის.’’

ფერმერები პრობლემიდან ერთადერთ გამოსავალს აზერბაიჯანისა და რუსეთის ბაზრების გახსნასა და საბაჟო პუნქტებზე რეალიზატორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში ხედავენ. ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოყვანილი ხილის რეალიზებაში დაეხმარებას თხოვენ.

,,ადრე მოდიოდნენ აზერბაიჯანიდან მყიდველები და გაქონდათ ატამი საზღვარზე, ბევრნიც იყვნენ. ახლა ვერ გააქვთ საზღვარზე ხილი, სწორედ ამიტომ არის, რომ აუარებელი ხილია გასაყიდი და ლპება,’’განაცხადა  შოთა მეკოკიშვილმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ატმისა და ვაშლატამის რეალიზების პრობლემა გარკვეულწილად ლარსის ხეობაში მოსულმა სტიქიამ გამოიწვია. მუნიციპალიტეტის გამგებელის, გივი გერგიძეს განცხადებით, ამ ეტაპზე ხილის რეალიზების პრობლემა მოხსნილია. გამგებლისვე თქმით,  თვითმმართველობას ბერკეტი არ გააჩნია და ხილის ფასს ბაზარი განსაზღვრავს.

,,ატამი საზღვარგარეთ გადის, მუშაობს სამაცივრე მეურნეობებიც, შესაბამისად ატმის ფასმა შედარებით მოიმატა. საქართველოში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა და პროდუქციის ფასს ბაზარი განსაზღვრავს,’’–განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 25 ათას ტონა ატმის მოსავალს ელოდებიან.