ევროკავშირში შესვლაზე კონტროლი გამკაცრდება – რას ითვალისწინებს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის პირველი სტრატეგია
ევროკომისიამ ევროკავშირის ისტორიაში სავიზო პოლიტიკის პირველი სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც შენგენის ზონაში შესვლის წესებს ცვლის. დოკუმენტს 34travel ავრცელებს.
ევროკომისიის შეფასებით, ეს დოკუმენტი სავიზო სისტემის მეტ მოქნილობას ისახავს მიზნად, რომ ტურიზმის ზრდაზე, გლობალურ არასტაბილურობასა და გეოპოლიტიკურ რისკებზე უფრო სწრაფად რეაგირებდეს.
დოკუმენტი ევროკავშირში შესვლაზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, წელს უვიზო რეჟიმის განახლება იგეგმება, რომ უფრო ყურადღებით შეფასდეს, თუ ვის შეუძლია მისი გამოყენება. ასევე, უვიზო წვდომის ქვეყნებზე ამ რეჟიმის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად კონტროლი გაძლიერდება.
სავიზო შეზღუდვები ქვეყნებზე გავლენის ინსტრუმენტი გახდება, რომლებიც უსაფრთხოებისა და მიგრანტების დაბრუნების საკითხებში ევროკავშირთან არ თანამშრომლობენ. საჭიროების შემთხვევაში, ვიზების გაცემა შესაძლოა, შეიზღუდოს ან შეჩერდეს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთა ქმედებები ევროკავშირის უსაფრთხოებას რისკს უქმნის.
დოკუმენტების უსაფრთხოება გაძლიერდება, ხოლო მათი და ვიზების გაყალბებისთვის სასჯელი გამკაცრდება.
ამასთან, მოსალოდნელია ევროკავშირში მოგზაურობისა და მუშაობის გამარტივება, ხოლო დოკუმენტების ონლაინ-წარდგენის ციფრული პროცედურა დაინერგება.
წელს, ასევე, სრულად ამოქმედდება სისტემა, ETIAS, რომელიც გამგზავრებამდე უვიზო ტურისტების შემოწმებას ითვალისწინებს.
მოგზაურობის დადებითი ისტორიის მქონე პირებზე მრავალჯერადი ვიზები უფრო ხშირად და ხანგრძლივი პერიოდით გაიცემა.
უცხოელებისთვის და დამსაქმებლებისთვის ვიზებთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონსულტაციო ოფისები გაიხსნება.
ციფრული სისტემების თავსებადობა გაუმჯობესდება. კერძოდ, 2028 წლისთვის ევროკავშირის მონაცემთა ყველა ბაზა ინტეგრირებული გახდება, რაც სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად გადაამოწმონ ინფორმაცია და უსაფრთხოება ლეგალური მოგზაურობის გართულების გარეშე გაზარდონ.
სტრატეგიაში, ასევე, ხაზგასმულია ევროკავშირის გეგმები მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, სტუდენტების, მეცნიერებისა და სტარტაპების პირობების გასაუმჯობესებლად, რაც სწავლიდან სამუშაოზე ან საკუთარ ბიზნესზე მარტივ გადასვლასაც ითვალისწინებს. ამასთან, ქვეყნებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებს შორის კოორდინაცია გაუმჯობესდება, ხოლო ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას შორის საცხოვრებლად გადასვლა და დასაქმება გამარტივდება.

