ბლოგები

წარმტაცი ნუკრიანის სევდიანი ამბავი: რატომ იცლება სოფელი?

28 წლის წინ ჩამოვედი აქ, აპრილის ბოლო იყო.  ეს ის დროა, ნუკრიანში, ჭინჭარი რომ იწყებს გამოღვიძებას და მის მოსვლას დიდ-პატარა  სიხარულით ელოდებოდა(ზამთრისგან გამოფიტული ორგანიზმისთვის ჭინჭარი სწორედაც რომ სულზე მოსწრებაა), რომ ნუკრიანის ,,ზაოდში“ გამოხდილი, უგემრიელესი ზეთით შეზავებული ჭინჭრით და ჭინჭარში მოხარშული პურით  ისიამოვნოს. მე კი გაკვირვებული ვიყავი,  აპრილშიც თუ ჭინჭარს ჭამენ,( წინა მხარში ჭინჭარს თებერვალ-მარტში კრეფენ), საქმე კარგად ვერაა,  ეტყობა მეტი საჭმელი არ აქვთ, მეთქი. იმას კი ვერ  ვაცნობიერებდი, რომ ერთ, ჩვეულებრივ მთის სოფელში მოვხვდი, სადაც ყველაფერი 1-2 თვით  გვიან, ან სულაც არ  შემოდის.

ნუკრიანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელია და ზღვის დონიდან 958-1100 მეტრზე მდებარეობს. სწორედ აქედან იმართება კახეთში მდებარე ყველა სეტყვის საწინააღმდეგო სადგური.  სოფელი ორი დიდი უბნადაა გაყოფილი –  ნუკრიანი და კალოები.  სოფელში 2 სკოლა და 3 საბავშვო ბაღია. მოსახლეობის  რიცხოვნობით არც თუ ისე დიდია, მაგრამ სოფელი 11 კილომეტრზეა გაშლილი.

 მკაცრმა ზამთარმა  და სოფლის სიგრძივმა განაშენიანებამ გამოიწვია სკოლების და საბავშვო ბაღების სიმრავლე, თორე ორ სკოლასა და სამ საბავშვო ბაღში ერთი სკოლის და ერთი ბაღის  ოდენა მოსწავლეები  დადიან. საბჭოთა პერიოდში აქ ორი, საკმაოდ მდიდარი კოლმეურნეობა იყო და ამ კოლმეურნეობების შემოსავლის დიდ ნაწილს მემინდვრეობა, მეცხოველეობა წარმოადგენდა.  მოსახლეობის დიდი ნაწილი კოლმეურნეობებსა და  სხვა ადმინისტრაციულ სამსახურებში იყო დასაქმებული. ქალების უმრავლესობა, კი სიღნაღის სამკერვალოსა  და ხალიჩების საქსოვ  ფაბრიკებში მუშაობდა. სახლში მყოფებისათვის წინდის  და შალების ქსოვა ტრადიციულ ხელობას წარმოადგენდა, რადგან ცხვარი , როგორც სხვა მთის სოფელში, აქაც მრავლად ყავდათ და დიდი ზამთარიც ხომ ზედგამოჭრილია ხელსაქმის ოსტატებისთვის.

2003 წლიდან , მაღალმთიანი  რეგიონების განვითარების შესახებ“ნუკრიანს (08.05.2003. ბრძ.N 2268) კანონით  მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, რადგან კრიტერიუმებს: მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო მიწების სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა და გამწვავებული მიგრაციული პროცესი, სრულად აკმაყოფილებდა ჩვენი სოფელი.

ეს სტატუსი პერიოდულად, სხვადასხვა შეღავათებს აძლევდა სოფლის მცხოვრებლებს: მაგალითად,  პენსიაში ხუთი წლით ადრე გასვლა, საშემოსავლო პრივილეგიები, სკოლის გაზრდილი ვაუჩერი და სხვა, რომლითაც 2015 წლის 19 ოქტომბრის N536 ბრძანების ძალაში შესვლამდე სარგებლობდნენ ნუკრიანელები.

თუმცა მთის განვითარების ეროვნულმა საბჭოს მიერ გასული წლის ოქტომბერში დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით,  მაღალმთიან სტატუსს მხოლოდ 1500 მეტრზე მაღლა მდებარე სოფლებს აძლევს და შემდეგ კრიტერიუმებს განსაზღვრავს:

  1. 1.    დემოგრაფიული კრიტერიუმი, რომლის კრიტიკულობის შესაფასებლადაც 2002-2014 წლების აღწერებს შორის დასახლების მცხოვრებთა რაოდენობის შემცირება საერთო 25%-ს უნდა აღემატებოდეს. საქსტატის მონაცემზე დაყრდნობით, ნუკრიანისთვის ეს ციფრი სავალალოა და ის 34%-ს შეადგენს. არაოფიციალური მონაცემით, საშუალო ნუკრიანელის ასკი კი 43 წელია, რაც ნიშნავს, რომ სოფელი დაბერებულია და დემოგრაფიული მონცემის ზრდა, მარტო მიგრაციის ხარჯზე არ ხდება.

ეს ციფრები, ბევრად დიდი იქნება, თუ მას  სოფელში ფაქტობრივ მცხოვრებლებზე გათვლით გავაკეთებთ და არა  სოფელში ჩაწერილთა სიაზე დაყრდნობით, რადგან ჩაწერა-ამოწერის ინსტიუტის არ ქონა  იძლევა არაზუსტ ციფრებს, რომელიც საარჩევნო სიებში მოქალაქეთა გაზრდილი რაოდენობის საფუძველია. ამის გამოა, რომ ხშირად მოქალაქე  ამის გამო ვერ იხდის თავის მოქალაქეობრივ ვალს.

