ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობის 72% მიიჩნევს, რომ EU-ში გაწევრიანება სასარგებლო იქნებოდა – ევრობარომეტრი

საქართველოს მოსახლეობის 72% მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნისათვის სასარგებლო იქნებოდა – ამის შესახებ ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ “ევრობარომეტრის” კვლევის ანგარიშშია საუბარი.

კვლევის ფარგლებში საქართველოდან 1002 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს სახით, ეროვნულ ენაზე. კვლევის საველე სამუშაოები 2025 წლის 10 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა.

გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყანას სარგებელს მოუტანდა. 17% კი ფიქრობს, რომ გაერთიანებაში შესვლა სასარგებლო არ იქნებოდა.

შესაბამისად, იმ ადამიანთა პროცენტული წილი, ვინც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ქვეყნისათვის სასარგებლოდ მიიჩნევს, 2024 წლის შემოდგომიდან დღემდე, 10 პროცენტული პუნქტით, 82%-დან 72%-მდე შემცირდა. კლება დაფიქსირდა 2025 წლის გაზაფხულთან შედარებითაც, როცა ევროკავშირში გაწევრიანებას სასარგებლო მოვლენად მიიჩნევდა გამოკითხულთა 75%.

“ევრობარომეტრის” მიხედვით, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, საბოლოო ჯამში, “კარგი” იქნებოდა. 32%-ს მიაჩნია, რომ “არც კარგი იქნებოდა და არც ცუდი”, ხოლო 8%-სთვის ეს “ცუდი” იქნებოდა.

გამოკითხულთა 62% აცხადებს, რომ ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით “პოზიტიური მოლოდინები” აქვთ, მათ 25%-ს კი – ნეგატიური.

ამასთან, გაზაფხულის შემდეგ, 36%-დან 42%-მდე გაიზარდა იმ ადამიანთა წილიც, ვინც მიიჩნევს, რომ ევროკავშირს, საბოლოო ჯამში, პოზიტიური იმიჯი აქვს.

“ევრობარომეტრით” დათვლილია გამოკითხულთა დამოკიდებულება ევროპული და ეროვნული ინსტიტუციების მიმართაც.

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 46% ნდობას უცხადებს ევროკავშირს. ამასთან, მათი 48% ნდობას უცხადებს ადგილობრივ პარლამენტს, 54% კი – მთავრობას.