თელავში განათლების და დასაქმების გამოფენა გაიმართა
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის პროფესიული არჩევანის გაადვილება და მათი დასაქმება. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მოქმედ დამსაქმებელ ორგანიზაციებს და სამუშაოს მაძიებლებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტის საშუალება მიეცათ. ღონისძიება ბიბერახიჶთელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით უკვე ორი წელია თელავში იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების გადინების“ შეჩერებას, რაც აფერხებს რეგიონის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
,,ამ ღონისძიებით გვინდა, ვაჩვენოთ რეგიონში რა პერსპექტივები არსებობს ახალგაზრდებისათვის. ერთი მხრივ განათლების, მეორეს მხრივ კი, დასაქმების თვალსაზრისით. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ მათ აქვთ კარიერული წინსვლის საშუალებები დასაქმებულებისთვის და დამსაქმებლებისთვისაც რადგან მათაც აქვთ პრობლემა კვალიფიციური კადრის პოვნის. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება პირველრიგში ის, რომ მოსწავლეებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაცია მოხდება, რაც მათ დაეხმარებათ იმის გაგებაში რა ტიპის განათლება სჭირდებათ მათ. ეს იქნება ბაკალავრიატი, მცირე ხნიანი გადასამზადებელი კურსი თუ სხვა, რომლის შემდეგაც დაიწყებენ პრაქტიკულ სამუშაოს და ბოლოს უკვე ამ გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყვეტენ რას გააკეთებენ და სად უკეთესად იგრძნობენ თავს’’, – განაცხადა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენელმა დანიელ ბირკენმაიერმა.
განათლების და დასაქმების გამოფენას განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, ღონისძიება სრულად ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ პრიორიტეტებს და მესიჯებს, რაც განათლების მნიშვნელობის ხაზგასმას და განათლებისა და დასაქმების თემების მჭიდრო ურთიერთკავშირს გულისხმობს.
,,ბევრი რამ კეთდება სახელმწიფოში იმისათვის, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ მიიღონ ხარისხიანი განათლება და სწორედ განათლებისა და ცოდნის გზით დაიმკვიდრონ ადგილი შრომის ბაზარზე. ასევე დასაქმდნენ და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება რათა ჰქონდეთ ღირსეული მომავალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არამხოლოდ ინდივიდებისათვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგანაც პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრი, რეალურად უკეთესი ხარისხის სამუშაოებს აწარმოებს რაც ძალიან მნიშვნელოვანია’’, – განუცხადა ,,კახეთის ხმას’’ ქეთევან ნატრიაშვილმა.
,,ახალგაზრდებს აქვთ საშუალება მიიღონ ინფორმაცია, დასაქმდნენ. ეს გამოფენა ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებას რამდენად მნიშვნელოვანია განათლების მიღება იმისთვის, რომ შემდგომ ისინი წარმატებულად დასაქმდნენ. ასეთი ღონისძიებები არ იქნება ერთჯერადი და წლის განმავლობაში არის დაგეგმილი რამდენიმე ასეთი შეხვედრის ჩატარება. ,,კახეთის განვითარების ფონდიც გეგმავს მსგავსი პროექტის განხორციელებას,’’ – განაცხადა ,,კახეთის ხმასთან’’ საუბრისას კახეთის გუბერნატორმაირაკლი შიოლაშვილმა.
მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას ბიბერახი – თელავის პარტნიორობის კომიტეტი ახორციელებს. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალაქთა ქსელის’’ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმანიის განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტრო. შეგახსენებთ, რომ გამოფენა ,,მომავალი შენია” კახეთში უკვე მეორედ ტარდება. გასულ წელს ღონისძიებას 5000-მდე ახალგაზრდა დაესწრო.