  1. სასოფლო-სამეურნეო კრიტერიუმით იმ დასახლებების გამორკვევა ხდება, სადაც მთის რელიეფი ართულებს სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობის წარმართვას.

ამ მოთხოვნას თუ მხოლოდ  მინდვრებისა და ვენახების ხარჯზე დავითვლით, შეიძლება ნუკრიანმა ეს კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილოს, რადგან ასე თუ ისე, მინდვრები და ვენახები სოფელს უფრო სწორად კი ერთ უბანს-კალოებს-აქვს.  თანაც ადამიანის  სრულყოფილი კვებისთვის  მარტო ყურძენი და მარცვლეული ვერაფერი საქმეა.

 ნუკრიანში სავეგეტაციო პერიოდი წელიწადში მხოლოდ 90 დღეა.  ხშირია გაზაფხული,  როცა აპრილის ჩათვლით, მაისშიც კი,  აყვავებულ ხეხილზე თოვლი დაუდია და ყინვას  ხეხილი ცარიელ-ტარიელი დაუტოვებია, დათესილი ბოსტნეული კი ხევებში ჩაუტანია. მაისის წაყინვები უკვე შემოსულ ბოსტნეულს არაერთხელ აფუჭებს.

სოფელში ხალხი პომიდორს მოუმწიფებელს კრეფს, რადგან ადრე გადარგვა (აპრილშიც კი) აზიანებს და სექტემბრის თრთვილი მომწიფების საშუალებას აღარ იძლევა. მოსახლეობას კი შემოსავლის სხვა წყარო არა აქვს, რომ ზამთარ-ზაფხულ პროდუქტების ყიდვაზე იზრუნოს.  8-9 თვე ხომ გათბობისათვის საჭირო თანხის მოგროვებაზე ფიქრობენ.

  1. ახლა მესამე ფაქტორი განვიხილოთ:  პერიფერიულობის კრიტერიუმით ხდება იმ დასახლებების განსაზღვრა, რომელთა მოსახლეობისათვის ძირითად საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის მდგომარეობა გაუარესებულია.

 სიღნაღის რეაბილიტაციის შემდეგ და უფრო ადრეც, ქ.სიღნაღიდან წნორში იქნა გადატანილი ის სერვისები, რომელსაც სხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში  ღებულობს ხოლმე. საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: სტაციონარული და სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულებები: საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, სადიაგნოსტიკო ლაბორატორიები, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური აქტივობის ობიექტები (სპეცილიზირებული მაღაზიები, ბაზრობები, ბანკების ფილიალები, აფთიაქები, ვეტსამკურნალოები, აგრომაღაზიები და სხვა.

ნუკრიანელებმა ეს მომსახურება რომ მივიღოთ, მინიმუმ ორი, საავადმყოფოს შემთხვევაში კი, სამი ტრანსპორტი მაინც უნდა გამოვიცვალოთ!

  შაბათ-კვირას კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც მოძრაობს. გზა, რომელიც წნორამდე ჩასასვლელად უნდა გავიაროთ, არც მეტი, არც ნაკლები, უღელტეხილზე გადის და ზამთრის პერიოდში ხომ ძალიან გაძნელებულია მიმოსვლა.

   მაღალმთიანი ზონების შერჩევის კრიტერიუმების ახსნა-განმარტებაში  გარკვევით წერია, რომ  ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი დრო დამოკიდებულია მისასვლელი გზების კატეგორიაზე, მათ ხარისხზე და მაღალმთიანობით გამოწვეულ სირთულეზე. ამ კრიტერიუმის მეშვეობით ხდება იმ დასახლებების შერჩევა, რომლებიც დაშორებულია (ზამთრის პირობებში კი ზოგჯერ მოწყვეტილია) ადმინისტრაციული ცენტრიდან.

 ჩამოთვლილი სამი  კრიტერიუმიდან ორს: დემოგრაფიულობას და პერიფერიულობას სოფელი ნუკრიანი ნამდვილად აკმაყოფილებს,  თუმცა მოსახლეობის გაკვირვებას იწვევს მთის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სოფელს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მოეხსნა. თუ ჩვენ, სოფლის აქტიურმა ადამიანებმა შევძელით გაგვერკვია რომელ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ნუკრიანი და ეკუთვნის თუ არა მას სტატუსის მინიჭება, რატომ ვერ შეძლო მთის საბჭომ ამის დადგენა და რატომ ვერ უნდა ისარგებლონ  ნუკრიანელებმა 3 თვის განმავლობაში  შეღავათებით?

 ამ კითხვაზე პასუხი დღეს, ყველა ნუკრიანელის ინტერესშია. სოფლის  ბირჟაზე, სკოლაში, საბავშვო ბაღებში, ამბულატორიასა თუ სამეზობლოში აქტიურად განიხილავენ ამ საკითხს და პასუხს ქიზიყური სიდინჯით ელოდებიან ნუკრიანელები.

 ამასობაში კი   დაიცალა სოფელი ახალგაზრდებისაგან: უკანასკნელ სამ-ოთხ თვეში ნუკრიანი/საქართველო, სულ მცირე, 15-მა ახალგაზრდამ კიდევ დატოვა და მიგრანტების არმიას შეუერთდა . ეს პროცესი შეუქცევადი გახდა.

 დამატებითი მასალები:

გაეცანით დოკუმენტურ ფილმს ნუკრიანსა და ნუკრიანლებზე: https://www.youtube.com/watch?v=f5paUBGGitA&feature=youtu.be

 სათემო კავშირი ნუკრიანი: nukriani.ge 

ფოტოზე: ნუკრიანი აპრილის დასაწყისში.