ახალი ამბები

კახეთის ა(ა)იპ-ებში სახელფასო ფონდი 4 430 000 ლარით გაიზარდა

ორგანიზაციამ 2014 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 15 იანვრის ცათვლით დასაქმებულთა რაოდენობასა და თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც knews.ge-ს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ განუცხადეს, რეგიონში ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობამ მოიმატა 895 საშტატო ერთეულით, რამაც 369 ათასი ლარით, წლიურად კი საშუალოდ 4 430 000 ლარით, სახელფასო ხარჯის ზრდა გამოიწვია. 2014 წლის 1 მაისის მონაცემებით, კახეთის მუნიციპალიტეტებში 91 ა(ა)იპ ფუნქციონირებდა, ხოლო 2016 წლის იანვრის მდგომარეობით, მათი რაოდენობა ოთხმოცდაცამეტს უტოლდება. ა(ა)იპებ-ში დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირებულა არცერთ მუნიციპალიტეტში;
„ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 5 164 საშტატო ერთეულიდან 6 059 საშტატო ერთეულამდე – მთლიანობაში 895 ერთეულით გაიზარდა;
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თელავის ამჟამად ლიკვიდირებულ მუნიციპალიტეტში სულ 17 ა(ა)იპი ფუნქციონირებდა. რეფორმის შემდგომ კი, ორი ახალი თვითმმმართველი ერთეულის ჩამოყალიბების შედეგად, თელავის თემისა და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების რაოდენობა 21-მდე, დასაქმებულთა რაოდენობა კი, 273 საშტატო ერთეულით, ხოლო ყოველთვიური სახელფასო ხარჯი ორივე მუნიციპალიტეტში მთლიანობაში 118 ათასი ლარით გაიზარდა. თელავის გარდა, 2014 წლის არჩევნების შემდგომ 2 ახალი ა(ა)იპ დაფუძნდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში – “სიღნაღის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლა” და “სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანება”. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების: “კულტურის ცენტრი”, “საბიბლიოთეკო გაერთიანება” და “ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის” რეორგრანიზაცის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი ა(ა)იპ “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი”, შესაბამისად, ა(ა)იპების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა. 2 ერთეულით შემცირდა ა(ა)იპების რაოდენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც“, – განუცხადეს knews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაციაში. 
კახეთის მუნიციპალიტეტის 93 არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ შორის 18 სპორტის სხვადასხვა სახეობაში მუშაობს, 27 ა(ა)იპ კი კულტურის სფეროში.
„საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტებმა უნდა განსაზღვრონ, თუ რა სახის იურიდიული პირების არსებობაა საჭირო თვითმმართველობის გამართული საქმიანობისათვის. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში, მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიასა და მოქალაქეთა პირველადი საჭიროებების, კომუნალური თუ ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.
„საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად რჩება. თუმცა, არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს“, – განაცხადეს „საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველოში“.